იაკობ ზუბალაშვილი (მეწარმე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი

იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი (დ. 1876, თბილისი — გ. 1941) — ქართველი მეწარმე, მეცენატი, ფილანთროპი, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, მოყვარული მხატვარი და კომპოზიტორი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობ ზუბალაშვილი დაიბადა 1876 წელს თბილისში, კათოლიკურ ოჯახში. მამა, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი XIX საუკუნის 60-70-იან წლების საქართველოში ცნობილი მრეწველი და ქველმოქმედი იყო. იაკობის დედა, ელისაბედ მიხეილის ასული თუმანიშვილი გახლდათ ღრმად მორწმუნე კათოლიკე. კონსტანტინესა და ელისაბედს ჰყავდათ რვა შვილი, ხუთი ბიჭი და სამი ასული. მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მას შემდეგ შეეძინათ ოთხი ვაჟიშვილი: ლევანი, სტეფანე, პეტრე და იაკობი.

1860 წელს კონსტანტინე ზუბალაშვილმა ინგლისელ მრეწველ როტშილდისგან ბაქოში, კუნძულ ბიბი ებიათზე იყიდა მიწა, სადაც ნავთობის საბადოები იყო განთავსებული. ზუბალაშვილების ნავთობის საბადო მეტად მდიდარი გამოდგა. კონსტანტინემ ვაჟიშვილებს თანაბრად გაუნაწილა კუნძული და ისინიც ნავთობმრეწველებად იქცნენ.

საქართველოში ცხოვრება და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაკობმა, ოჯახის ტრადიციის მიხედვით, პირველდაწყებითი განათლება დედის ხელმძღვანელობით მიიღო. სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, სადაც საფუძვლიანად დაეუფლა ევროპულ ენებს, ზედმიწევნით შეისწავლა ქართული ენა და ლიტერატურა.

იაკობს და მის ძმებს კარგად ესმოდათ, რომ საქართველოს სიძლიერისა და აყვავების საფუძველი განათლებული ქართველობა იქნებოდა. ამისათვის კი საჭირო იყო ბეჭდვითი სიტყვის გაძლიერება და ხელშეწტობა. იაკობი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან და სისტემატურად ეხმარებოდა ფინანსურად. მისი მხარდაჭერით დიდად იყვნენ დავალებული „ივერიის“, „მოგზაურის“, „Кавказский край“ გამომცემლები. იაკობი თვლიდა, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობის გამო აუცილებელი იყო თბილისში რუსულ ენაზეც გამოეცათ გაზეთი, რათა მისი საშუალებით ქართველებს შესძლებოდათ გაეცათ პასუხი იმ მცდარ თუ ნაყალბევ ინფორმაციებზე, რომლებიც ხშირად იბეჭდებოდა რუსულ პრესაში. ახალი გაზეთის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო კავკასიის ხალხებს შორის ძმური სოლიდარობის ქადაგება და განათლება-კულტურის ამაღლება. მან ხელისუფლებისაგან სპეციალური ნებართვა აიღო, რათა თბილისში გამოეცა ახალი გაზეთი „Возрождение“. მართალია გაზეთის გამომცემელ-რედაქტორი სხვა იყო, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი საქმის ხელმძღვანელი და ყველანაირი ხარჯის გამღები თავად იაკობ ზუბალაშვილი გახლდათ.

ძმები ზუბალაშვილები ჟურნალ „ნაკადულს“ დაარსების დღიდან აფინანსებდნენ, ხოლო 1906 წლიდან მთლიანად თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს ჟურნალის გამოცემის საქმე. უბინაოდ და უსახსროდ დარჩენილი რედაქცია საკუთარ ჭერქვეშ შეიფარეს და ბინის გარკვეული ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს.

იაკობ ზუბალაშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და დიდი შემწე. იგი ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას, გაზეთ „ივერიის“ რედაქციას.

იაკობისა და მისი ძმების მიერ გაღებული თანხით აშენდა თბილისში „სახალხო სახლი“ — ქართული თეატრის შენობა, თავადაზნაურთა გიმნაზიის შენობა, კათოლიკური ეკლესია ბათუმში. ბევრმა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება რუსეთსა და უცხოეთში. მათ რიგებში იყვნენ ალექსანდრე ჯანელიძე, სარგის კაკაბაძე, შალვა ამირეჯიბი, გერონტი ქიქოძე, ლეო ქიაჩელი, პავლე ინგოროყვა და სხვ.

ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურების გამო, თბილისის ერობამ ძმებ ზუბალაშვილებს 1913 წელს თბილისის საპატიო მოქალაქეების წოდება მიანიჭა.[1]

ცხოვრება ემიგრაციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910-იან წლებში იაკობი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გაემგზავრა. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და სამუდამოდ უცხოეთში დარჩა. საკუთარი ოჯახი არ შეუქმნია. მის საფრანგეთში ცხოვრების შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვბა.

იაკობს, პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობის გარდა, იზიდავდა მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც. განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა ხელოვნების ნიმუშების მიმართ. ამიტომაც საფრანგეთში ცხოვრების მანძილზე გატაცებით აგროვებდა ფერწერულ ტილოებსა და სხვა იშვიათ ნივთებს. იყო მოყვარული მხატვარი და კომპოზიტორი.[2][3][4] იაკობს საფრანგრთში ჟაკ მიშელ ზუბალოვი სახელით იცნობდნენ.

იაკობ ზუბალაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. ამისთვის ანდერძიც შეუდგენია, პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიალურად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია და კოლექცია თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის.

არსებობს დაუზუსტებული იმფორმაცია თუ რატომ შეცვალა ანდერძი იაკობმა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იგი გაუძარცვავთ. მძარცველები ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება საფრანგეთს დაუტოვა. მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები, მარმარილოს, ბრინჯაოს, კერამიკის, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

იაკობის კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში. მისი გვარი მოხსენიებულია ლუვრის კედელზე, მარმარილოს დაფაზე, იმ პირთა შორის, რომლებმაც ამ მუზეუმისთვის დიდი შეწირულობა გაიღეს ხელოვნების ნიმუშების სახით. პარიზში პეტი პალეს მუზეუმის ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალოვის დარბაზი".[5]

იაკობ ზუბალაშვილმა 1922 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. სიცოცხლის ბოლო წლები მან სიღარიბეში გაატარა. 1936 წელს, როცა მას მატერიალურად გაუჭირდა, პარიზის მუზეუმის დირექციას სთხოვა აეყვანათ უბრალო სამსახურში, როგორც ნახატების ინვენტარიზატორი. მისი ეს თხოვნა ვერ დააკმაყოფილეს. მხოლოდ 1938 წელს გაიღეს ერთჯერადი ფულადი დახმარება. იაკობი გარდაიცვალა 1941 წელს. დაკრძალულია პარიზის ახლოს, ქალაქ ნეიი-სიურ-სენში.

2018 წელს ძმებ ზუბალაშვილების არქივი საფრანგეთიდან საქართველოს გადმოეცა და ბინა დაიდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. არქივში დაცულია იაკობის რამდენიმე პირადი ნივთი და სპეციალური გამოცემა, რომელიც მის მიერ საფრანგეთის მუზეუმებისათვის უსასყიდლოდ გადაცემულ ხელოვნების ნიმუშებს ეხება.[6]

იაკობ ზუბალაშვილის ფერწერული ნამუშევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თხევადი მზის ქვეყანა = Land of the liquid sun. - [თბილისი, 2012]. - გვ. 216.
  2. ფეიქრიშვილი ჟ., ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან. - თბ., 2019. გვ. 164
  3. Jacques Zoubaloff (or Jacques-Michel)Tbilisi, Georgia, 1876–Paris, 1941
  4. ЗУБАЛОВ Яков (Жак) Константинович
  5. Entrée de la galerie Zoubaloff (Petit Palais)
  6. ძმები ზუბალაშვილების იშვიათი არქვი თბილისში დაბრუნდა / საქართველოს რესპუბლიკა.- 28 ივლისი, 2018. - N 151-152. - გვ. 4.