შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ ჯანჯღავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯანჯღავა.
ვლადიმერ ჯანჯღავა
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
18 მაისი, 1954 – 18 ნოემბერი, 1958
წინამორბედიალექსი ინაური
მემკვიდრეივანე ღარიბაშვილი

დაბადებული1 ივნისი, 1907
სოფელი პატარა გუბი, ვაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი10 აპრილი, 1982 (74 წლის)

ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჯანჯღავა (დ. 19 მაისი (1 ივნისი), 1907, სოფელი პატარა გუბი, ვაკის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 10 აპრილი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1953 წ), საბჭოთა კავშირის გმირი (29 მაისი 1945).

ვლადიმერ ჯანჯღავა დაიბადა 1907 წლის 1 ივნისს ხონის რაიონის სოფელ პატარა გუბში, გლეხის ოჯახში. 1927 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი მოხალისედ შევიდა ამიერკავკასიის 26 ბაქოელი კომისრის სახელობის ქვეითთა სკოლაში, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. 1930 წლიდან სკკპ წევრი გახდა.

1939 წელს კაპიტანი ჯანჯღავა მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში და ვაჟკაცობისა და გმირობისათვის დაჯილდოვდა პირველი საბრძოლო — წითელი დროშის ორდენით. 1940 წელს მონაწილეობდა ბესარაბიის განთავისუფლებასა და შემოერთებაში. მეორე მსოფლიო ომის პირველი დღეებიდანვე ვლადიმერ ჯანჯღავა, როგორც მე-16 სატანკო დივიზიის შტაბის განყოფილების უფროსი, შემდეგ კი სივაშის მე-15 მსროლელი დივიზიის ზურგის უფროსი, მონაწილეობდა გერმანელთა წინააღმდეგ ბრძოლაში მოლდავეთში, უმანთან, დონბასში. 1942 წლის მარტში იგი დაინიშნა ამ დივიზიის 676-ე მსროლელი პოლკის მეთაურად. იბრძოდა ბრიანსკის ფრონტზე, მონაწილეობდა ვორონეჟ-კასტორნოეს ოპერაციაში. მოგვიანებით მას დივიზიის მეთაურის მოადგილის პოსტი ჩააბარეს. ამ დივიზიამ სახელი გაითქვა კურსკის ბრძოლისა და ბელორუსიის გათავისუფლების დროს. 1944 წლის ივნისში ვლადიმერ ჯანჯღავა დაინიშნა კალინკოვიჩის 354-ე წითელდროშოვანი მსროლელი დივიზიის მეთაურად და მონაწილეობდა ბელორუსიისა და პოლონეთის გათავისუფლებაში. ამ დივიზიის მებრძოლებმა 26 დიდი ქალაქი და 800-მდე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. მათ გმირობას საგანგებო ბრძანებით გამოეხმაურა უმაღლესი მთავარსარდალი და ვლადიმერ ჯანჯღავა პოლონეთის ქალაქ შჩეცინის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

1944 წლის 2 ნოემბერს მას მიენიჭა გენერალ-მაიორის ჩინი. 1945 წლის 29 მაისს გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჯანჯღავას მიაკუთვნეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

1948 წელს ვლადიმერ ჯანჯღავამ დაამთავრა ვოროშილოვის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემია და სარდლობდა ჯარის დიდ შენაერთებს. 1953 წლის 20 თებერვალს მას მიენიჭა გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1954 წლის 18 მაისიდან 1958 წლის 18 ნოემბრამდე ვლადიმერ ჯანჯღავა იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1963 წლის 14 ივნისიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ვლადიმერ ჯანჯღავა იყო საქართველოს დოსააფის (არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობი საზოგადოების) ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

არჩეული იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ცენტრალური სარევიზიო კომისიის წევრად, სსრ კავშირის ორი მოწვევის (სსრკ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭო და სსრკ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭო) უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სამი (VI, VIII, X) მოწვევის დეპუტატად, სსრ კავშირის დოსააფის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმისა და საბჭოთა კავშირის ომის ვეტერანთა კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად, საქართველოს კომპარტიის XIV, XV, XVIII, XXV ყრილობის დელეგატად, მრავალი წლის მანძილზე იყო საბჭოთა კავშირის ომის ვეტერანთა თბილისის სექციის თავმჯდომარე, საქართველოს მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი.

ვლადიმერ ჯანჯღავა 1982 წლის 10 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

ჯილდოებიდა მედელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლენინის ორი ორდენით,
  • წითელი დროშის სამი ორდენით,
  • წითელი ვარსკვლავის ორი ორდენით,
  • II ხარისხის კუტუზოვის ორდენით,
  • I ხარისხის სამამულო ომის ორდენით,
  • პოლონეთის ორდენით — „გრიუნვალდის ჯვარი“,
  • ოქტომბრის რევოლუციის,
  • შრომის წითელი დროშისა,
  • საპატიო ნიშნის ორდენით,
  • ბევრი საბრძოლო მედლით.
  • „განუზომელი ვერსები“
  • „ერთგულება“ (1981).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]