ვლადიმირ I დიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვლადიმირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ვლადიმირ I დიდი
Володимеръ Святъславль
კიევის რუსეთის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 11 ივნისი, 980
მმართ. დასასრული: 15 ივლისი, 1015
წინამორბედი: იაროპოლკი
მემკვიდრე: სვიატოლოპოლკ ვლადიმერის ძე
სხვა წოდებები: დიდი ნოვგოროდის მთავარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 958
დაბ. ადგილი: ბუდუტინო, ფსკოვთან ახლოს
გარდ. თარიღი: 15 ივლისი, 1015,
გარდ. ადგილი: ბერესტოვო
მეუღლე: როგნედა პოლოცკელი
ანა ბიზანტიელი
4 მეუღლე, რომელთა ვინაობა უცნობია
შვილები: 13 ვაჟი, 10 ასული
რელიგია: სლავური წარმართობა, შემდეგ ქრისტიანობა

ვლადიმირ სვიატოსლავის ძე დიდი (ძვ. რუს. Володимѣръ Свѧтославичь; ზოგჯერ უწოდებენ (ძვ. სლავურად): ვოლოდიმირ; დ. 958 — გ. 15 ივლისი, 1015, ბერესტოვო) — კიევის რუსეთის დიდი მთავარი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 15 ივლისი, ახალი სტილით — 28 ივლისი. იყო კიევის დიდი მთავარი. მან მიიღო ქრისტიანობა და იგი გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად 988 წელს.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირ I-ის ნათლობა, ვიქტორ ვასნეცოვი, (1890)

მოციქულთასწორი ვლადიმირი (წმიდა ნათლისღებით — ბასილი) ნეტარი ოლღას (ხს. 24 ივლისს) შვილიშვილი და კიევის მთავრის, სვიატოსლავის უმცროსი ძე იყო. მისი დედა, მალუშა — სიკვდილით დასჯილი დრევლიანთა მთავრის ტყვექმნილი ასული, გათხოვებამდე ოლღას მეკუჭნავედ მსახურობდა. ტახტის მემკვიდრე ძის მხევალთან შეუღლებით განრისხებულმა ოლღამ რძალი სასახლეს განარიდა. თავის სამშობლოში გაგზავნა, ვიბუტის მახლობლად. სწორედ აქ 958 წელს დაიბადა ქვეყნის მომავალი განმანათლებელი.

ვლადიმირი ნათლისღებამდე სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩეოდა. 980 წელს მან ცბიერებით ჩაიგდო ხეში კიევის სამთავრო, ძმა — იაროპოლკ სვიატოსლავი კი სიცოცხლეს გამოასალმა. უსჯულო მთავარი სრულ თავისუფლებას აძლევდა ვნებებს და, ამასთან, თავგამოდებული კერპთმსახურიც იყო: თავისი სასახლის მახლობლად, მაღალ მთაზე მან პერუნის ახალი, ვერცხლის თავიანი ქანდაკი დაადგმევინა. სწორედ ვლადიმირის ბრძანებით შესწირეს პერუნს მსხვერპლად თეოდორე ვარიაგი და მისი ძე იოანე (მათ ხსენებას რუსეთის ეკლესია 12 ივლისს აღასრულებს).

როცა ხმა გავარდა, რუსეთის მთავარი სარწმუნოების გამოცვლაზე ფიქრობსო, მისკენ გაემართნენ სხვადასხვა სჯულის მქადაგებლები. მთავარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბერძენმა ბერმა.

მთავარმა ვლადიმირმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მართლმადიდებლური წესით მონათლულიყო, მაგრამ, როგორც წარმართს, დამამცირებლად მიაჩნდა, თხოვნით მიემართა ბიზანტიელთათვის; ამიტომ ერთი წლის შემდეგ მან საბერძნეთზე გაილაშქრა და ბერძენ იმპერატორებს, ბასილისა და კონსტანტინეს შეუთვალა, თუ თქვენს დას — ანა პორფიროგენიტას არ მომათხოვებთ, კონსტანტინოპოლს დავიპყრობო.

სამეფო ოჯახისათვის ბარბაროსთან ნათესაური კავშირი არ იყო სჯულისმიერი და სასურველი, მაგრამ მეამბოხე მხედართმთავრების — ბარდა სკლიაროსისა და ბარდა ფოკას შფოთით შერყეულ ქვეყანას ვლადიმირთან ბრძოლა ისეთ დიდ საფრთხეს უქმნიდა, რომ ბასილი და კონსტანტინე იძულებულნი გახდნენ, დამორჩილებოდნენ ვლადიმირის წინადადებას, პირობად კი ქრისტიანობის მიღება შესთავაზეს.

მალე ხერსონში დიდებულებისა და ღვთისმსახურების თანხლებით ჩავიდა მეფის ასული ანა. აქ მან შეიტყო, რომ რამდენიმე დღის წინ ვლადიმირი დაბრმავებულიყო, ამას ღმერთების რისხვას აწერდა და, შიშით შეპყრობილს, ნათლობის სურვილი მინავლებოდა. წარმართ მთავარს კეთილმსახურმა სასძლომ შეუთვალა:

ვიკიციტატა
„„ნათელიღე და აგეხილება სულიერი და ხორციელი თვალები!“ ისიც დაჰყვა რჩევას და უხმო ხერსონის ეპისკოპოსს. რამდენიმე დღის შემდეგ ქალაქის მოედანზე მდგარ ტაძარში საზეიმო ნათლობაც აღესრულა. მიმრქმელი დაუსწრებლად იყო ბასილი კეისარი. ახალნათელღებულს სწორედ მისი სახელი უწოდეს. ემბაზიდან ამოსვლისთანავე ვლადიმირს თვალისჩინი დაუბრუნდა და, სიხარულით ატაცებულმა, შესძახა: „ახლა კი ვცან ჭეშმარიტი ღმერთი!““

გაქრისტიანებული მთავარი დაქორწინდა ანაზე და კიევში დაბრუნდა. მასთან ერთად კიევში ჩავიდნენ ბიზანტიიდან გაგზავნილი მიტროპოლიტი, ექვსი ეპისკოპოსი და მღვდელმსახურნი. მთავარი გაეყარა თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, თორმეტი ვაჟიშვილი კი ნათლობაზე დაითანხმა. შემდეგ ვლადიმირმა მთელი ქალაქის მცხოვრებლებს უხმო ნათლისღებისთვის:

ვიკიციტატა
„„ვინც ხვალ მდინარესთან არ მოვა — მდიდარი თუ გლახაკი, მდაბიო თუ მონა — ჩემი მტერი იქნება!““

.

ამის შემდეგ მოციქულთასწორი მთავარი დაუცხრომლად იღვწოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების გასავრცელებლად. სასტიკი წარმართი ღვთისმოშიშ და გულმოწყალე ქრისტიანად იქცა, მის სასახლეში მისული გლახაკები უხვად იღებდნენ მოწყალებას. წვეულებებზე ჩვეულებად იყო მიღებული წმიდა წერილის კითხვა.

მან სიცოცხლეშივე დაუნაწილა სამთავრო ძეებს. მათ შორის შფოთი ატყდა, გარეშე მტერიც შემოეჯარა ქვეყანას. სრულიად მარტო დარჩენილმა მთავარმა 1015 წლის 15 ივლისს დაასრულა სიცოცხლე.

წმინდა ვლადიმირის ცხედარი თეოდორეს და იოანეს მოწამეობის ადგილას მის მიერვე აგებულ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაკრძალეს მეუღლის, ანას გვერდით. 1635 წელს აღესრულა მისი უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]