იყალთოს ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იყალთოს ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ იყალთოს სამხრეთით, 0,5 კმ-ზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია (6,6 X 4,8 მ), ნაშენია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან თაღოვანია შიგნიდან — სწორკუთხა. სამხრეთ კარს ზედა ნაწილი მონგრეული აქვს. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი, რომელშიც ერთი ოთხკუთხა სარკმელი და ორი, მცირე, ოთხკუთხა ნიშაა. ერთი ოთხკუთხა ნიშა ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოშია. აფსიდის შუაში შემორჩენილია ოთხწახნაგა ტრაპეზის ნაშთი. აფსიდი გადახურულია დადაბლებული პროპორციების მქონე სხმული კონქით, რომლის თაღს გაჭყლეტილი ნახევარწრის ფორმა აქვს. სხმული და მსგავსი ფორმისაა კამარაც. ეკლესიის კედლები გარედან სადაა. კედლებს საპირე წყობა მნიშვნელოვან ფართობზე ჩამოშლილი აქვს. დასავლეთ შესასვლელის თაღი ჩასხმულია საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში რომელშიც, კარის თავზე, მოწყობილია მცირე თაღოვანი ნიშა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]