შინაარსზე გადასვლა

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულისაქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში ადმინისტრაციული ერთეული თვითმმართველი ერთეულის — მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში. მუნიციპალიტეტი შეიძლება დაიყოს ადმინისტრაციულ ერთეულებად მართვის ოპტიმიზაციის მიზნით.

ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ტიპის მიხედვით. თვითმმართველ თემში ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია ერთი ან რამდენიმე დასახლების (მაგ., სოფლის) ტერიტორიას ემთხვევა, თვითმმართველ ქალაქში კი ის დასახლების ნაწილია. საქართველოს დედაქალაქის — თბილისის ადმინისტრაციული ერთეულია რაიონი.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოქმედი კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტის მერის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, დადგენილებით იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 2014 წლამდე მოქმედი ორგანული კანონის მიხედვით ადმინისტრაციული ერთეული იყო თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) ნაწილი, სადაც იქმნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ის შეიძლებოდა ყოფილიყო დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი), დასახლებათა გაერთიანება (თემი) ან დასახლების ნაწილი (უბანი).