შინაარსზე გადასვლა

თეთრი გიორგი (1924 - 1954)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეთრი გიორგი.

თეთრი გიორგი — ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებდა ევროპაში 1924-1954 წლებში.

1924 წლის აგვისტოს ამბოხების დამარცხებისა და ბოლშევიკური რეჟიმის მიერ აჯანყებულთა მიმართ სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ საქართველოში დიდი და ძლიერი იატაკქვეშა ანტიბოლშევიკური ორგანიზაციის შექმნა შეუძლებელი იყო. იქმნებოდა მხოლოდ მცირერიცხოვანი არალეგალური ჯგუფები. ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში გააქტიურდა არასოციალისტური ფრთა, რასაც ხელი შეუწყო 1924 წლის ოქტომბერში საფრანგეთში ქაქუცა ჩოლოყაშვილის და მისი შეფიცულების ჩასვლამ. 1924 წლის სექტემბრის დამლევს შალვა ბერიძის თაოსნობით პარიზში დაფუძნდა ქართველი ახალგაზრდობის პატრიოტული ორგანიზაცია „მომავალი“. იმავე წლის 24 ოქტომბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი შეფიცულები მიწვეულ იქნენ „მომავლის“ ერთ-ერთ სხდომაზე. ჩოლოყაშვილმა წამოაყენა წინადადება ორგანიზაციისთვის ეწოდებინათ „თეთრი გიორგი“.

ორგანიზაციის 10-მუხლიანი დებულება გამოქვეყნდა 1925 წლის იანვარში. ორგანიზაციის ძირითადი მიზნები იყო საქართველოს განთავისუფლება, ბრძოლა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ და სხვ. 1925 წლის ნოემბერში ორგანიზაციის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა გენერალი ლეო კერესელიძე, რომელმაც, მოადგილედ მიიწვია თავისი უახლოესი თანამებრძოლი, პროფესორი მიხეილ წერეთელი. იმავე ხანებიდან ორგანიზაციამ მიიღო სახელწოდება: „ეროვნული ერთობის დარაზმულობა „თეთრი გიორგი““. ორგანიზაციის წევრები იყვნენ კალისტრატე სალია, გიორგი მაღალაშვილი, სიმონიკო ბერეჟიანი, სვიმონ ციციშვილი.

„თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მისმა წინამორბედმა ემიგრაციულმა ორგანიზაციებმა, როგორებიც იყო „საქართველოს ხელშეკრულების უფლებათა დამცავი კავშირი“ 1912-1914 წლებში მიხაკო წერეთლის და არჩილ ჯორჯაძის ხელმძღვანელობით და „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი“ 1913-1917 წლებში (პეტრე სურგულაძე, მიხაკო წერეთლის, ლეო და გიორგი კერესელიძეები, შალვა ვარდიძე, გიორგი მაჩაბელი).

კერესელიძის ჯგუფს გაემიჯნა დარაზმულობის წევრთა ერთი ჯგუფი შალვა მაღლაკელიძის თაოსნობით. მაღლაკელიძე ფაშიზმის გერმანულ მოდელს აღიარებდა, კერესელიძე კი – იტალიურს. გარდა ამისა, ლეო კერესელიძე და მიხაკო წერეთელი კატეგორიულად წინააღმდეგნი იყვნენ „თეთრი გიორგის“ წესდების და პროგრამის ოფიციალურად დამტკიცება-რეგისტრირებისა ემიგრაციაში: მათი აზრით, ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ დამოუკიდებელ, სუვერენულ საქართველოში.

„თეთრი გიორგი“ საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„თეთრი გიორგის“ სამი კონსპირაციული ჯგუფი არსებობდა საქართველოშიც, ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ხოლო მეორეს იურისტი ევგენ ღვალაძე. ჭავჭავაძე დახვრიტეს 1930, ხოლო ღვალაძე - 1937 წელს.

მესამე ჯგუფი არსებობდა 1941-43 წლებში ლევან (მუსტაფა) შელიას ხელმძღვანელობით. ორგანიზაცია ლატვიელი მხატვრის, რომან სუტას დახმარების ბეჭდავდა პურის ყალბ ტალონებს ფულის შოვნის მიზნით მარგარიტა ასტვაცატუროვას ბინაში. ასტვაცატუროვა იყო სანდრო ახმეტელის რძალი და ოჯახის წევრების რეპრესიების გამო ანტისაბჭოთად იყო განწყობილი. 1943 წელს დახვრიტეს ორგანიზაციის წევრები ლევან აბდუშელიშვილი, შალვა სვანიძე, რომან სუტა და პატიმრობა მიუსაჯეს ჭაბუა ამირეჯიბს, პავლე ხარანაულს, გიორგი მაჭავარიანს, ვახტანგ ჯორჯაძეს, არჩილ წულუკიძეს, მარიამ ამირეჯიბს, არჩილ ხარანაულს, ამირან მორჩილაძეს, გიორგი წულუკიძეს, ვილჰელმ სილერს, ელეონორა პფეფერს, მარგარიტა ასტვაცატუროვას.[1]

  • შ. ბერიძე. „მოგონება (1924-1933 წწ.)“ — გაზ. „თეთრი გიორგი“, N69-71, პარიზი, 1933.
  • საქართველოს პატრიოტული ახალგაზრდობა „თეთრი გიორგი“. დამფუძნებელი კრების დეკლარაცია, პარიზი, 1925.
  • ლ. კერესელიძე,„ჩვენი იდეოლოგიის ზოგიერთი მხარეები: ეროვნული დისციპლინა“ - გაზ. „თეთრი გიორგი“, N74-75, პარიზი, 1934.
  • გაზეთი „თეთრი გიორგი“, N98, პარიზი, 1936.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჯავახიშვილი ნ. „ლატვიელი მხატვარი რომან სუტა საქართველოში“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 124-134 —თბილისი, „უნივერსალი“ 2016 ISSN 1512-3154