შინაარსზე გადასვლა

კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი
წოდებები
ოტინის მთავარი
დაიბადა 11 იანვარი, 1673
გარდაიცვალა 24 აპრილი, 1726, (53 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი
შვილ(ებ)ი ადოლფ ფრედერიკი, შვედეთის მეფე
ფრედერიკ ავგუსტი, ოლდენბურგის ჰერცოგი
იოჰანა ელიზაბეთი, ანჰალტ-ცერბსტის მთავარი
გეორგ ლუდვიგი
მამა კრისტიან ალბერტი, ჰოშტაინ-გოტორპის ჰერცოგი
დედა ფრედერიკა ამალია დანიელი
რელიგია ლუთერანიზმი

კრისტიან ავგუსტ ჰოლშტაინ-გოტორპელი (დან. Christian August af Holsten-Gottorp; დ. 11 იანვარი, 1673 — გ. 24 აპრილი, 1726) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და ფრედერიკა ამალია დანიელის ვაჟი. ოტინის მთავარი. შვედეთის მეფე ადოლფ ფრედერიკის მამა და რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-ის ბაბუა.

კრისტიან ავგუსტი დაიბადა 1673 წლის 11 იანვარს. იგი იყო ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგ კრისტიან ალბერტისა და მისი ცოლის, ფრედერიკა ამალია დანიელის უმცროსი ვაჟი. 1695 წელს, როდესაც მათი მამა გარდაიცვალა, მისი უფროსი ძმა, ფრედერიკ IV გახდა ჰერცოგი, კრისტიან ავგუსტს კი ოტინის მთავრობა ებოძა. 1706 წლის 26 აპრილს იგი ლიუბეკის ეპისკოპოსი გახდა. მას ეს წოდება თვით საღვთო რომის იმპერატორმა უბოძა.

1702 წელს, მართალია მისი ძმა გარდაიცვალა, თუმცა მემკვიდრე დატოვა. 1702-08 წლებში იგი თავისი დაქვრივებული რძლის, ჰედვიგ სოფია შვედის თანა-რეგენტი იყო, რადგანაც მისი ძმისწული მეტად მცირეწლოვანი იყო. 1708 წელს, მისი რძლის გარდაცვალების შემდეგ, იგი დამოუკიდებელი რეგენტი გახდა. სწორედ მან განაპირობა ჰოლშტაინ-გოტორპის ჩრდილოეთის ომში ჩაბმა. იგი გარდაიცვალა 1726 წლის 24 აპრილს, 53 წლის ასაკში.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1704 წლის 2 სექტემბერს ცოლად შეირთო თავისი მამიდაშვილი, მარკგრაფინია ალბერტინა ფრედერიკა ბადენ-დურლახელი, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი:

  1. ჰედვიგ სოფია (1705-1764), ჰერფორდის აბატისა;
  2. კარლ ავგუსტი (1706-1726), იგეგმებოდა მისი და რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედ I-ის დაქორწინება, მაგრამ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა;
  3. ფრედერიკა ამალია (1708-1782), მონაზონი;
  4. ანა (1709-1758), ცოლად გაჰყვა საქსენ-გოთა-ალტენბურგის მთავარ ვილჰელმს, რომელიც იყო დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III-ის დედის, ავგუსტა საქსენ-გოთელის ძმა;
  5. ადოლფ ფრედერიკი (1710-1771), შვედეთის მეფე 1751-71 წლებში, ცოლად შეირთო ლუიზა ულრიკა პრუსიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;
  6. ფრედერიკ ავგუსტი (1711-1785), ოლდენბურგის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ულრიკა ფრედერიკა ჰესენ-კასელელი, რომელთა ქალიშვილიც შვედეთის დედოფალი გახდა;
  7. იოჰანა ელიზაბეთი (1712-1760), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-ცერბსტის მთავარ კრისტიან ავგუსტს, რომელთა შვილიც იყო რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II;
  8. ვილჰელმ კრისტიანი (1716-1719), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. ფრედერიკ კორნადი (1718-1719), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  10. გეორგ ლუდვიგი (1719-1763), რუსეთის ფელდ-მარშალი, მისმა შვილმა დაიკავა ოლდენბურგის ტახტი, მას შემდეგ რაც მისი ბიძაშვილი უშვილოდ მოკვდა;
  • Huberty, Michel; Giraud, Alain; Magdelaine, F. et B. (1994). L'Allemagne Dynastique, Tome VII Oldenbourg. France: Laballery. pp. 86–87, 111–112. ISBN 2-901138-07-1.