ზეთოვანი მცენარეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ზეთოვანი მცენარეები, მცენარეები, რომლებიც მოჰყავთ ცხიმოვანი ზეთის მისაღებად. მათ განეკუთვნება ერთ- და მრავალწლოვან მცენარეთა სხვადასხვა ოჯახი რთულყვავილოვანებიდანმზესუმზირა, ალისარჩული; პარკოსნებიდანსოია, არაქისი; ზეთისხილისებრთაგან — ზეთისხილი; ჯვაროსნებიდან — რაფსი, მდოგვი, წიწმატასელი; რძილისებრთაგან — აბუსალათინი და სხვა. ზოგიერთი მათგანი (ქოქოსისა და ზეთოვანი პალმები, კაკაო და ტუნგი) ხეა, ზოგი — ბალახოვანი მცენარე (სოია, მზესუმზირა,რაფსი, სელი ზეთოვანი და სხვა). ზეთოვანი მცენარეთა უმეტესობა ცხიმოვან ზეთს აგროვებს თესლსა და ნაყოფში, ზოგი — გორგალში. ცხიმოვან ზეთს შეიცავს აგრეთვე სართავი კულტურების (ბამბა, სელი სართავი,კანაფი) თესლი, ზოგიერთი ეთერზეთოვანი მცენარე (ქინძი, კვლიავი, ანისული), კაკლოვანების ნაყოფი (კაკალი, ნუში). ცხიმოვან ზეთს იღებენ აგრეთვე სიმინდისა და ხორბლის თესლის ჩანასახისაგან ატმისა და გარგარის თესლისაგან და სხვა. ზეთოვანი მცენარეები ზეთს შეიცავს შემდეგი რაოდენობით (%-ით აბსოლუტურ მშრალ ნივთიერებაზე): მზესუმზირა — 29-57, სოია — 15-26, მდოგვი — 20-45, სელი ზეთოვანი — 35-52, არაქისი — 41-57, რაფსი— 45-50, ზეთისხილი — 25-67, აბსულათინი — 48-55 და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაფარიძე ა., ქსე, ტ. 4, გვ. 503, თბ., 1979