ირინე უნგრელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე უნგრელი

დედოფალ ირინეს მოზაიკური პორტრეტი აია-სოფიას ტაძარში, სტამბოლი
ბიზანტიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 15 აგვისტო, 1118
მმართ. დასასრული: 13 აგვისტო, 1134
წინამორბედი: ირენე დუკაინა
მემკვიდრე: ბერთა ზულცბახელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1088
დაბ. ადგილი: ესტერგომი, უნგრეთი
გარდ. თარიღი: 13 აგვისტო, 1134, (46 წლის)
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი, ბიზანტია
მეუღლე: იოანე II, ბიზანტიის იმპერატორი
შვილები: მანუელ I, ბიზანტიის იმპერატორი
დინასტია: არპადები
მამა: ლასლო I, უნგრეთის მეფე
დედა: ადელჰაიდ შვაბიელი
რელიგია: ჯერ კათოლიციზმი
შემდეგ მართლმადიდებლობა

ირინე უნგრელი (უნგრ. Magyarországi Irén, ბერძ. Ειρήνη της Ουγγαρίας), დაბადების სახელია პიროსკა (უნგრ. Piroska; დ. 1088, ესტერგომი, უნგრეთის სამეფო — გ. 13 აგვისტო, 1134, კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია) — არპადთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთის მეფე ლასლო I-ის ქალიშვილი. ბიზანტიის დედოფალი 1118-1134 წლებში როგორც იმპერატორ იოანე II-ის მეუღლე. იმპერატორ მანუელ I-ის დედა.

დედოფალი ირინე მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინადად.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროსკა დაიბადა 1088 წელს ესტერგომში. იგი იყო უნგრეთის მეფე ლასლო I-ისა და მისი მეორე მეუღლის, დედოფალ ადელჰაიდ შვაბიელის ქალიშვილი. მისი სახელი „პიროსკა“ იყო ბერძნული სახელის, „პრისკას“ უნგრული ვერსია, რაც ბერძნულად „ანტიკურს“ ნიშნავს. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა სერიოზული ხასიათითა და დახვეწილი მანერებით. დედის მხრიდან იგი შვაბიის ჰერცოგ რუდოლფისა და მისი მეორე ცოლის, ადელაიდა სავოიელის შვილიშვილი იყო. ბებიამისი ადელაიდა თავის მხრივ სავოიის გრაფ ოტოსა და გრაფინია ადელაიდა ტურინელის შვილი იყო.

1090 წელს, როდესაც პიროსკა სულ ორი წლის იყო, დედამისი გარდაცივალა. მეფე ლასლო მესამედ აღარ დაქორწინებულა და იგი 1095 წლის 29 ივლისს გარდაიცვალა. რადგანაც პიროსკას ძმები არ ჰყოლია, უნგრეთის ტახტი მისმა ბიძაშვილმა, მეფე კოლომანმა, გეზა I-ის ვაჟმა დაიკავა.

ტახტზე ასვლისთანავე კოლომანმა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი I კომნენოსთან საქორწინო მოლაპარაკებები გააჩაღა, რადგან მას ძალიან უნდოდა ევროპისა და აზიის ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანასთან ალიანსი შეექმნა, რისი საუკეთესო გზაც ისევ დინასტიური ქორწილი იყო. მალევე გადაწყდა, რომ პიროსკა უნდა დაექორწინებინათ ალექსი I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ირენე დუკაინას უფროს ვაჟ იოანეზე. აღსანიშნავია, რომ იოანე 1092 წლის 1 სექტემბრიდან მამის თანა-იმპერატორი იყო იოანე II-ის სახელით.

უნგრელებსა და ბიზანტიელებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რასაც 1104 წელს პიროსკასა და იოანეს ქორწილი მოჰყვა. ქორწილამდე სულ ცოტა ხნით ადრე პიროსკა მართლმადიდებლად მონათლეს და ბიზანტიელებმა მას ირინე უნგრელი დაარქვეს. ქორწინების შემდეგ იგი ბიზანტიის თანა-დედოფალი გახდა.

1118 წლის 15 აგვისტოს, ალექსი I-ის გარდაცვალების შემდეგ, იოანე II ბიზანტიის ერთპიროვნული მმართველი გახდა, რითაც ირინე უნგრელიც სრულუფლებიან დედოფლად იქცა. მიუხედავად მისი თანამდებობისა, ირინეს პოლიტიკაზე გავლენა არ ჰქონია.

დედოფალმა ირინემ თითქმის მთელი თავისი ცხოვრება თავისი მრავალი შვილის აღზრდასა და ღვთისმოსავობას შეალია. მას მეუღლესთან ერთად კონსტანტინოპოლში ქრისტე მაცხოვრის მონასტერი (დღეისათვის ზეირეკის მეჩეთი) ააგო. ამ მონასტრის შემადგენლობაში იყო სამი ეკლესია და ხუთი საავადმყოფო პალატა, რომელიც ღია იყო ნებისმიერი სოციალური კლასის წარმომადგენელი ადამიანისათვის.

დედოფალი ირინე უნგრელი გარდაიცვალა 1134 წლის 13 აგვისტოს კონსტანტინოპოლში, 46 წლის ასაკში. მოგვიანებით იგი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, თუმცა უნგრელები მას მაინც „წმინდა პიროსკას“ უწოდებენ.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ალექსი (1106-1142), ბიზანტიის თანა-იმპერატორი 1122-1142 წლებში. პირველად ცოლად შეირთო ეუპრაქსია დობროდეია კიეველი, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც იქორწინა საქართველოს მეფე დავით IV-ის ასულ კატა ბაგრატიონზე;
  2. მარია (1106-?), ალექსიოსის ტყუპისცალი. ცოლად გაჰყვა იოანე დალასენოსს;
  3. ანდრონიკე (?-1142), ცოლად შეირთო ირინე, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის ავსტრიის ჰერცოგინია თეოდორა კომნენა;
  4. ანა, ცოლად გაჰყვა სტეფან კონტოსტეფანოსს;
  5. ისააკი (?-1154), დაქორწინდა ორჯერ, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  6. თეოდორა (?-1157), ცოლად გაჰყვა მანუელ ანემასს;
  7. ევდოკია, ცოლად გაჰყვა თეოდორე ბატაცესს;
  8. მანუელ I (1118-1180), ბიზანტიის იმპერატორი 1143-1180 წლებში. პირველად იქორწინა ბერთა ზულცბახელზე, რომელთანაც ორი გოგონა გაუჩნდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო მარია ანტიოქიელი, რომელთანაც შეეძინა მომავალი იმპერატორი ალექსი II;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kálmán, Béla (1979) The World of Names: A Study in Hungarian Onomatology, Akadémiai Kiadó, p. 28
  • Necipoğlu, Nevra (ed.) (2001) Byzantine Constantinople, Brill, p. 133
  • Wilhelm Blum : Humanistische Reisen. H. Utz, München 2002, ISBN 3-8316-0110-0, S. 139.
  • Georgije Ostrogorski: Byzantinische Geschichte: 324–1453. C.H. Beck, München 1996, ISBN 340639759X, S. 516.