იური ლოტმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური ლოტმანი
რუს. Юрий Михайлович Лотман[1]
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1922(1922-02-28)[2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
გარდ. თარიღი 28 ოქტომბერი, 1993(1993-10-28)[2] [3] [4] [5] [6] (71 წლის)
გარდ. ადგილი ტარტუ[1]
დასაფლავებულია რაადის სასაფლაო
მოქალაქეობა  საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
 ესტონეთი
საქმიანობა სემიოტოლოგი[6]
მუშაობის ადგილი ტარტუს უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[1] [7] , სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[8] , სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი[8] და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
განთქმული მოსწავლეები ბორის გასპაროვი, Mikhail Bilinkis, Mikhail Weiskopf, Vadim Rudnev, Inna Bulkina და Ljubov Kisseljova
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
მეუღლე Zara Mints[1]
შვილ(ებ)ი მიხეილ ლოტმანი[9] და ალექსეი ლოტმანი
ჯილდოები სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი[10] , წითელი ვარსკვლავის ორდენი[11] , მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“[12] , მედალი „მამაცობისათვის“[13] , სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი[14] , Pushkin Prize, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და Juhan Smuul literary award
ხელმოწერა

იური ლოტმანი (რუს. Ю́рий Миха́йлович Ло́тман (იური მიხაილოვიჩ ლოტმან), ესტ. Juri Lotman; დ. 28 თებერვალი, 1922 — გ. 28 ოქტომბერი, 1993) — რუს-ესტონელი სემიოტოლოგი, ლიტერატურათმცოდნე და კულტუროლოგი. მოღვაწეობდა ტარტუს უნივერსიტეტში. 1964 წელს დააფუძნა ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა.[15] მის მთავარ ინტერესის სფეროს რუსული ლიტერატურა, განსაკუთრებით კი ალექსანდრე პუშკინის ნაშრომები წარმოადგენდა, თუმცა ლოტმანის ნაწერები მრავალი სხვა დისციპლინის პრობლემატიკას ფარავს, მათ შორის ესთეტიკის, პოეტიკის, სემიოტიკური თეორიების, ფილმის ანალიზის, კულტურის ისტორიის, მითოლოგიისა და ხელოვნების.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური ლოტმანი პეტროგრადში (დღევანდელი სანქტ–პეტერბურგი), ებრაელ ინტელექტუალთა ოჯახში დაიბადა.[16]დედა, ალექსანდრა, სტომატოლოგი იყო, ხოლო მამა, მიხაილ ლოტმანი — ადვოკატი, რომელიც 1918 წელს კომუნისტური პარტიის მიერ დაარსებულ ყოველდღიურ გაზეთ „ლენინგრადსკაია პრავდაში“ მუშაობდა. მამა 1942 წელს ლენინგრადის ალყის დროს გარდაიცვალა. ლოტმანს სამი უფროსი და ჰყავდა, რომელთაგან პირველი, ინა ობრაზცოვა, კომპოზიტორი და მუსიკის თეორიის ლექტორი იყო, შუათანა, ვიქტორია — ცნობილი ექიმი კარდიოლოგი,[17] მესამე და, ლიდია, კი — რუსული ლიტერატურის მკვლევარი.

1939 წელს სკოლის დასრულების შემდეგ ლოტმანი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩაუბარებლად ჩაირიცხა, სადაც ის რუსულ ფილოლოგიას ეუფლებოდა. ლოტმანის პროფესორებს შორის რუსული ფორმალიზმის გამოჩენილი წარმომადგენლებიც იყვნენ, როგორებიცაა: ბორის ეიხენბაუმი, ვლადიმირ პროპი, ბორის ტომაშევსკი და ვიქტორ ჟირმუნსკი. ლოტმანზე ასევე დიდი გავლენა იქონია რომან იაკობსონმა და მიხაილ ბახტინმა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ლოტმანი არტილერიაში რადიო ოპერატორად მსახურობდა. 1946 წელს ლენინგრადის უნივერსიტეტში სწავლება განაახლა და მალევე 1949 წელს დეკაბრისტებზე მისი პირველი სტატია დაიბეჭდა. 1940-იან წლებში საბჭოთა პრესის ცენზურისა და ანტისემიტიზმის გამო ლოტმანმა ვერ შეძლო მკვლევრის პოზიციაზე მუშაობა და 1950 წელს ესტონეთში გადასახლდა. თავდაპირველად, ლოტმანი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ტარტუს მასწავლებელთა გადამზადების კოლეჯში. 1954 წელს ტარტუს უნივერსიტეტში დოცენტი გახდა, 1960—1977 წლებში იყო რუსული ლიტერატურის დეპარტამენტის უფროსი, 1963 წლიდან კი — პროფესორი.[15] 1951 წელს იქორწინა მასწავლებელ და ლიტერატურათმცოდნე ზარა მინტსზე, რომლის მრავალი ნაშრომი რუსულ სიმბოლიზმს ეხება. 1980 წელს ლოტმანი უცხოური ლიტერატურის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, თუმცა თავისი კარიერის განმავლობაში, როგორც მკვლევარი, მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა რუსული ლიტერატურის დეპარტამენტთან. 1992 წელს ფილოსოფიის დეპარტამენტში სემიოტიკის კათედრა შეიქმნა, სადაც ლოტმანი სიცოცხლის ბოლო წლის მანძილზე სემიოტიკის პროფესორად მუშაობდა.

იოსებ სტალინის მმართველობის პერიოდში რუსული ფორმალიზმი სოციალისტურ რეალიზმს უპირისპირდებოდა და ფორმალიზმის მიმდევრები ციმბირში დეპორტაციით ისჯებოდნენ. 1962 წელს ლიტერატურულ წრეებში სტრუქტურალიზმის აღორძინებას მოსკოვში ნიშანთა სისტემების სტრუქტურულ შესწავლასთან დაკავშირებით სიმპოზიუმის ჩატარება მოჰყვა. ცვლილებების ტალღამ ტარტუც მოიცვა და შედეგად, საზაფხულო სკოლების სერია დაარსდა, რომლებიც სემიოტიკის შესწავლას ეძღვნებოდა. განსაკუთრებული ფოკუსი მოდელირების სისტემებსა და კულტურის ტიპოლოგიის განვითარებაზე კეთდებოდა. 1964 წლიდან საზაფხულო სკოლების ორგანიზატორობა ლოტმანმა ითავა, რომელთაგან პირველი იმავე წლის აგვისტოში კერიკუში (ესტონეთი) ჩატარდა. 1964 წელსვე ლოტმანმა სემიოტიკური ჟურნალი, „Trudy po znakovym sistemam“ („ნიშანთა სისტემების შესწავლა“) დააარსა.

მიუხედავად იმისა, რომ სემიოტიკის საზაფხულო სკოლა საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებდა, საბჭოთა აკადემიური წრე ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მაინც ეჭვის თვალით უყურებდა და „ფორმალიზმში“ ადანაშაულებდა. შედეგად, ლოტმანმა დასავლეთში გამგზავრება 1986 წლამდე ვერ შეძლო.

დროთა განმავლობაში ლოტმანი ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლის მთავარი თეორეტიკოსი გახდა და მისმა სახელმა კონტინენტურ ევროპას და შემდეგ ამერიკასაც მიაღწია. ლოტმანის ნაწერები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ლიბერალურად მოაზროვნეთა წრეებში, რის გამოც 1970 წელს კგბ-მ (სსრკ–ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) ლოტმანის სახლი გაჩხრიკა.[18]. დროდადრო დასავლელ სტუმრებს ტარტუდან და ტალინიდან სემიოტიკური ტექსტები საიდუმლოდ გაჰქონდათ, რათა შემდეგ საზღვარგარეთ დაებეჭდათ. ცნობილ სტუმართა შორის იყო რუსეთში დაბადებული ლინგვისტი და სლავისტიკის სპეციალისტი, რომან იაკობსონი, რომელიც ტარტუს საზაფხულო სკოლას 1966 წელს ეწვია.

1968 წლიდან მოყოლებული ლოტმანი სემიოტიკური სწავლების საერთაშორისო ასოციაციის წევრი და 1968–1985 წლებში ამავე ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი იყო. ლოტმანის სტატიები იბეჭდებოდა ასოციაციის ოფიციალურ ჟურნალ „სემიოტიკაში“. 1977 წელს ლოტმანი ამერიკის სემიოტიკური საზოგადოების საპატიო წევრი გახდა. ის ასევე გაწევრიანებული იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის საბჭოში, იუნესკოს საერთაშორისო სოციალურ მეცნიერებათა საბჭოსა და ურბინოს უნივერსიტეტის (იტალია) სემიოტიკისა და ლინგვისტიკის საერთაშორისო ცენტრში. ლოტმანი ასევე რამდენიმე ჟურნალის, „სემიოტიკა“ და „პოეტიკა“, რედაქტორთა საბჭოს წევრი იყო. 1979 წელს ლოტმანი ფინეთის სემიოტიკური საზოგადოების წევრი გახდა და 1987 წელს ატარებდა ლექციებს ჰელსინკის უნივერსიტეტში. ის ასევე თანამშრომლობდა ბრიტანეთის (1977), ნორვეგიის (1987), შვედეთის (1989), ბრიუსელისა (1989) და პრაღის (1990) აკადემიებთან. 1990 წელს ლოტმანი ესტონეთის ესტონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. მომდევნო წელს საერთაშორისო ფილოლოგიის საზოგადოებამ ლოტმანი ფილოლოგიაში მოღვაწეობისათვის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

იური ლოტმანი გარდაიცვალა 1993 წლის 28 ოქტომბერს ტარტუში. მას ზარა მინტსთან სამი შვილი ჰყავდა, მიხაილ ლოტმანი — ასევე სემიოტოლოგი ტარტუს უნივერსიტეტში, გრიგორ ლოტმანი — ხელოვანი, და ალექსეი ლოტმანი — ბიოლოგი და გარემოს დამცველი.

სამეცნიერო მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეულ 1960-იან წლებში ლოტმანმა კავშირი დაამყარა მოსკოველ აკადემიკოსებთან და კერიკუში პირველ საზაფხულო სკოლაში მოიწვია. შეხვედრა მეორეული მოდელირების სისტემებს ეხებოდა. შეკრებილმა ჯგუფმა მოგვიანებით ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა დააარსა, რომლის წევრებს შორის იყვნენ ვიაჩესლავ ივანოვი, ალექსანდრ პიატიგორსკი, ვლადიმირ ტოპოროვი და ბორის უსპენსკი. 1973 წელს ხუთეულმა მანიფესტი გამოაქვეყნა, „თეზისი კულტურის სემიოტიკურ კვლევაზე (სლავურ ტექსტებთან მიმართებით)“, რამაც კულტურის როგორც „მეტასისტემის„ ანალიზსა და უფრო ფართოდ, კულტურის სემიოტიკის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

ლოტმანის და ტარტუ–მოსკოვის სკოლის ერთ–ერთ ცენტრალურ არგუმენტს ტექსტი როგორც საზრისის მაწარმოებელი მექანიზმი წარმოადგენდა. ბუნებრივი ენა ლოტმანისათვის პირველადი მოდელირების სისტემას ქმნიდა, რომელზეც დაფუძნებული იყო ხელოვნების, კულტურული წესების, კინოს, თეატრის, რელიგიის მეორეული მოდელირების სისტემები. ნიშანდობლივია, რომ ლოტმანის ეს არგუმენტი კარლ მარქსის ბაზისისა და სუპერსტრუქტურის სოციოლოგიურ მოდელს წააგავს, თუმცა ტარტუ–მოსკოვის სკოლა მარქსიზმს მკაცრად ემიჯნებოდა.

კულტურის სემიოტიკაში თავის ბოლო მთავარ ნაშრომში, „მოაზროვნე სამყაროთა შიგნით“ (1990), ლოტმანი კონცეფტ „სემიოსფეროს„ უბრუნდება, რომელიც პირველად 1984 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ახსენა. „სემიოსფეროს“ ლოტმანი განმარტავს როგორც ნიშანთა სისტემების არსებობისათვის საჭირო მუდმივად ცვალებად, თუმცა ერთ მთლიან სემიოტიკურ სივრცეს, რომლის მიღმაც სისტემებს არათუ ფუნქციონირება, არამედ არსებობაც კი არ შეუძლიათ. ლოტმანის მონოგრაფებს შორის ასევე შედის: „მხატვრული ტექსტის სტრუქტურა“, „პოეტიკური ტექსტის ანალიზი“, „კინოს სემიოტიკა“, „კულტურის სემიოტიკური თეორია“ და „კულტურა და აფეთქება“.

ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა ადრეულ 1960-იან წლებში სემიოტიკის საზაფხულო სკოლების საფუძველზე დაარსდა და თავისი ფილოსოფიით უპირისპირდებოდა საბჭოთა გაბატონებულ შეხედულებებს კულტურაზე, ენასა და ლიტერატურაზე. სკოლის სათავეში იური ლოტმანი იდგა, სხვა წევრებს შორის იყვნენ: ბორის უსპენსკი, ვიაჩესლავ ივანოვი, ვლადიმირ ტოპოროვი, ალექსანდრ პიატიგორსკი, ისააკ რევზინი, მიხაილ გასპაროვი, იური ლევინი და სხვები.

თავდაპირველად, ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა სტრუქტურალიზმისა და რუსული ფორმალიზმის გავლენას განიცდიდა, 1980 წლიდან კი მათი მიდგომა უფრო მეტად პოსტსტრუქტურალიზმს დაუახლოვდა. ნიშანდობლივია, რომ მაშინდელი რუსული მენტალობა გერმანული რომანტიზმის, შელინგისა და განსაკუთრებით, ჰეგელის ფილოსოფიის გავლენას განიცდიდა. ამის საპირისპიროდ, ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლა კანტის იდეებს ითავსებს და ტექსტს როგორც „თავისთავად ნივთს“ განიხილავს.

სკოლა თავის თეორიულ სათავეებს ცნობილი ლინგვისტისა და სემიოტოლოგის, ფერდინანდ დე სოსიურის, სტრუქტურული ლინგვისტიკიდან იღებს. შესწავლის საგანია არა ცალკეული ნიშანი და მისი ფუნქციონირება, არამედ ენა, როგორც ერთიანი სისტემა. ტარტუ–მოსკოვის სემიოტიკური სკოლის მთავარი კონცეფტი მაინც „ტექსტი“ იყო, რომელსაც ყოველდღიური კომუნიკაციისგან გამიჯვნა სჭირდებოდა, უნდა ყოფილიყო გასაგები და ჰქონოდა ველები ინფორმაციის გადასაცემად, ასევე მნიშვნელოვანი იყო კონტექსტისა და სხვადასხვა აუდიტორიის მიერ ტექსტის ინტერპრეტაციის ანალიზი.

ტარტუ–მოსკოვის სკოლის ერთ–ერთ მთავარ მიზანს სხვადასხვა ნიშანთა სისტემების შესწავლა და მათი გამაერთიანებელი კულტურის ტიპოლოგიის ანალიზი წარმოადგენდა. კულტურა ადამიანსა და მის გარემომცველ რეალობას შორის არსებულ სისტემად და ინფორმაციის გადარჩევისა და დამახსოვრებისათვის საჭირო მექანიზმად მიიჩნეოდა.

ტარტუ–მოსკოვის სკოლა გამოსცემდა ჟურნალს „ნიშანთა სისტემების შესწავლა“ (ესტ. „Trudy po znakovym sistemam“), რომელსაც ტარტუს უნივერსიტეტის პრესა აქვეყნებდა. ჟურნალი 1964 წელს დაარსდა და სემიოტიკის სამყაროში ყველაზე ძველ ჟურნალს წარმოადგენს.

1990 წლიდან ტარტუ–მოსკოვის სკოლის საფუძველზე ტარტუს სემიოტიკის სკოლა შეიქმნა, რომელსაც დღემდე უძღვებიან კალევი კული, პეტერ ტოროპი, მიხაილ ლოტმანი, ტიმო მარანი და სხვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chernov, I. 1988. Historical Survey of Tartu–Moscow Semiotic School. In: Semiotics of Culture. Proceedings of the 25th Symposium of the Tartu-Moscow School of ==Further reading==
  • Andrews, Edna 2003. Conversations with Lotman: Cultural Semiotics in Language, Literature, and Cognition. Toronto: University of Toronto Press.
  • Andrews, Edna 2003. The importance of Lotmanian semiotics to sign theory and the cognitive neurosciences. Sign Systems Studies 43(2/3): 347–364.
  • Elkouch, Hassib 2016. Juri Lotman in Arabic: A bibliography. Sign Systems Studies 44(3): 452–455.
  • Grishakova, Marina, and Silvi Salupere. Theoretical Schools and Circles in the Twentieth-Century Humanities: Literary Theory, History, Philosophy. Routledge, 2015.
  • Kull, Kalevi 1999. Towards biosemiotics with Yuri Lotman. Semiotica 127(1/4): 115–131.
  • Kull, Kalevi 2011. Juri Lotman in English: Bibliography. Sign Systems Studies 39(2/4): 343–356. See.
  • Kull, Kalevi; Gramigna, Remo 2014. Juri Lotman in English: Updates to bibliography. Sign Systems Studies 42(4): 549–552.
  • Lepik, Peet 2008. Universals in the Context of Juri Lotman’s Semiotics. (Tartu Semiotics Library 7.) Tartu: Tartu University Press.
  • Mandelker, Amy 1994. Semiotizing the sphere: Organicist theory in Lotman, Bakhtin, and Vernadsky. Publications of the Modern Language Association 109(3): 385–396.
  • Shukman, Ann 1977. Literature and Semiotics: A Study of the Writings of Ju. M. Lotman. Amsterdam: North Holland.
  • Waldstein, Maxim 2008. The Soviet Empire of Signs: A History of the Tartu School of Semiotics. Saarbrücken: VDM Verlag Dr. Müller.
  • Lotman, M. 2000. A Few Notes on the Philosophical Background of the Tartu School of Semiotics. In: European Journal for Semiotic Studies 12 (1): 23-46. By Institute for Socio-Semiotic Studies, Vienna.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 წიგნი — გვ. 57.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 6.2 The Fine Art Archive — 2003.
  7. წიგნი — გვ. 2. — doi:10.1007/978-3-030-14710-5
  8. 8.0 8.1 (unspecified title) — გვ. 2. — doi:10.1007/978-3-030-14710-5
  9. წიგნი — გვ. 28.
  10. https://pamyat-naroda.ru/heroes/podvig-chelovek_nagrazhdenie39916871/
  11. https://blockade.spb.ru/card/?id=2579799&source=podvig
  12. https://blockade.spb.ru/card/?id=2535215&source=podvig
  13. https://blockade.spb.ru/card/?id=2712808&source=podvig&
  14. https://blockade.spb.ru/card/?id=5059880&source=podvig&
  15. 15.0 15.1 Лотман, Юрий Михайлович. Лотман, Юрий Михайлович. Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-28. ციტირების თარიღი: 2019-06-28.
  16. იური ლოტმანის ბიოგრაფია. ციტირების თარიღი: 29 ივნისი, 2019.
  17. Лидия Лотман «Когда мы были маленькими». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-24. ციტირების თარიღი: 2014-10-15.
  18. Л. Столович. Воспоминания о Юрии Михайловиче Лотмане. Структурализм с человеческим лицом, 7iskusstv.com, დაარქივებული 29 ივნისი, 2019