ივანე ღარიბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი (დ. 11 ივლისი, 1908, სიღნაღი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 25 მაისი, 1989, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სახელმწიფო უშიშროების თანამშრომელი, გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ღარიბაშვილი დაიბადა 1908 წლის 11 ივლისს ტფილისის გუბერნიის ქ. სიღნაღში, მოსამსახურე-ხაზინადარის ოჯახში. 1925 წელს დაამთავრა ქ. სიღნაღის საშუალო სკოლა, 1930 წელს — ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1929 წლიდან პარალელურად სწავლობდა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკურ ინსტიტუტში საკოლმეურნეო ფაკულტეტის საგეგმო-საორგანიზაციო განყოფილებაზე, რომელიც 1931 წელს დაამთავრა. 1940 წლის აპრილიდან სკკპ წევრი გახდა.

1931 წლის თებერვლიდან 1933 წლის იანვრამდე იყო ხაშურის რაიონის საკოლმეურნეო კავშირის საორგანიზაციო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, 1933 წლის იანვრიდან 1938 წლის მარტამდე — ხაშურის რაიონის კოლმეურნეობებში შრომის ორგანიზაციის სექტორის გამგე, 1938 წლის მარტიდან 1940 წლის ივნისამდე — საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის საქართველოს სოფლის მეურნეობის მომარაგების ინსტიტუტის რევიზორი. 1940 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მობილიზაციით ივანე ღარიბაშვილმა მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორგანოებში. თანამდებობრივი გადაადგილების ჩამონათვალი: 1940 წლის ივნისიდან ამავე წლის ოქტომბრამდე იყო შინსახკომის ქ. ყვარლის რაიგანყოფილების თანამშრომელი, 1940 წლის ოქტომბრიდან 1945 წლის მარტამდე — საქართველოს შინსახკომისა და სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატის თანამშრომელი (გამომძიებელი 1940-1941 წ.წ., უფროსი გამომძიებელი 1942-1944 წ.წ., კადრების განყოფილების უფროსი 1944-1945 წ.წ.), 1945 წლის 27 იანვრიდან 1948 წლის 20 თებერვლამდე — სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს გურჯაანის რაიგანყოფილების უფროსი, 1948 წლის მარტიდან 1952 წლის 24 იანვრამდე — საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე, 1952 წლის 24 იანვრიდან 1952 წლის 19 აგვისტომდე — სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის საოლქო სამმართველოს უფროსის მოადგილე, 1952 წლის 19 აგვისტოდან 1953 წლის 14 აპრილამდე — აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 1953 წელს, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც საკავშირო შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები გაერთიანდა, ი. ღარიბაშვილი აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და რამდენიმე თვით შინაპატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 1953 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსი ინაურმა ი. ღარიბაშვილი ისევ აჭარის ასს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე მან 1954 წლის 13 აპრილამდე იმუშავა. 1954 წლის 13 აპრილიდან 1954 წლის 3 სექტემბრამდე ივანე ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (სუკ-ის) თავმჯდომარე გახლდათ, 1954 წლის 3 სექტემბრიდან 1958 წლის 18 ნოემბრამდე — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული სუკ-ის თავმჯდომარის მოადგილე, 1958 წლის 18 ნოემბრიდან 1961 წლის 15 აგვისტომდე კი საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ პერიოდში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კოლეგიის წევრიც. 1962 წლის 10 ივლისიდან ი. ღარიბაშვილი გადაყვანილ იქნა პროფკავშირების საქართველოს რესპუბლიკური საბჭოს ორგანოებში და დაინიშნა ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც 1972 წლის 6 იანვრამდე მუშაობდა, ხოლო შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში მოღვაწეობდა. 1974 წლიდან იყო საკავშირო მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

ივანე ღარიბაშვილი იყო საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1959-1962) .

ივანე ღარიბაშვილი გარდაიცვალა 1989 წლის 25 მაისს ქ. თბილისში.

წოდებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოდპოლკოვნიკი (10.05.1954),
  • პოლკოვნიკი,
  • გენერალ-მაიორი (18.02.1958).

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წითელი ვარსკვლავის სამი ორდენი (24.02.1946, 24.08.1949, 05.11.1954),
  • ხუთი მედალი. არაერთგზის იყო დაჯილდოებული საპატიო სიგელებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]