შინაარსზე გადასვლა

ლამუ (კუნძული)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამუ
მშობ. სახელი: ინგლ. Lamu Island

ქალაქი ლამუ
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 02°17′00″ ს. გ. 40°52′00″ ა. გ. / 2.28333° ს. გ. 40.86667° ა. გ. / -2.28333; 40.86667
ფართობი 57 კმ²
სიგრძე 12,2 კმ
სიგანე 5,7 კმ
უმაღლესი წერტილი 60 მ
კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო პროვინცია

ლამუ (ინგლ. Lamu Island) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ლამუს არქიპელაგის ჯგუფში. შედის კენიის შემადგენლობაში. ფართობი — 57 კმ².

კუნძული ლამუ მდებარეობს ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილში, კენიის ნაპირებიდან გამოყოფილია ვიწრო სრუტით (სიგანე დაახლოებით 500 მეტრი). სიგრძე — 12,2 კმ. სიგანე — 5,7 კმ-მდე.

კუნძულს აქვს მატერიკული წარმოშობა, მაგრამ სანაპიროების წარმოშობაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ მარჯნები. სანაპირო ზოლის ნაწილი გარშემორტყმულია მარჯნის რიფებით. კუნძულის სამხრეთით აღმართულია ქვიშის დიუნები, რომლებმაც დაიცვეს კუნძული 2004 წლის 26 დეკემბრის ცუნამის დროს.

კლიმატი ეკვატორიალური მშრალია. წლის საშუალო ნალექების რაოდენობა არ აჭარბებს 500 მმ-ს წელიწადში. მტკნარ წყალს მოიპოვებენ ჭებში და აგროვებენ წვიმის წყლებისგან.

პორტი კუნძულ ლამუზე დაარსდა არაბი ვაჭრების მიერ, სავარაუდოდ XIV საუკუნეში, როდესაც იქ მეჩეთი აშენდა. კუნძული მონების ვაჭრობის ხარჯზე განვითარდა. XIX საუკუნეში კუნძულ პატეზე გამარჯვების შემდეგ ის უფრო გაფართოვდა და გაძლიერდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანელებმა 1873 წელს აკრძალეს მონებით ვაჭრობა, მისი სიძლიერეც დაეცა. 1890 წელს კუნძული გახდა ზანზიბარის სასულთნოს ნაწილი, ხოლო 1890 წელს შევიდა ბრიტანეთის პროტექტორატის ქვეშ. 1963 წელს კუნძული შევიდა დამოუკიდებელი კენიის შემადგენლობაში.

კენიამ, სამხრეთ სუდანმა და ეთიოპიამ წამოიწყეს სკანდალური LAPSSET-ის პროექტის შემუშავება კუნძულ ლამუს რაიონში პორტის, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის და რკინიგზის ხაზის მშენებლობის შესახებ,[1].

ტურიზმმა განვითარება დაიწყო 1970-იანი წლებიდან, ძირითადად XVIII საუკუნის სუაჰილის არქიტექტურით და ტრადიციული კულტურით დაინტერესების გამო.

კუნძულიდან მატერიკზე მოხვედრა შესაძლებელია ნავებით, ხოლო კუნძულ მანდაზე თვითმფრინავით, სადაც ფუნქციონირებს აეროპორტი. კუნძულზე არ არის ავტოგზები, იქ მხოლოდ ვიწრო ფეხით მოსიარულეთა შარაგზებია, ამიტომ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა საკმაოდ მცირეა. მოსახლეობა გადაადგილდება ფეხით ან ნავებით, ხოლო ვირები გამოიყენება ტვირთების და სხვადასხვა პროდუქტის გადასაზიდად.

კუნძულზე ქალაქ ლამუს გარდა არსებობს სამი სოფელი: შელა, მატონდონი და კიპუნგანი.

კუნძულის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს ქალაქ ლამუში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უფრო კარგად შენახული სუაჰილის ხალხის დასახლებაა აღმოსავლეთ აფრიკაში. აშენებულია მარჯნის ქვებით და მანგროს ტყის ხის მასალით, ქალაქი ხასიათდება კონსტრუქციული ფორმების უბრალოებით, გალამაზებული შიდა ეზოებით, ვერანდებით და ხის მოჩუქურთმებული კარებებით. ქალაქში XIX საუკუნიდან ტარდება დიდი მუსულმანური რელიგიური დღესასწაულები და არის ისლამის და სუაჰილის კულტურის შესწავლის მნიშვნელოვანი ცენტრი.

შელა სოფელია ქალაქ ლამუდან დაახლოებით 3,2 კმ-ში. სოფლის წარმოშობა უცნობია, მაგრამ ლეგენდის თანახმად, მისი დასახლება მოხდა ახლომდებარე კუნძულ მანდაზე მცხოვრები ხალხით. 1813 წელს კუნძულ პატეს ელიტამ, ომანის მაზრუის კლანთან კავშირში, სცადა დაემორჩილებინა ლამუს კუნძული შელასთან ბრძოლაში. ეს ცდა ვერ განხორციელდა და პატეს ელიტის დამარცხებამ შელასთან ბრძოლაში გამოიწვია ლამუს კუნძულის გაძლიერება მთელ არქიპელაგზე. შელას ოქროს ხანა იყო 1829 წლიდან 1857 წლამდე, როდესაც 6 მეჩეთიდან 5 იქ იქნა აშენებული. განსაკუთრებით პოპულარულია პარასკევის მეჩეთი.

შელა დღეისათვის კუნძულზე ტურიზმის ცენტრია, სანაპიროზე მდებარე რამდენიმე სასტუმრო სახლებით. შელა აგრეთვე კუნძულ ლამუზე ყველაზე ლამაზი პლაჟების ადგილია, რომლებიც 2004 წელს ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მომხდარი ცუნამის დროს საკმაოდ დაზიანდა. კუნძულის პლაჟები მთელ აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროზე გამორჩეულია მისი თითქმის სუფთა თეთრი ქვიშით, ტრადიციული დაუს ნავებით და სუფთა შეხედულებით.

სოფელი გამოირჩევა დაუს აგებით და შეკეთებით. იგი მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე, 7,3 კმ-ით დასავლეთით ქალაქ ლამუდან. სოფელში არსებობს თანამედროვე ნავსაყუდელი.

კიპუნგანი პატარა სოფელია კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]