კუგლოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუგლოფი

კუგლოფი ( kouglof (ფრანგულად); აგრეთვე Kugelhupf, Guglhupf, Gugelhopf გერმანიაში და kougelhof, ან kougelhopf საფრანგეთში) არის საფუარიანი ნამცხვარი (ხშირად ქიშმიშით), რომელიც განსაკუთრებით გამოირჩევა მისი ფორმით. ისინი სპეციალური კექსის ფორმაში ცხვება, რაც ნამცხვარს მრგვალ ფორმას აძლევს, შუაში ნახვრეტით. [1]ნამცხვარი პოპულარულია ცენტრალური ევროპის ბევრ რეგიონში, მათ შორის ელზასში (თუმცა, აქ დესერტი უამრავი სხვადასვა სახელითაა ცნობილი), ასევე სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ხორვატიაში, უნგრეთში, ბოსნიაში, სერბეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ჩეხეთში და პოლონეთში. მას ბევრი საერთო აქვს იტალიურ საშობაო ტორტთან, რომელიც პანდოროს სახელით არის ცნობილი და ამერიკული ბუნტის ტორტთან. პენსილვანიის ჰოლანდიური დიასპორის სამზარეულო კულტურაში მას უწოდებენ Deitscher Kuche-ს (გერმანული ტორტი). [2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანი შუასაუკუნეების ავსტრიაში კუგლოფით სტუმრებს მასპინძლობდნენ საზოგადოების დიდ შეკრებებში და განსაკუთრებულ ღონისძიებებზე, როგორიცაა ქორწილები. მას ამშვენებდნენ ყვავილებით, ფოთლებით, სანთლებით და სეზონური ხილით. ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დროს, ნამცხვარს Gugelhupf-ს უწოდებდნენ, ეს სახელი ბოლომდე შემორჩა და საბოლოოდ ვენის სამზარეულოს წიგნებშიც ამ სახელით შევიდა, როგორც დახვეწილი, მდიდარი გემოს მქონე ნამცხვარი, რომელსაც არომატიზებული იყო ვარდის წყლით და ნუშით. ავსტრიაში მისი მრავალი რეგიონალური ვარიანტი არსებობს, რაც მოწმობს კუგლოფის მზადების ფართო პრაქტიკას საუკუნეების განმავლობაში. რამდენიმე მონათხრობის მიხედვით, ნამცხვრის წარმოშობა რომაულ ხანას უკავშირდება,არსებობს ყალბი მითებიც იმის შესახებ, რომ ეს ნამცხვარი ბიბლიურ დროებში, "სამი ბრძენი კაცის" დროს წარმოიშვა. ნამცხვარი პოპულარობით სარგებლობდა როგორც პრესტიჟული საკონდიტრო ნაწარმი. მის საკონდიტროებში გავცელება იმპერატორ ფრანც იოზეფ ავსტრიელის დამსახურებაა, ხოლო მისი საფრანგეთში გავრცელება - მარი-ანტუანეტას.

დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუგლოფი იყო ტკბილეული, რომელიც აირჩა ავსტრიის წარმოსადგენად " Café Europe"-ში, როცა მოხდა ავსტრიის ამ იდეის განხორციელება 2006 წლის ევროპის დღეს (ამ ინიციატივის მიხედვით, ევროპის კავშირის 25 ქვეყნის და 2 იმ ქვეყნის დედაქალაქში, რომელიც ევროკავშირს მოგვიანებით შეურთდა, გაიხსნა ევროპის კაფე, რომელშიც ყველა მონაწილე ქვეყნის სამზარეულო იყო წარმოდგენილი).

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეხური ბაბოვკა

სიტყვის წარმოშობა სადავოა.[3]

ნამცხვრის ძველი, სამხრეთ გერმანული სახელი აერთიანებს ძველ გერმანულ სიტყვებს Gugel (ტრადიციული გრძელი, წვეტიანი ქუდი), რომელიც ლათინური სიტყვიდან, cucullus-დან მოდის და ნიშნავს ქუდიან მოსასხამს; და Hupf-ს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს "ხტუნვას" ან "გადახტომას". ძმებმა გრიმებმა დაწერეს, რომ hupf შეიძლება მიანიშნებდეს საფუარის მიერ გამოწვეულ ცომის "ახტომაზე", აფუებაზე, მაგრამ ამის შესახებ არ არსებობს მყარი ეტიმოლოგიური მტკიცებულება. კუგლოფის ყველაზე ადრეული ამობეჭდური რეცეპტი ეკუთვნის მარქს რუპოლტს, 1581 წლის მზარეულის წიგნში. ის აღწერს "ქუდის ტორტს", როგორც გამორჩეული ფორმისა და დეკორაციის მქონე დესერტს, რომელიც ძველ ევროპულ ქუდებს წააგავდა.

ჩეხურად და სლოვაკურად მას bábovka ეწოდება, პოლონურად კი - babka. სლოვენიაში მისი სტანდარტული სახელია šarkelj.

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუგლოფი მზადდება საფუარიანი ცომით და სპეციალურ საცხობ ფორმაში ცხვება, რომელიც მაღალია, მრგვალი და შუაში ხვრელით. რეგიონის მიხედვით, მასში შეიძლება იყოს ქიშმიში, ნუში, ზოგჯერ კი კირშვასერის ალუბლის კონიაკი. ზოგიერთი რეგიონალური ვერსია (ჩეხური, უნგრული და სლოვაკური) ივსება ტკბილი დაფქული ყაყაჩოს თესლის ფენით.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20150201221525/http://www.koestliches-oesterreich.at/produkte/speisen-getraenke/nachspeisen-suessspeisen/gugelhupf.html (გერმანული)
  2. Goldstein Darra (2015) The Oxford companion to Sugar and Sweets; Oxford university Press; გვ. 312-313
  3. Goldstein Darra; The Oxford Companion to Sugar and Sweets; გვ. 310
  4. https://www.recipesource.com/ethnic/europe/german/00/rec0088.html