კიმ იონ სამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კიმ იონ სამი
კიმ იონ სამი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 თებერვალი, 1993 – 24 თებერვალი, 1998
წინამორბედირო დე უ
მემკვიდრეკიმ დე ჯუნი

დაბადებული12 დეკემბერი, 1927
კოჯე, სამხრეთი კორეა
გარდაცვლილი22 ნოემბერი, 2015
სეული, სამხრეთი კორეა

კიმ იონ სამი (კორ. 김영삼?, 金泳三?, დ. 20 დეკემბერი, 1927, კოჯე — გ. 22 ნოემბერი, 2015, სეული) — სამხრეთ კორეის მე-7 პრეზიდენტი 1993-1998 წლებში. ითვლება სამხრეთ კორეის დემოკრატიზაციის საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1927 წლის 20 დეკემბერს კიონსან-ნამდოს რეგიონში, ქალაქ კოჯესთან მდებარე სოფელ ვეფხო-რიში, მეთევზის ოჯახში. სწავლობდა სეულის უნივერსიტეტში, რომელიც დაასრულა 1952 წელს და მიიღო ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხი. შემდეგ კორეის ომის მსვლელობის პერიოდში მსახურობდა სამხრეთ კორეის არმიაში. 1954 წელს აირჩიეს სამხრეთ კორეის ეროვნულ ასამბლეაში. ეროვნული ასამბლეის წევრი იყო 9 მოწვევის განმავლობაში ქალაქებიდან კოჯე და პუსანი.

როდესაც ქვეყნის მეთაურმა ლი სინ მანმა სცადა ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში, უარი თქვა პარლამენტის წევრობაზე და გადავიდა ავტორიტარული ხელისუფლების ოპოზიციაში. მოგვიანებით, ქვეყნის მომავალ პრეზიდენტ კიმ დე ჯუნთან ერთად გახდა პაკ ჩონ ჰისა და ჩონ დუ ჰვანის სამხედრო ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტიკოსი. ასეთი მოღვაწეობის გამო მას დაატოვებინეს ეროვნული ასამბლეის რიგები და პოლიტიკას ჩამოაშორეს 1980 წლიდან 1985 წლამდე პერიოდში.

1987 წელს სამხრეეთ კორეაში გამართული პირველი დემოკრატიული არჩევნების პერიოდში კიმ იონ სამი და კიმ დე ჯუნი მოკავშირეები იყვნენ, ორივე მათგანი ოპოზიციაში იყო. ოპოზიციონერთა შორის განხეთქილების შედეგად არჩევნები მოიგო და ქვეყნის პრეზიდენტი გახდა რო დე უ, ყოფილი პრეზიდენტის ძველი მოკავშირე. 1990 წელსმ კიმ იონ სამმა თავისი პოლიტიკური პარტია - გაერთიანებული დემოკრატიული პარტია, გააერთიანა მმართველ სამართლიანობის დემოკრატიულ პარტიასთან და ახალ დემოკრატიულ რესპუბლიკურ პარტიასთან. სამი მსხვილი პოლიტიკური ძალის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა სამხრეთ კორეის დემოკრატიული ლიბერალური პარტია. შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის შედეგად მან შეძლო კიმ დე ჯუნის გვერდის ავლით მონაწილეობა მიეღო 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 1992 წლის არჩევნებში თავისი კანდიდატურა კიმ დე ჯუნმაც წამოაყენა. არჩევნების შედეგად კიმ იონ სამმა აიღო ხმნმების 42 %, ხოლო კიმ დე ჯუნმა ხმების 33.8%. პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა 1993 წლის 25 თებერვალს. იგი 1962 წლის შემდეგ პირველი სამოქალაქო პირი იყო ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა სამხრეთ კორეაში.

კიმ იონ სამის ადმინისტრაცია შეეცადა რეფორმების გატარებას ეკონომიკასა და ადმინისტრაციულ სისტემაში. ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯები ამ კუთხით იყო ანტი-კორუფციული კამპანის დაწყება ხელისუფლების მაღალ ეშელონებში. ქვეყნის უმაღლეს სამხედრო და სამოქალაქო მოღვაწეებს აღნიშნული კამპანიის ფარგლებში უნდა გამოექვეყნებინათ თავიანთი ფინანსური ანგარიშები. კამპანიის ფარგლებში კორუფციაში ბრალდებით დაკავა ორი ყოფილი პრეზიდენტი ჩონ დუ ჰვანი და რო დე უ. მოახდინა ათასამდე პოლიტიკური პატიმარის ამნისტია და ყველა ბრალდება მოუხსნა 1980-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კვანჯუს მოვლენების ყველა მონაწილეს.

1998 წელს მისი პოლიტიკური მემკვიდრე გახდა კიმ დე ჯუნი.

კიმ იონ სამი გარდაიცვალა 2015 წლის 22 ნოემბერს სეულში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]