ვენის წრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვენის წრე (გერმ. Wiener Kreis) — მეცნიერებისა და ფილოსოფოსების ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა ვენაში 1924 წლიდან 1936 წლამდე. წრეს ხელმძღვანელობდა ინდუქციურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორი მორიც შლიკი. „ვენის წრის“ მოღვაწეობასთან ტრადიციულად აკავშირებენ ფილოსოფიური ლოგიკური პოზიტივიზმის წარმოშობას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენის პირველი წრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვენის წრის ისტორია დაიწყო ავსტრიაში, ვენის უნივერსიტეტში. 1895 წელს იქ შეიქმნა ინდუქციურ მეცნიერებათა კათედრა, რომლის გამგე 1901 წლამდე ერნესტ მახი იყო, რის გამოც ვენაში ემპირიული ფილოსოფიური ტრადიცია ყალიბდებოდა. 1907 წელს ვენის კაფე ცენტრალში ეწყობოდა ვენის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მასწავლებლების შეკრებები; ისინი ძირითადად ჰანს ჰანის სტუდენტები და ფიზიკისა და მათემატიკის ახალგაზრდა მასწავლებლები იყვნენ. ეს შეკრებები ითვლებიან პირველ ვენის წრედ ან პროტო-წრედ.

ვენის პირველი წრის „ბირთვად“ ითვლებიან მათემატიკოსი ჰანს ჰანი, სოციოლოგი და ეკონომისტი ოტო ნოირატი, მათემატიკოსი და მექანიკოსი რიხარდ ფონ მიზესი, ფიზიკოსი და ფილოსოფოსი ფილიპ ფრანკი. იმყოფებოდნენ რა მთელ რიგ ავტორთა იდეების გავლენის ქვეშ (ე. მახი, ლ.ბოლცმანი, ა. პუანკარე და სხვ.), პროტო-წრის მონაწილეები ცდილობდნენ გაეერთიანებინათ ემპირიზმი, სიმბოლური ლოგიკა და ფრანგული კონვენციონალიზმი. პროტო-წრის შეკრებები გრძელდებოდა 1912 წლამდე, როდესაც წრის ბევრმა მონაწილემ დატოვა ვენა.

ვენის მეორე წრე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომისა და ბონში პედაგოგიური მოღვაწეობის დამთავრების შემდეგ ჰანს ჰანი 1921 წელს ვენის უნივერსიტეტში დაბრუნდა პროტო-წრის მოღვაწეობის განახლების განზრახვით. ამავდროულად ჰანმა დაარწმუნა უნივერსიტეტის კომიტეტი, რომ ინდუქციურ მეცნიერებათა კათედრის პროფესორის ვაკანტურ თანამდებობაზე მორიც შლიკი, - კილის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მასწავლებელი, - მიეღოთ და ორგანიზება გაუკეთა მის გადმოსვლას ვენაში.

პროფესორის თანამდებობაზე საინაუგურაციო სიტყვაში 1922 წელს მ. შლიკის მიერ დეკლარირებული იქნა სურვილი ვენაში მახისა და ბოლცანოს სულისკვეთების შენახვისა; მან აგრეთვე მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ იდეებს ნატურალურ ფილოსოფიაში. თანამდებობის დაკავების შემდეგ შლიკმა შექმნა სადისკუსიო ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც ვენის მეორე წრე (შემდგომში უბრალოდ „ვენის წრე“) და ითვლება ლოგიკური პოზიტივიზმის (ნეოპოზიტივიზმის) იდეურ ბირთვად. წრის შეკრებების დღე ყოველი მეორე ხუთშაბათი იყო. ეს შეხვედრები დახურულ ხასიათს ატარებდნენ - შლიკი „ხუთშაბათობებზე“ პირადად იწვევდა გამოჩენილ მათემატიკოსებსა და ფილოსოფოსებს. ამ შეხვედრების მონაწილეთა შორის იყვნენ როგორც წარმოჩენილი სტუდენტები, ასევე გამოცდილი პედაგოგები. ვენის მეორე წრეში მონაწილეობდნენ ისეთი ადამიანები, როგორც ო. ნეირატი, გ. ფეიგლი, ბ. ე. ცილზელი, ბ. იუხოსი, გ. ნეიდერი, რ. კარნაპი, ფ. კაუფმანი, ჰ. ჰანი, კარლ მენგერი, თ. რადაკოვიჩი და კ. გიოდელი.

ლუდვიგ ვიტგენშტაინის „ლოგიკურ-ფილოსოფიური ტრაქტატი“ (1921) წრეში ფართოდ განიხილებოდა 1926-1927 აკადემიურ წელს, ხოლო 1927 წლის ზაფხულში წრის მონაწილეები ვიტგენშტაინს პირადად ხვდებოდნენ.

1935 წელს პრაღაში ტარდება უნიფიცირებული მეცნიერების პირველი საერთაშორისო კონგრესი, რომელზედაც წრის წევრები წარდგნენ როგორც ერთიანი ფილოსოფიური მიმდინარეობა. კონგრესში მონაწილეობა დაახლოებით 170-მა მეცნიერმა მიიღო 20 ქვეყნიდან. სხვა თემებთან ერთად განიხილებოდა „უნიფიცირებული მეცნიერების ენციკლოპედიის“ შექმნის საკითხი. 1936 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა უნიფიცირებული მეცნიერების მეორე საერთაშორისო კონგრესი თემაზე „მიზეზობრიობის პრობლემა. ფიზიკისა და ბიოლოგიის კონკრეტული პრობლემები“.

წრის მოღვაწეობის დამთავრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს, უნიფიცირებული მეცნიერების საერთაშორისო კონგრესის დახურვის მეორე დღეს, ვენის უნივერსიტეტის საფეხურებზე მორიც შლიკი მოკლულ იქნა საკუთარი ასპირანტის მიერ, რის შემდეგაც წრემ შეხვედრები შეწყვიტა, მაგრამ კონგრესები ჯერ კიდევ ტარდებოდა. შემდეგი ორი კონგრესი ჩატარდა 1937 წელს პარიზში და 1938 წელს კემბრიჯში (ევროპაში უკანასკნელად).

1938 წელს ვენის წრის დაშლა იწყება, ხოლო ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის მიერთების შემდეგ მან საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა. მისი მონაწილეების უმრავლესობა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მათი წყალობით თანდათან ჩამოყალიბდა ლოგიკური პოზიტივიზმის მძლავრი მიმდინარეობა. ასე მაგალითად, უნიფიცირებული მეცნიერების მეხუთე (1939) და მეექვსე (1941) საერთაშორისო კონგრესები ჩატარდა კემბრიჯში (მასაჩუსეტსი) და ჩიკაგოში. კონგრესების ჩატარება შეწყდა მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით.

აშშ-ს გარდა წრის იდეებმა გავრცელება ჰპოვეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ინგლისში, საფრანგეთში, ფინეთში და სხვა ქვეყნებშიც. მაგრამ გერმანიაში წრის მოღვაწეობა აიკრძალა და ითვლებოდა „ძირგამომთხრელად“.

ვენის წრის წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წრე შედგებოდა მრავალი გამოჩენილი პიროვნებისაგან და იქცა ნეოპოზიტივიზმის იდეურ ცენტრად. წრის დამფუძნებლად ფილოსოფოსი მორიც შლიკი ითვლება. წრის სხვა საკვანძო ფიგურები იყვნენ ლოგიკოსი და მათემატიკოსი კურტ გიოდელი, ცნობილი მის მიერ ფორმულირებული და დამტკიცებული თეორემით არასისრულის შესახებ; ფილოსოფოსი რუდოლფ კარნაპი, მათემატიკოსი ჰანს ჰანი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და ეკონომისტი ოტო ნოირატი, ფილოსოფოსი კარლ ჰემპელი, ფიზიკოსი-მათემატიკოსი ფილიპ ფრანკი და ფილოსოფოსი ჰანს რაიხენბახი, აგრეთვე ჰერბერტ ფეიგლი, ფიზიკოსი-მათემატიკოსი ფრიდრიხ ვაისმანი და ფილოსოფოსი ვიქტორ კრაფტი. წრის წევრები იყვნენ აგრეთვე გუსტავ ბერგმანი, ეკონომისტი კარლ მენგერი, შლიკის სტუდენტი მარსელ ნატკინი, მათემატიკოსები თეოდორ რადაკოვიჩი და ოლგა ჰან-ნოირატი (ოტო ნოირატის მეუღლე და ჰანს ჰანის და). მცირე ხნით ვენის წრის წევრები და ამავდროულად მისი იდეების გულმხურვალე მხარდამჭერები და პოპულარიზატორები იყვნენ ინგლისელი ალფრედ აიერი და ამერიკელი კუაინი. განსაკუთრებული მდგომარეობა წრეში ეკავათ ლუდვიგ ვიტგენშტაინსა და კარლ პოპერს. პირველი აღიქმებოდა როგორც სულიერი მასწავლებელი, რომელთანაც აუდიენციებზე პროფესორი შლიკი მიემგზავრებოდა ხოლმე, ხოლო მეორე კი როგორც წრის „ოფიციალური ოპონენტი“ (როგორც ცნობილია, პოპერმა 1934 წელს თავის ძირითად შრომაში გააკრიტიკა ვერიფიკაციის პრინციპი და მის ალტერნატივად ფალსიფიკაციის პრინციპი წამოაყენა.

ვენის წრის იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წანამძღვრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროტო-წრის შეკრებების დაწყების დროისათვის ვენის უნივერსიტეტში უკვე არსებობდა ბაზა მეცნიერულ-ემპირიული ფილოსოფიისათვის, რომელიც მახისა და ბოლცმანის მიერ იყო შექმნილი. ვენის წრის იდეები რამდენიმე ფილოსოფიური იდეისა და წარმმართველი თეზისის გავლენით ჩამოყალიბდა. ასე მაგალითად, წრის პოზიტივისტური და ემპირიული თეზისები ყალიბდებოდა ე. მახის, დ. იუმის, ო. კონტის, ჯ. მილის, რ. ავენარიუსის და განმანათლებლობის ფილოსოფოსთა შრომების გავლენით. თავის შრომაში „შემეცნება და შეცდომა“ ე. მახმა ჩამოაყალიბა მოთხოვნა ყველა მეცნიერული დებულებისადმი: ფიზიკის მეცნიერების დებულებები შემოწმებადი უნდა იყვნენ ცდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უაზროა. ეს იდეა საფუძვლად დაედო ვენის წრის წევრების ანტიმეტაფიზიკურ პოზიციას.

გარდა ამისა წრის წევრები გაეცნენ ისეთი ავტორების შრომებს ლოგიკაში, როგორებიც იყვნენ გ. ლეიბნიცი, პეანო, გ. ფრეგე, ე. შროდერი, ბ. რასელი, ა. უაიტჰედი, ლ. ვინგენშტაინი. ასე მაგალითად, წრეში აქტიურად განიხილებოდა რასელისა და უაიტჰედის შრომა მათემატიკის საფუძვლების შესახებ „Principia mathematica”. მეორე მნიშვნელოვანი შრომა მათემატიკის საფუძვლების შესახებ ფრეგეს შრომაა, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა, რომ მათემატიკის საფუძველი სწორედ ლოგიკაა.

ვერიფიკაციონიზმი და მეტაფიზიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთ-ერთი იდეა, რომელსაც წრის მონაწილეთა უმრავლესობა უჭერდა მხარს, იყო ე. მახის თეზისი იმის შესახებ, რომ „დებულებებს, რომელთა არც დადასტურება შეიძლება და არც უარყოფა, მეცნიერებასთან კავშირი არა აქვთ“. ვენის წრემ მიიღო პრინციპი, რომლის თანახმადაც მხოლოდ იმ წინადადებებსა აქვთ აზრი, რომელთა შემოწმებაც ექსპერიმენტით არის შესაძლებელი. ამ ლოგიკურმა პრინციპმა ვერიფიკაციონიზმის სახელწოდება მიიღო. ვენის წრის იდეების თნახმად არავერიფიცირებადი დებულებები, გარდა იმისა რომ ისინი უაზრო იყვნენ, ფსევდოპრობლემებს ქმნიდნენ.

მეთოდოლოგია და უნიფიცირებული მეცნიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წრის წევრები თუმცა კი ყოფდნენ მეცნიერებებს ბუნებისმეცნიერულ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებად, თვლიდნენ, რომ ორივეს ერთიანი საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგია უნდა ჰქონოდა. წრის წევრები ასეთნაირად ცდილობდნენ შეექმნათ უნიფიცირებული მეცნიერება, რომელიც თანხმობაში იქნებოდა მათ მონისტურ პოზიციასთან.

ლოგიკური პოზიტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა მახიზმმა, რომლის გავლენაც ვენის უნივერსიტეტში უდავო იყო. ვენის წრის მონაწილეების მიერ ასიმილირებული იქნა მახიზმის ემპირიზმი და ფენომენალიზმი მეცნიერული შემეცნების ინტერპრეტაციაში, ასევე თანაბარწილად იდეები ენის ლოგიკური ანალიზის მნიშვნელობის შესახებ მეცნიერების ფილოსოფიისათვის, წარმოდგენილი ლუდვიგ ვიტგენშტაინის „ ლოგიკურ-ფილოსოფიურ ტრაქტატში “. ისარგებლეს რა ვიტგენშტაინის ცნებით ატომარული წინადადებებისა, წრის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს მეცნიერების ენის საბაზისო დებულებების კონცეფცია, რომლებიც ცდაში „უშუალოდ მოცემულს“ გამოხატავდნენ. ამ საბაზისო დებულებებს პროტოკოლური წინადადებები დაერქვათ; ისინი განიხილებოდნენ როგორც დებულებები, რომლებზე დაყვანაც ე.წ. რეალური მეცნიერების ამა თუ იმ შინაარსობლივი გასაანალიზებელი დებულების ვერიფიცირებადობის გარანტიას იძლევა. თანამედროვე მეცნიერების მეთოდოლოგიისათვის კონცეპცია, რომლის თანახმადაც წმინდა ცდა, დამოუკიდებლად ამა თუ იმ ცნებითი ინტერპრეტაციისაგან, უპირობოდ სარწმუნოა, აზრს კარგავს და ამის გამო ვენის წრის წევრთა ეს იდეები უფრო ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური აზრის ისტორიისათვის არის საინტერესო. ფილოსოფიურ პრობლემათა უმრავლესობის გადაჭრისათვის, აგრეთვე მეცნიერების ენის ანალიზისა და მეცნიერული ცოდნის სტრუქტურის განხილვისათვის, წრის წევრები მათემატიკური ლოგიკის აპარატს იყენებდნენ. შემდგომში ეს მეცნიერული თეორიების დამტკიცებასა ან უარყოფას უწყობდა ხელს.

1920-იან წლებში ვენის წრის იდეების საფუზველზე წარმოიშვა ნეოპოზიტივიზმის ისეთი მიმართულება, როგორიცაა ლოგიკური პოზიტივიზმი. ლოგიკური პოზიტივიზმისათვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სციენტიზმი (საიენტიზმი) ანუ მრწამსთა სისტემა, რომლის თანახმადაც სამყაროს სურათის შექმნაში მთავარი ადგილი მეცნიერებას ეკუთვნის. სციენტისტები „სანიმუშო მეცნიერებებად“ ხშირად ფიზიკასა და მათემატიკას თვლიან და ფიქრობენ, რომ ყველა მეცნიერება მათ საფუძველზე უნდა იგებოდეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]