შინაარსზე გადასვლა

კენკროვანი კულტურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კენკროვანი კულტურები — ჯგუფი ველური და კულტურული მრავალწლოვანი მცენარეებისა (ბუჩქები, ნახევარბუჩქები, ბალახები), რომელთაც საჭმელად ვარგისი ნაყოფი ე. წ. კენკრა აქვთ. ევროპის ქვეყნებში კულტურაში უმეტესად გავრცელებულია მარწყვი, ხურტკმელი, მოცხარი, ჟოლო.

საქართველოში უმეტესად მოჰყავთ მარწყვი. კენკრა შეიცავს ადამიანის კვებისათვის მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს. იხმარება ნედლად, გაყინული, გამხმარი. ამზადებენ მურაბას, ჯემს, კომპოტს, სასმელს, მარმელადსა და სხვა. ზოგი კენკროვანი კულტურების ნაყოფს (მოცვი, ჟოლო, შავი ცირცელი) სამკურნალოდ იყენებენ.

კენკროვანი კულტურები ადვილად მრავლდება, ადრე იწყებს მსხმოიარობას (მარწყვი მე-2 წელს, ჟოლო — მე-3, მოცხარი და ხურტკმელი მე-3 — მე-4 წელს) და ყოველწლიურად იძლევა მაღალ მოსავალს. მრავლდება ვეგეტატიურად — კალმით, გადაწიდვნით, ბუჩქის დაყოფით, ამონაყრითა და პწკალით. საწარმოო პლანტაციებს აშენებენ ისეთ ნაკვეთებზე, რომლებიც დაცულია ქარისაგან, სწორია ან ოდნავ დაფერდებული. საქართველოში მარწყვის პლანტაციებს აშენებენ ადრე გაზაფხულზე და შემოდგომაზე (როცა ნიადაგის ტემპერატურა 0-20 სმ სიღრმეზე 8°C-ზე მეტია). კენკროვანი კულტურების პლანტაციების მოვლა ითვალისწინებს ნიადაგის დამუშავებას, მცენარეთა დაცვას მავნებლებ-დაავადებებისაგან, გასხვლას, პწკალის შეცვლას და სხვა.

კენკროვანი კულტურების ასორტიმენტი დიდია. მთაში, ტყეში, ჭაობსა და ველზე უხვადაა ველურად მოზარდი კენკროვნები, რომელთა ნაყოფს აგროვებენ და ხმარობენ საჭმელად. მათ კულტურულ ფორმებთან შესაჯვარებლადაც იყენებენ.