ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი
QueenAdelaide.jpg
დედოფალი ადელაიდა 1836 წელს, შესრულებულია სირ მარტინ არჩერის მიერ
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის დედოფალი
კორონაცია: 8 სექტემბერი, 1831
მმართ. დასაწყისი: 26 ივნისი, 1830
მმართ. დასასრული: 20 ივნისი, 1837
წინამორბედი: კაროლინა ბრაუნშვაიგელი
მემკვიდრე: ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი
ჰანოვერის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 26 ივნისი, 1830
მმართ. დასასრული: 20 ივნისი, 1837
წინამორბედი: კაროლინა ბრაუნშვაიგელი
მემკვიდრე: ფრიდერიკე ფონ მეკლენბურგ-შტრელიცი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 აგვისტო, 1792
დაბ. ადგილი: თიურინგია, გერმანია
გარდ. თარიღი: 2 დეკემბერი, 1849, (57 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, ინგლისი
მეუღლე: უილიამ IV, დიდი ბრიტანეთის მეფე
(ქ. 1818 - გარდ. 1837)
შვილები: შარლოტა
ელიზაბეთი
სრული სახელი: ადელაიდა ამალია ლუიზა ტერეზა კაროლინა ფონ საქსენ-მეინინგენი
დინასტია: ვეტინები
მამა: გეორგ I, საქსენ-მეინინგენის ჰერცოგი
დედა: ლუიზა ელეონორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელი
რელიგია: პროტესტანტიზმი
ხელმოწერა: Signature of Queen Adelaide of the United Kingdom and Hanover in 1837.jpg

ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი (გერმ. Adelheid von Sachsen-Meiningen, ინგლ. Adelaide of Saxe-Meiningen; დ. 13 აგვისტო, 1792 — გ. 2 დეკემბერი, 1849) — დიდი ბრიტანეთის, ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1830-37 წლებში როგორც უილიამ IV-ის მეუღლე. საქსენ-მეინინგენის ჰერცოგ გეორგ I-ისა და ლუიზა ელეონორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ასული. მის პატივსაცემად დაერქვა სახელი ავსტრალიაში ქალაქ ადელაიდას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადელაიდა დაიბადა 1792 წლის 13 აგვისტოს, თიურინგიის ქალაქ მეინინგენში. იგი იყო საქსენ-მეინინგენის ჰერცოგ გეორგ I-ისა და მისი მეუღლის, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინც კრისტიან ალბრეხტის ასულ ლუიზა ელეონორა ჰოენლოჰ-ლანგენბურგელის ქალიშვილი. როგორც საქსონიის ჰერცოგის შთამომავალი და ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი, იგი დაბადებიდან ფლობდა მისი სამეფო უდიდებულესობის წოდებას. ადელაიდა მისი მშობლების პირველი შვილი იყო, მათ მის შემდეგ მხოლოდ ერთი ვაჟი ეყოლათ 1800 წელს, სახელად ბერნარდი.

1803 წელს ადელაიდას მამა გარდაიცვალა, რის გამოც საქსენ-მეინინგენის ჰერცოგი მისი მცირეწლოვანი ძმა, ბერნარდ II ხდება, რომლის რეგენტადაც დედამისი ლუიზა ელეონორა დაინიშნა. მან წარმატებით შეძლო საჰერცოგოს მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, მას მერეც კი, რაც საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ I-მა ძალის გამოყენებით საღვთო რომის იმპერია დაშალა 1806 წელს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც 1817 წლის 6 იანვარს, ინგლისის მეფე ჯორჯ IV-ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრე, უელსის პრინცესა შარლოტ ავგუსტა მშობიარობას გადაჰყვა, ჯორჯის ძმებმა სასწრაფოდ დაიწყეს საცოლეების ძებნა, რათა რაც შეიძლება მალე გაეჩინათ მემკვიდრე, რომელიც ტახტზე ავიდოდა. ცხადია, ყველა მათგანმა არჩევანი თავიანთ მშობლიურ გერმანიაზე შეაჩერა, სადაც უამრავი პრინცესა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა დაქუცმაცებული იყო.

შარლოტ ავგუსტას გარდაცვალების შემდეგ რეალურად დადგა ჰანოვერელთა დინასტიის შეწყვეტის რისკი, რადგანაც ამ დროს დინასტიის ყველა მამაკაცი უშვილო იყო და ვინაიდან ჯორჯ IV ცოლს ახლოსაც აღარ ეკარებოდა, საჭირო იყო მის ძმებს დაეტოვებინათ მემკვიდრე, განსაკუთრებით კი კლარინსის ჰერცოგ უილიამს, რომელიც ჯორჯის შემდეგ უფროსი ვაჟი და შესაბამისად პირველი მემკვიდრე იყო. უილიამმა თავისი საცოლის ძებნა პატარა გერმანულ სამთავროში, თიურინგიაში დაიწყო.

დედოფალი ადელაიდა 1832 წელს

ამავდროულად დაქორწინდა მეფის მეორე ძმა, კენტის ჰერცოგი ედუარდი, რომელმაც ცოლად დაქვრივებული და ორ შვილიანი ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი შეირთო, თუმცა მასთან მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინა (შემდგომში ცნობილი როგორც დედოფალი ვიქტორია). მიუხედავად ამისა, კლარინსის ჰერცოგს უპირატესობა ჰქონდა, რამეთუ მას საყვარლისგან უკვე ჰყავდა უკანონო შვილი, რომლის ლეგიტიმაციაც არც ისე რთული ამბავი იყო.

საბოლოოდ, ძმის ქორწინებამ კიდევ უფრო დააჩქარა უილიამი, რომელმაც 11 ივლისს 1818 წელს სარის ახალ სასახლეში ცოლად ადელაიდა ფონ საქსენ-მეინინგენი შეირთო. ამ ყოველივემ უილიამს ბევრი მხარდამჭერი შესძინა, საბოლოოდ კი ინგლისის პარლამენტმა კლარინსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ტახტის მემკვიდრეებად დაამტკიცა.

ადელაიდამ თავისი ქმრისა და სრულიად ქვეყნის მოლოდინები ვერ გაამართლა. მან სამი წლის მანძილზე ხუთი ბავშვი გააჩინა (აქედან ორი ტყუპი და ასევე ორი ერთ წელს), რომლებიც ჩვილობაშივე დაიღუპნენ, ან პირდაპირ მკვდრები დაიბადნენ. მან უკანასკნელად 1822 წელს იმშობიარა, რა დროსაც მკვდარი ტყუპი ვაჟები დაბადა. რამდენიმეწლიანი ფუჭი ცდის შემდეგ, უილიამმა მასთან განქორწინება მოითხოვა, რაზეც 1827 წელს პარლამენტმა ოფიციალურად განუცხადა უარი.

ამ სკანდალის შემდეგ, უილიამი და ადელაიდა ძალიან დაახლოვდნენ. მათ დროებით დატოვეს ინგლისი და ჰანოვერში გადასახლდნენ, სადაც უფრო მშვიდი ცხოვრების რიტმი იყო. აქ ისინი იმდენად დაახლოვდნენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთმანეთის საყვარელი მეუღლეები და მხარდამჭერები იყვნენ.

მათ ქორწინებაში დაბადებული ხუთი მკვდარი ბავშვის შემდეგ, ტახტის პირველ მემკვიდრედ უილიამის ძმის, ედუარდის ასული ვიქტორია დარჩა, რომელზეც დედამისი ღელავდა, რომ მოწამლავდნენ ან მოკლავდნენ, ამიტომაც ისინი სამეფო კარიდან შორს ცხოვრობდნენ და მეტიც, იგი ვიქტორიას ყოველთვის თავის ოთახში აძინებდა, რათა იგი ძილში არ მოეკლათ. განსაკუთრებულ საფრთხეს უილიამის უმცროსი ძმა, ერნესტი წარმოადგენდა, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი ტახტის მისაღებად.

1830 წელს, ჯორჯ IV-ის უშვილოდ დაღუპვის შემდეგ მეფე უილიამ IV გახდა, ადელაიდა კი დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფლად გვევლინება, თუმცა მისმა ამ მდგომარეობამ არც ისე დიდხანს გასტანა. უილიამი 1837 წელს დაიღუპა და ვინაიდან მათაც არ დარჩენიათ შვილები და კენტის ჰერცოგიც ამ დროისთვის უკვე მკვდარი იყო, ტახტზე დედოფალი ვიქტორია ავიდა. ამის შემდეგ ადელაიდამ დატოვა სამეფო კარი და ქალაქ სენმორის მახლობლად დასახლდა ბენტლის სასახლეში (დღეისათვის ეს ტერიტორია უკვე ლონდონის შემადგენლობაშია). იგი სწორედ აქ გარდაიცვალა, 1849 წლის 2 დეკემბერს, 57 წლის ასაკში, დაკრძალეს წმინდა გიორგის სამლოცველოში, უინძორის სასახლეში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შარლოტი (27 მარტი, 1819), გარდაიცვალა დაბადებიდან ოთხ საათში, პირდაპირ ნათლობის პროცესში;
  2. მკვდარშობილი ვაჟი (5 სექტემბერი, 1819), დაიბადა ნაადრევი მშობიარობით;
  3. ელიზაბეთი (დ. 10 დეკემბერი, 1820 — გ. 4 მარტი, 1821), გარდაიცვალა ჩვილი;
  4. მკვდარშობილი ტყუპი ვაჟები (8 აპრილი, 1822);

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Allen, W. Gore (1960). King William IV. London: Cresset Press
  • Greville, Charles (2005). The Diaries of Charles Greville (Edward and Deanna Pearce, eds.) London: Pimlico. ISBN 1-84413-404-0
  • Sandars, Mary F. (Frances): The life and times of Queen Adelaide. London 1915 ISBN 978-1-17678-560-1
  • Weir, Alison (1996). Britain's Royal Families: The Complete Genealogy, Revised edition. Random House. ISBN 978-0-7126-7448-5.
  • Williamson, David: The National Portrait Gallery History of the Kings and Queens of England. London 1998 ISBN 978-1-56852-279-1
  • Ziegler, Philip (1971). King William IV. London: Collins. ISBN 0-00-211934-X