იშხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იშხვარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ciconia nigra (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697669
გავრცელება

  ბუდობის ადგილი
  წლიური არეალი
  მიგრაცია

იშხვარი[1], შავი ყარყატი[2] ან უბრალოდ ყარყატი (ლათ. Ciconia nigra) — ფრინველი ყარყატისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონებში, მათ შორის საქართველოშიც.[1] იზამთრებს სამხრეთ აზიაში. სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს მობინადრე პოპულაცია (ანუ ძირითადად არ მიგრირებს). მსოფლიოში უდიდესი პოპულაცია ბინადრობს ზვანეცის ჭაობებთან ახლოს, ბელარუსში.[3] იშხვარის ცხოვრების წესი და ხასიათი ნაკლებადაა შესწავლილი. თეთრი ყარყატისაგან განსხვავებით არ უყვარს ადამიანებთან მეზობლობა და უპირატესობას მიყრუებულ, ძველ, ბარის ტყეებს ანიჭებს. მაღალმთაში ბინადრობს მხოლოდ წყალსატევებთან (ტბა, მდინარე, ჭაობი) ახლოს. სხვა ყარყატების მსგავსად ლივლივებს ჰაერში. ფრენისას თავი და კისერი წინ, ხოლო გრძელი ფეხები უკან აქვს გაშვერილი. იკვებება უმთავრესად თევზით, აგრეთვე წყლის მცირე უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველებით, რომელთაც იჭერს წყალმარჩხ ადგილებში, ყურეებში და წყალსატევებში სეირნობისას. ზამთარში ძირითადად ჭამს მცირე მღრღნელებს, მსხვილ მწერებს, გველებს, ხვლიკებს და მოლუსკებს. იშხვარი მონოგამური ფრინველია, მრავლდება 3 წლის ასაკიდან. ბუდობს წელიწადში ერთხელ, ბუდეს იკეთებს 10–20 სიმაღლეზე ძველი, მაღალი ხეების გვირგვინებში ან კლდეებზე ადამიანთა საცხოვრისისგან მოშორებით. ზოგჯერ იშხვარმა ბუდე შეიძლება მთებშიც გაიკეთოს, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე. ბუდე მასიურია, აშენებულია მსხვილი ხეების ტოტებით, სიცარიელეები მიწითა და თიხითაა ამოვსებული. ზოგ შემთხვევაში ერთი ბუდე რამდენიმე თაობის გამოსაჩეკად გამოიყენება. ბუდობის ადგილებში იშხვარები მარტის ბოლოს–აპრილის დასაწყისში ჩადიან. მამალი იპატიჟებს დედალს ბუდისაკენ თეთრი ბოლოს აწევით და ძლიერი სტვენით. ეს უკანასკნელი დებს 4–7 კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, ინკუბაცია 30 დღე-ღამე გრძელდება. იმის გამო, რომ პირველივე კვერცხის დადებისთანავე იწყება კრუხობა, ბარტყები არაერთდროულად იჩეკებიან. ისინი თეთრები ან ნაცრისფერები არიან, ნისკარტის ძირი ნარინჯისფერი აქვთ, წვერი — მომწვანო-ყვითელი. გამოჩეკიდან 10 დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ წვანან ბუდეში, შემდეგ სწავლობენ ჯდომას. 35–40 დღის ასაკში ფეხზე დგებიან. საერთოდ ბუდეში 55–65 დღეს ატარებენ. მშობლები მათ დღე-ღამეში 4–5-ჯერ კვებავენ ამოცოხნილი საკვებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бейчек В., Штясны К. Птицы. Иллюстрированная энциклопедия. М.: Лабиринт-пресс
  • Акимушкин И. Мир животных. Птицы, рыбы, земноводные и пресмыкающиеся М.: Мысль 1995
  • Красная книга Российской Федерации М.: АСТ 2001
  • Ганзак Я. «Иллюстрированная энциклопедия птиц». Прага: Артия 1974
  • Жизнь животных т.6. Птицы М.: «Просвещение» 1986.
  • Н. Шпиленок «Белый аист. Посланец неба. Чёрный аист. лесной отшельник» М.: Издательство Белая ворона
  • Ивановский В. В., Самусенко И. Э. Привлечение чёрного аиста на искусственные гнездовья // Аисты: Распространение, экология, охрана: Материалы I и II * Всесоюзных совещаний рабочей группы по аистам ВОО. — Мн. — 1990. — С. 212—214.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 631.
  2. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები, საქართველოს მთავრობა
  3. Рамсарские угодья Беларуси. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-25. ციტირების თარიღი: 2018-09-17.