ვახტანგ დავითაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვახტანგ ვლადიმერის ძე დავითაია (დ. 22 დეკემბერი 1934, სოფ. ძველი სენაკი, ახლანდ. სენაკის მუნიციპალიტეტი) — ქართველი არქიტექტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1990), შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატი (1995), საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე (1995–2000).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1958). მუშაობდა არქიტექტორად „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1958–1962), 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საქართველოს ტექიკურ უნივერსიტეტში (1992 წლიდან — პროფესორი), 1992 წლიდან იყო არქიტექტურული გეგმარების კათედრის (2005 წლიდან მიმართულების) ხელმძღვანელი, 1970–1991 წლებში — არქიტექტურის ინსტიტუტის საპროექტო ბიუროს სტუდიის ხელმძღვანელი.

დავითაიას ძირითადი ნამუშევრებია:

  • კავკასიის დამცველთა მემორიალი ყარაჩაი-ჩერქეზეთში (1968, ა. ჩიქოვანთან ერთად, მოქანდაკე გ. კალაძე; საქართველოს კომკავშირის პრემია, 1972);
  • საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში (1982, გ. გეგელიასთან ერთად);
  • მემორიალი „გამარჯვება“ გორში და მემორიალი „გმირ მეზღვაურებს“ ფოთში (1979; ორივე ობიექტისათვის მოქანდაკე ე. ამაშუკელთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია, 1982);
  • მემორიალი „დიდება შრომას“ ქუთაისში (1979, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, საქართვ. მინისტრთა საბჭოს, სახელმწ. პრემია "ხუთწლედის მატიანე", 1983);
  • მემორიალი „ხსოვნის ტაძარი“ მუხრანში (1981, შ. ბოსტანაშვილთან ერთად, მხატვარი ე. ბურჯანაძე);
  • „ხსოვნის კუბი“ (1984, მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი) და სამხატვრო გალერეა (1977; ორივე შ. ბოსტანაშვილსა და გ. გეგელიასთან ერთად) სენაკში;
  • „ალგეთის ბაზილიკა“ ტბისში (1983, მოქანდაკე გ. ჯაფარიძის მონაწილეობით);
  • ხელოვნების ცენტრი გულრიფშში (რეკონსტრუქცია-რეგენერაცია, 1988, შ. ბოსტანაშვილთან ერთად);
  • პურის ქარხნები ვაზისუბანში (1989), თბილისის ზღვის უბანში (1988; ორივე შ. ბოსტანაშვილთან ერთად);
  • საქართველოს კულტურის ფონდის საგამოფენო დარბაზი თბილისში (1992);
  • დავით აღმაშენებლის ძეგლი ქუთაისში (1995; მოქანდაკე ე. ამაშუკელი, საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1996) და სხვ.

დავითაიას შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ეროვნული თავისებურებების ძიება და ხაზგასმა, თანამედროვე ორიგინალური კომპოზიციისა და ფორმის გამოყენება, არქიტექტურული ხერხებით მემორიალის აზრობრივი არსის მხატვრული განზოგადება. ავტორია თანამედროვე არქიტექტურის საკითხებზე დაწერილი შრომებისა. არის სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურული ინსტიტუტებისა და აკადემიების წევრი, ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამერიკული დღიური (ავტორი). - თბილისი, საარი, 2004. - 160გვ.. - ISBN: 99940-29-08-8
  • არქიტექტურა, ოცნება და სინამდვილე (ავტორი). - თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2000. - 419გვ.. - ISBN: 99928-52-34-8

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინწურაშვილი ს., მაისურაძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]