ივანე მიჩურინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე მიჩურინი
რუს. Иван Мичурин
დაბ. თარიღი 15 (27) ოქტომბერი, 1855[1]
დაბ. ადგილი მიჩუროვკა
გარდ. თარიღი 7 ივნისი, 1935(1935-06-07)[2] [3] [4] [5] (79 წლის)
გარდ. ადგილი მიჩურინსკი
დასაფლავებულია მიჩურინსკი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საბჭოთა რუსეთი
 სსრკ
საქმიანობა ბოტანიკოსი, გენეტიკოსი და პომოლოგი
ჯილდოები ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი და რსფსრ მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
საიტი imichurin.narod.ru/Index.html

ივანე ვლადიმერის ძე მიჩურინი (დ. 15 (27) ოქტომბერი1855, მამული ვერშინა, ახლანდ. პრონსკის რაიონი — გ. 7 ივნისი, 1935, მიჩურინსკი) — რუსი ბიოლოგი, სელექციონერ-გენეტიკოსი, ბუნებისმეტყველი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის აკადემიკოსი (1935), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1935). რუსეთში ხეხილოვანი კულტურების სამეცნიერო სელექციის ფუძემდებელი.[6]

დაიბადა მამულ ვერშინაში, სოფელ დოლგოესთან ახლოს (ახლანდ. მიჩუროვკა, პრონსკის რაიონი, რიაზანის ოლქი), მცირემამულიანი აზნაურის ოჯახში. უმაღლესი განათლება არ მიუღია, დაკავებული იყო თვითგანათლებით. 1875 წელს ქალაქ კოზლოვთან (ახლანდ. მიჩურინსკი) დააარსა პომოლოგიური სანერგე, სადაც შეაგროვა ხეხილოვანი მცენარეების კოლექცია (800-ზე მეტი ფორმა), რომელსაც იყენებდა ჰიბრიდიზაციის გზით ახალი ჯიშების გამოსაყვანად. 1899 წელს ახალი ნაკვეთი შეიძინა (დაახლ. 13 ჰექტარი) მდინარე ლესნოი-ვორონეჟის ჭალაში, სადაც გადაიტანა თავისი სანერგე. აქ ცხოვრობდა და მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. 1913 წელს უარი განაცხადა აშშ-ის მიწათმოქმედების დეპარტამენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო ამერიკაში ან გაეყიდა თავისი კოლექცია. 1917 წელს ემხრობოდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას, რითაც შემდგომში საბჭოთა მთავრობისგან მხარდაჭერა მიიღო და განაგრძო თავისი საქმიანობა. მიჩურინის მოღვაწეობას იწონებდა ნიკოლოზ ვავილოვი. 1918 წელს თავისივე თხოვნით მოხდა სანერგის ნაციონალიზაცია, ივანე მიჩურინი გახდა დირექტორი, სანერგეს ეწოდა „ივანე მიჩურინის სახელობის საცდელ-პომოლოგიური სანერგე“ (დღეს — ხეხილოვანი მცენარეების გენეტიკისა და სელექციის ინსტიტუტი).[6]

მიჩურინის ძირითადი შრომები ეძღვნება ხეხილოვანი მცენარეების სელექციას, შორეული ჰიბრიდიზაციის თეორიის შემუშავებას, ჰიბრიდული ნათესარების გადარჩევასა და განვითარების მართვას. შემოგვთავაზა საფეხუროვანი აკლიმატიზაციის მეთოდი, გეოგრაფიულად დაშორებული ფორმების შეჯვარება, შეუჯვარებლობის გენეტიკური ბარიერების გადალახვის საშუალებები, შექმნა შეჯვარებისათვის საწყისი ფორმების შერჩევის თეორია. გამოიყვანა ხეხილოვანი, კენკროვანი, ბოსტნეული კულტურების და დეკორატიული მცენარეების 350-ზე მეტი ჯიში, რომელთაგან მრავალი დღემდეა დარაიონებული. სათავე დაუდო ჩრდილოეთში ყურძნის, გარგრის, ბლისა და სხვა კულტურების შეტანას.[6]

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა (1925) და ლენინის ორდენებით (1931). დაწესებულია მიჩურინის სახელობის ოქროს მედალი, რომელსაც რუსეთის სოფლის მეურნეობის აკადემია გასცემს მცენარეების გენეტიკისა და სელექციის დარგში მოწინავე მიღწევებისათვის.[6] თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мичурин Иван Владимирович // Большая российская энциклопедияМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  2. Мичурин Иван Владимирович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  3. SNAC — 2010.
  4. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Савельев Н. И. Мичурин Иван Владимирович // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 512.