შინაარსზე გადასვლა

თედორე ახვერდოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თედორე ესაიას ძე ახვერდოვი, თევდორე ახვერდაშვილი (რუს. Фёдор Исаевич Ахвердов) (დ. 1773 — გ. 1820), რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი, წარმოშობით ქართველი. კავკასიის ომის მონაწილე.

დაიბადა 1773 წელს ქართველი აზნაურის, სეკუნდ–მაიორ ესაია ვასილის ძე ახვერდაშვილის ოჯახში. ახვერდოვის ქართულ წარმოშობაზე მიუთითებს რუსული ბიოგრაფიული ლექსიკონი[1], რუსეთის თავად–აზნაურთა გენეალოგიური წიგნები (ბობრინსკის[2] და სხვ.), მ. გოგიტიძე[3]; მიუხედავად ამისა, სომეხმა მეცნიერმა გ. ავეტისიანმა იგი სომეხი გენერლების სიაში შეიყვანა[4].

1788 წელს ჩააბარა საარტილერიო კადეტთა კორპუსში. 1791 წელს შტიკ–იუნკერი (იუნკერის წოდება საარტილერიო და საინჟინრო ჯარებში) გახდა. ხოლო 1793 წელს გახდა აუდიტორი (რევოლუციამდელ რუსეთში სამხედრო იურისტის წოდება) და კანონიერთა (გერმ. Kanonier; არტილერისტი, სიტყვ. მეზარბაზენე) I პოლკში ჩაირიცხა. იმავე წელს ახვერდოვი გადაყვანილ იქნა გენერალ პ. ზუბოვის შტაბში ფლიგელ–ადიუტანტად. 1796 წელს აყვანილ იქნა კანონიერთა I პოლკის კაპიტნის რანგში; 1797 წელს დაინიშნა საარტილერიო ბატალიონში (მე–5 საარტილერიო პოლკი); 1798 წელს აყვანილ იქნა ვიცე–პოლკოვნიკის (ვიცე-პოლკოვნიკი) რანგში; 1799 წელს – პოკოვნიკის; 1800 წელს განაწილდა საპონტონე როტაში; 1803 წელს გადაყვანილ იქნა მე–9 საარტიელერიო ბატალიონში; 1806 წელს – მე–4 საარტილერიო პოლკში, ხოლო მისი დაშლის შემდეგ, 1806 წელსვე მე–9 საარტილერიო ბატალიონის ბრიგადის მეთაურად გადავიდა.

1807 წელს ახვერდოვი დაინიშნა საქართველოს მმართველად; 1808 წელს აყვანილ იქნა გენერალ–მაიორის რანგში; 1811 წელს გათავისუფლდა ამ თანამდებობიდან და ჩაირიცხა არტილერიაში; 1812 წლიდან კავკასიაში მოქმედი მე-19 ქვეითი დივიზიის მეთაურია; მივლინებულ იყო თურქეთში სამშვიდობო ტრაქტატის დასადებად. 1816 წლიდან იყო ცალკე ქართული კორპუსის არტილერიის უფროსი მეთაური.

საბრძოლო გამოცდილება და ორდენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახვერდოვი მონაწილეობდა:

ახვერდოვი დაქორწინებული იყო გენერალ–მაიორ არსენიევის ქალიშვილზე, რომელთანაც იზრდებოდა თავადის ასული ნინო ჭავჭავაძე, შემდგომში ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე.

ახვერდოვის ძმამ, ალექსანდრემ ასევე მიაღწია გენერლის ჩინს. იყო ყიზლარის კომენდანტი და მონაწილეობდა კავკასიის საომარ მოქმედებებში, ხოლო შემდეგ, 1812 წელს შეადგინა კალმიკური ლაშქარი ნაპოლეონის წინააღმდეგ საბრძოლველად. ალექსანდრე ვაჟი, ნიკოლოზი (ნიკოლაი) (1800–1876) ჟანდარმთა ცალკე პოლკში და იყო სმოლენსკის სამხედრო გუბერნატორი.

მეორე ძმა ნიკოლოზი (ნიკოლაი) (1754–1817) იყო გენერალ–ლეიტენანტი და დიდი მთავრების ნიკოლოზ და მიხეილ პავლეს ძეთა აღმზრდელი, რის შემდეგაც არხანგელსკის გუბერნატორის თანამდებობაზე მსახურობდა.

  • Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). Киев, 2001
  • Русский биографический словарь: В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896-1918
  • Степанов В. С., Григорович П. И. В память столетнего юбилея императорского Военного ордена Святого великомученика и Победоносца Георгия. (1769—1869). СПб., 1869
  • Хуан Ван-Гален. Два года в России // Кавказская война: истоки и начало. 1770—1820 годы. Воспоминания участников Кавказской войны. СПб., 2002.
  • ხანთაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 104, თბ., 1977
  1. Русский биографический словарь (РБСП)], В 25 т. / под наблюдением А. А. Половцова. 1896-1918
  2. Бобринский Александр Алексеевич - Дворянские роды, внесенные в общий гербовник Всероссийской империи. Часть 2 (от нач.XVII в. до 1885 года), Санкт-Петербург. Типография Стасюлевича, 1890
  3. Гогитидзе М. Грузинский генералитет (1699—1921). Киев, 2001
  4. Аветисян Г. А. Генералы-армяне в Российской империи. — Ер., 2007