იოსებ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ იულონის ძე დადიანი (დ. 1863, სენაკი, — გ. 30 მარტი, 1937, პარიზი[1]) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

დაამთავრა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი 1886 წელს. იმავე წლიდან ჩაება საქართველოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1901 წელს იყო საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და წევრი (1917 წლამდე). 1910-იან წლებში უშაობდა ბაქოში ნობელების ნავთობ-გადამამუშავებელი ფირმის ინჟინრად. იყო ბაქოს ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და თბილისის განყოფილებათა წევრი. 1917 წელს მონაწილეობდა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებაში. ამავე პარტიიდან არჩეული იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს და საქართველოს პარლამენტის წევრად. 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა პარიზში. 1921–1937 წლებში იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, არჩეული იყო „ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკის“ წევრად. 1924 წელს დადიანის აქტიური მონაწილეობით პარიზში დაარსდა ქართული პოლიტიკური ორგანიზაცია თეთრი გიორგი. თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

იოსებ დადიანს ცოლად ჰყავდა თამარ გრიგოლის ასული თარხან-მოურავი (1876–1942). მათი შვილები იყვნენ: ელისაბედი (ელისო; 1902–1944), ირინა (ბება; 1904–1944) და სალომე (1912–1957). ელისაბედი დაქორწინებული იყო ბრიტანელ არქიტექტორ არნოლდ ზარბზე (საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება ელისოს საველი სორინის მიერ შესრულებული პორტრეტი), ირინა — საფრანგეთის არმიის ოფიცერ დიმიტრი ამილახვარზე, სალომე — ალექსი გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანელზე. 1944 წელს პარიზში დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის საღამოზე მიმავალი ელისაბედი და სალომე ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასათიანი ალ., თავადი იოსებ დადიანი (1863–1937), «სამშობლო», პარიზი, 1937, №21–22;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Возрождение. - Париж, 1937, 8 мая. № 4077.
  2. „ელისო დადიანი“, «ქართველები უცხოეთში: ბიოგრაფიები და მოღვაწეობა», საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.