ყიზლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
ყიზლარი
Кизляр
Свято-Георгиевский храм г. Кизляр.jpg
წმ. გიორგის ტაძარი ყიზლარში
დროშა გერბი
Flag of Kizlyar.png Coat of Arms of Kizlyar (Dagestan) (1842).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დაქვემდებარება რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქი
რესპუბლიკა დაღესტანი
საქალაქო ოკრუგი ყიზლარი
კოორდინატები 43°51′00″ ჩ. გ. 46°43′00″ ა. გ. / 43.85000° ჩ. გ. 46.71667° ა. გ. / 43.85000; 46.71667
დაარსდა 1735
ამჟამინდელი სტატუსი 1785
ფართობი 32,31 კმ²
ცენტრის სიმაღლე -5
მოსახლეობა 49 412 კაცი (2020)
სიმჭიდროვე 1529,31 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 368830–368833
ოფიციალური საიტი mo-kizlyar.ru
300
300
ყიზლარი — დაღესტანი
ყიზლარი

ყიზლარი (რუს. Кизля́р, ჩეჩ. ГӀизлар) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ჩრდილოეთ ნაწილში; საქალაქო ოკრუგისა და ყიზლარის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს კასპიისპირა დაბლობზე, მდინარე თერგის დელტაში. 2019 წლის მონაცემებით ყიზლარის მოსახლეობა 49,2 ათასი მცხოვრებია.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიზლარს საფუძველი 1735 წელს ჩაუყარა რუსეთის არმიის გენერალ-ანშეფმა ვასილი ლევაშოვმა, რომელმაც მდინარე თერგის დელტაში ციხესიმაგრისა და ქალაქის მშენებლობის გეგმა შეიმუშავა. აქ დაასახლეს ახლომდებარე გაუქმებული „წმინდა ჯვრის ციხესიმაგრის“ მცხოვრებნი. ქალაქის დასახელება თურქულიდან მომდინარეობს და „წითელ ხრამს“ („ყიზილ არა“) ნიშნავს. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ყიზლარი კავკასიის სასაზღვრო ხაზის ერთ-ერთ ძირითად პუნქტად, აღმოსავლეთთან ვაჭრობისა და აღებ-მიმცემლობის მსხვილ ცენტრად და ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის იმპერიის მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ საყრდენად იქცა. 1752 წლიდან ყიზლარსა და მის შემოგარენში განვითარდა მეაბრეშუმეობა, 1755 წლიდან კი ქალაქში მოეწყო რუსეთის სასაზღვრო საბაჟო პუნქტი, უცხოელი ვაჭრებისთვის აშენდა ქარვასლები. მომდევნო ათწლეულებში განვითარდა მეღვინეობა, მოეწყო არხის სახდელი ქარხნები.[1]

XVIII საუკუნის II ნახევარში ყიზლარი წამყვან როლს ასრულებდა რუსეთის სახელმწიფოსა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხებს შორის ურთიერთობაში. აქვე გაჩნდა მნიშვნელოვანი სომხური და ქართული ახალშენები. ყიზლარიდან იყო მომავალში ცნობილი მხედართმთავარი პეტრე ბაგრატიონი. სავაჭრო ურთიერთობების წახალისების მიზნით 1765 წელს იმპერატორმა ეკატერინე II-მ ყაბარდოელები და ყუმიხები ყიზლარში საქონლის გაყიდვის ან შეძენის შემთხვევაში საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლა. XVIII საუკუნის მიწურულს ყიზლარში საქონელბრუნვა ასტრახანის გზით საზღვაო ვაჭრობის მაჩვენებელს გაუთანაბრდა. 1807 წელს ქალაქში გაიხსნა რუსეთის იმპერიაში რიგით მეორე მეღვინეობა-მევენახეობის სასწავლებელი, შემდეგ მეაბრუშემეობის სკოლა.[1]

ადმინისტრაციულად 1785 წლამდე ყიზლარი ასტრახანის გუბერნიაში შედიოდა. 1785-1796 და 1802-1822 წლებში კავკასიის გუბერნიის, 1796-1802 წლებში ასტრახანის გუბერნიის, 1822-1847 წლებში კავკასიის ოლქის, 1847-1867 წლებში კი სტავროპოლის გუბერნიის სამაზრო ქალაქი იყო. 1867 წელს თერგის ოლქის შემადგენლობაში შევიდა. კავკასიის ომის (1817-1864) დროს იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი მთიელების თავდასხმების ერთ-ერთი სამიზნე. 1831 წელს ქალაქი აიღო და გაძარცვა იმამ ყაზი-მუჰამადის ლაშქარმა. XIX საუკუნის შუა პერიოდიდან ყიზლარი თანდათან დაქვეითდა და XX საუკუნის დასაწყისისთვის პატარა პროვინციულ ქალაქად იქცა. ყიზლარის ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მეღვინეობა. 1885 წელს აქ ქართველმა მეწარმე დავით სარაჯიშვილმა გახსნა პირველი რუსული კონიაკის ქარხანა (ამჟამადაც მოქმედია), რომლის პროდუქციამ არაერთი პრიზი მოიპოვა. 1916 წელს რეგულარული მიმოსვლა დაიწყო ვლადიკავკაზის რკინიგზის ჩერვლიონაია–ყიზლარის ხაზზე.[1]

1917 წელს ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ყიზლარი წითელი და თეთრი არმიების ბრძოლის ასპარეზი იყო. საბოლოოდ, 1920 წლის მარტში წითელმა ჯარებმა ქალაქიდან განდევნეს „სამხრეთ რუსეთის შეაირაღებული ძალები“. ყიზლარი ჯერ თერგის გუბერნიის (1921-1922), შემდეგ კი დაღესტნის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის (ასსრ) რაიონული ცენტრი გახდა. ჩრდილოეთ კავკასიაში ადმინისტრაციული ერთეულების გადანაწილებისა და ხალხთა დეპორტაციის ეპოქაში ყიზლარი 1938-1944 წლებში ორჯონიკიძის (1943 წლიდან — სტავროპოლის) ოლქს, 1944-1957 წლებში კი გროზნოს ოლქს მიაკუთვნეს. 1957 წელს დაღესტნის ასსრ-ს დაუბრუნდა. 1994 წლიდან რუსეთის ფედერაციის სუბიექტის — დაღესტნის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 2002 წლიდან აქვს რესპუბლიკური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი.[1]

ჩეჩნეთის პირველი ომის დროს, 1996 წლის 9-10 ოქტომბერს ჩეჩენი მეთაურის სალმან რადუევის 250-კაციანმა დაჯგუფებამ სცადა ყიზლართან მდებარე რუსულ სამხედრო-საავიაციო ბაზაზე თავდასხმა, მაგრამ ფედერალურ ძალებთან შეტაკების შემდეგ ქალაქში 2 000-ზე მეტი მძევალი აიყვანა და ყიზლარის საავადმყოფო დაიკავა. საბოლოოდ, ჩეჩნურმა რაზმმა მძევლების ნაწილთან ერთად ქალაქი დატოვა და სოფელ პერვომაისკოეში გამაგრდა, რასაც რუსეთის არმიის არტილერიის მიერ სოფლის სრული განადგურება მოჰყვა. ბრძოლაში დაიღუპა 26 მძევალი და 200-ზე მეტი მებრძოლი ორივე მხრიდან.[2]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის მონაცემებით ყიზლარის მოსახლეობა 49,2 ათასი მცხოვრებია. 2010 წლის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობენ: რუსები (40,49 %), ხუნძები (19,94 %), დარგუელები (14,54 %), ყუმიხები (5,51 %), ლეკები (4,85 %), ლაკები (3,58 %), სომხები (2,05 %) და სხვ.[3]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიზლარის ცენტრალური ნაწილი ძირითადად 2-3-სართულიანი ქვის სახლებითაა წარმოდგენილი. დამახასიათებელია სწორკუთხოვანი დაგეგმარება. ქალაქში არის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (1795), რომელიც ამჟამად ჯვართამაღლების ქალთა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს; ყოფილი საქალაქო მმართველობის (ამჟამად პ. ბაგრატიონის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; დაარსდა 1960 წელს) და სათავადაზნაურო საკრებულოს (XIX საუკუნე) შენობები, წმ. გიორგის ეკლესია (აკურთხეს 2002 წელს) და სხვ.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მოსახლეობის მთავარი დამსაქმებელია კონცერნი „ყიზლარის ელექტრომექანიკური ქარხანა“ (საფუძველი ჩაეყარა 1962 წელს). სხვა მნიშვნელოვანი საწარმოებია: ყიზლარის ელექტროაპარატურის ქარხანა, ყიზლარის კონიაკის ქარხანა, ღვინისა და კონიაკის ქარხანა „ყიზლარი“, სუვენირული ცივი იარაღის მწარმოებელი კომპანია „ყიზლარი“ (დაარსდა 1998 წელს). ყიზლარში არსებობს ასევე ხორცის, რძის პროდუქტების, პურფუნთუშეულის, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების და სხვა საწარმოები. ქალაქს ემსახურება რკინიგზის სადგური.[1]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყიზლარში მოქმედებს დაღესტნის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო საინჟინრო-ეკონომიკური უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ფილიალები.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ха­ша­ев Х.-М. О. За­ня­тия на­се­ле­ния Да­ге­ста­на в XIX в. Ма­хач­ка­ла, 1959;
  • Ха­ша­ев Х.-М. О. Об­ще­ст­вен­ный строй Да­ге­ста­на в на­ча­ле XIX в. М., 1961;
  • Мар­ко­ва О. П. Рос­сия, За­кав­ка­зье и ме­ж­ду­на­род­ные от­но­ше­ния в XVIII в. М., 1966;
  • Ва­силь­ев Д. С. Очер­ки ис­то­рии ни­зовь­ев Те­ре­ка. Ма­хач­ка­ла, 1986;
  • Киз­ляр. На пе­ре­кре­ст­ке эпох. М., 2005;
  • მოსკოვის ქართული ახალშენის ისტორიიდან / ფრიდონ სიხარულიძე; რედ.: გ. ციციშვილი; საქ. მეცნ. აკად., ერთაშორის ურთიერთ. კვლევის ცენტრი. თბილისი : მეცნიერება, 1991. - ISBN 5520010072.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Кизля́р / В. М. Муханов // Большая российская энциклопедия. - 2020.
  2. Michael Specter, 10 Days That Shook Russia: Siege in the Caucasus Archived 2017-10-21 საიტზე Wayback Machine. , The New York Times, January 22, 1996
  3. Перепись 2010 года. Дагстат. Том 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2020-05-10.