კადუნა
ქალაქი | |
---|---|
კადუნა ინგლ. Kaduna | |
ქალაქის ცენტრალური ქუჩა | |
ქვეყანა | ნიგერია |
შტატი | კადუნის შტატი |
კოორდინატები | 10°31′23″ ჩ. გ. 07°26′25″ ა. გ. / 10.52306° ჩ. გ. 7.44028° ა. გ. |
დაარსდა | 1913 |
ფართობი | 131 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 250 მ |
მოსახლეობა | 1 652 844 კაცი (2007) |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
ოფიციალური საიტი | kdsg.gov.ng |
კადუნა (ინგლ. Kaduna) — ქალაქი ნიგერიაში, კადუნის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ცენტრალური ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე კადუნაზე.[1] მეზობელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების სავაჭრო ცენტრი და გამტარი პუნქტია ქალაქში არსებული სარკინიგზო და საავტომობილო კვანძების გამო. მოსახლეობა — 1 652 844 ადამიანი (2007). ქალაქის სიმბოლოა ნიანგი, რომელსაც ჰაუსას ენაზე ჰქვია «კადა».
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი კადუნა დააარსეს ინგლისელებმა 1913 წელს[1] და 1917 წელს გახდა ყოფილი ჩრდილოეთი რეგიონის ცენტრი.[2] ის ამ სტატუსით იმყოფებოდა 1967 წლამდე.[1]
ისტორიულად კადუნა მდებარეობს გვარის (გბადიე) ტომის ხალხის ტერიტორიაზე, მაგრამ დღეისათვის თვითონ გვარის ხალხი ქალაქში უმცირესობას წარმოადგენს და ძირითადად ცხოვრობენ გარეუბნებში.
რელიგიური წინააღმდეგობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისი მრავალრელიგიურობის გამო ქალაქი კადუნა მძაფრი ბრძოლის ადგილია მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის, განსაკუთრებით 2001 წელს შტატში შარიათის კანონების შემოღების შემდეგ. ერთ-ერთი ინციდენტი მოხდა 2000 წლის თებერვალში, როდესაც სისხლისმღვრელი შეტაკების დროს დაიღუპა დაახლოებით 1000 ადამიანი. ქალაქი დღემდე გაყოფილი რჩება, ამასთან მუსულმანები ძირითადად ცხოვრობენ ჩრდილოეთში, ხოლო ქრისტიანები სამხრეთში[3].
მეორე ინციდენტი მოხდა 2002 წელს; მისი მიზეზი გახდა ლაგოსის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ნათქვამი იყო დედაქალაქ აბუჯაში მიმდინარე მის მსოფლიოს კონკურსის შესახებ, რომელშიც ჟურნალისტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ წინასწარმეტყველი მაჰმადი რომ დასწრებოდა ამ შოუს, იგი აუცილებლად დაქორწინდებოდა კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეზე. ამან გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქციები. დარტყმის მთავარი სამიზნეები გახდნენ ეკლესიები: მუსულმანებმა გადაწვეს ოცზე მეტი ეკლესია, რის პასუხადაც ქრისტიანებმა დაწვეს 8 მეჩეთი. ასევე დაიწვა რამდენიმე ოტელი. ქალაქს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი, ხოლო 11 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ასევე მიზანმიმართულად გადაწვეს სტატიის გამომქვეყნებელი გაზეთის ადგილობრივი განყოფილება. საბოლოოდ ათასობით ადამიანი იძულებული გახდა გაქცეულიყო ქალაქიდან. მღელვარება გადაედო დედაქალაქ აბუჯასაც. ოთხდღიანი მღელვარებების შემდეგ მართლწესრიგის დაცვის სამსახურებმა შეძლეს სიტუაციის დამშვიდება და დააკავეს რამდენიმე ასეული არეულობის წამომწყები პირი. შემოღებული იქნა დროებითი კომენდანტის საათი, მაგრამ ამის მიუხედავად მკვლელობის ცალკეული შემთხვევები მაინც გრძელდებოდა. ქუჩებში და მორგებში აღირიცხა 215 გვამი, დახოცილი იქნა მთელი ოჯახები. ათასმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის ჭრილობა. დახოცილები დაასაფლავეს არეულობების დამთავრებისთანავე. არეულობების მონაწილენი მუსულმანების მხრიდან გასამართლდნენ შარიათის სასამართლოთი, ქრისტიანები — სამოქალაქო სასამართლოთი. გაზეთის გამომცემელი, რომლის სტატიამაც ასეთი არეულობები გამოიწვია, დააპატიმრეს, ხოლო სტატიის ავტორი სამსახურიდან განთავისუფლდა და ნორვეგიაში გადასახლდა[4].
ქალაქი კადუნა ასევე ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც გაიზარდა უმარ ფარუკ აბდულმუტალაბი, რომელიც 2009 წლის დეკემბერში ცდილობდა მოეხდინა ტერორისტული აქტი Northwest flight-ის 253-ე რეისის ბორტზე[5].
ეკონომიკა და ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი ჩრდილოეთ ნიგერიის მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია; ქალაქში იწარმოება საფეიქრო და მანქანათმშენებლობის დარგის პროდუქცია, ფოლადი, ალუმინი და ნავთობპროდუქტები. დიდათ ფასობს ქალაქში ნაწარმოები თიხის ჭურჭელი. ქალაქში მდებარეობს 1990-იანი წლების შუა პერიოდში დიდი ხანძრის შემდეგ აღდგენილი დიდი ბაზარი.
ქალაქში გამავალი საავტომობილო ტრასა ატარებს აჰმადო ბოლას სახელს. ქალაქში ბევრი ადგილი ატარებს ყოფილი სულთნების, ემირების და ნიგერიაში სამოქალაქო ომის დაჯილდოვებული გმირების სახელებს.
ქალაქში არსებობს გრძელი გარშემოწირულობის დიდი ველოტრეკი დაახლოებით 1 მილი (1,6 კმ), რომლის შიგნითაც მდებარეობენ აჰმადუ იაკუბოს სახელობის პოლოს კლუბი და კადუნა კროკოდეილის სარაგბო კლუბი (თუმცა კადუნა და ადგილობრივი რაგბისტები ჯერ საკმაოდ ცნობილები არ არიან ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში).
ქალაქში მდებარეობს 2 აეროპორტი, მათ შორის, კადუნის აეროპორტი. კომპანია «ჩანჩანჯი ეირლაინზის» სათაო ოფისი მდებარეობს კადუნაში[6].
2009 წლის სექტემბერში მიღებული იქნა გადაწყვეტილება აბუჯამდე სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შესახებ[7].
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობენ ნიგერიის მართლწესრიგის აკადემია (დაარსდა 1964 წელს), კადუნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1968 წლიდან), აჰმადუ ბოლოს სახელობის უნივერსიტეტი (1962 წლიდან), კადუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2007 წლიდან), ნიგერიის საავიაციო ტექნოლოგიების ინსტიტუტი და ნიგერიის ტრიპანოსომოზების კვლევის ინსტიტუტი (1951 წლიდან).
ცნობილი მაცხოვრებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დენიელ ამოკაჩი (დაბ. 1972) — ნიგერიელი ფეხბურთელი.
- ტიჯანი ბაბანგიდა (დაბ. 1973) — ნიგერიელი ფეხბურთელი.
- სელესტინ ბაბაიარო (დაბ. 1978) — ნიგერიელი ფეხბურთელი.
- რაშიდი იეკინი (1963—2012) — ნიგერიელი ფეხბურთელი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Kaduna (Nigeria) Britannica Online Encyclopedia (ინგლისური)
- ↑ Fletcher, Banister; Dan Cruickshank (1996). «Africa». Sir Banister Fletcher’s a History of Architecture. Architectural Press. p. 1466. ISBN 0750622679
- ↑ BBC News — Kaduna: Nigeria’s religious flashpoint (ინგლისური)
- ↑ BBC News — Nigeria Buries Its Dead. 2002-11-25 (ინგლისური)
- ↑ Lonely Trek to Radicalism for Terror Suspect
- ↑ Contacts. Chanchangi Airlines.
- ↑ NIGERIA APPROVES ABUJA LINE დაარქივებული 2009-12-17 საიტზე Wayback Machine. Railways Africa, 2 October 2009