ძველი სენაკი
სოფელი | |
---|---|
ძველი სენაკი მეგრ. ძვეშ სენაკ | |
ძველი სენაკის ეკლესია | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სენაკის მუნიციპალიტეტი |
თემი | ძველი სენაკი |
კოორდინატები | 42°17′42″ ჩ. გ. 42°08′26″ ა. გ. / 42.29500° ჩ. გ. 42.14056° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 45 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 1350[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 413[2] |
საფოსტო ინდექსი | 4100[3] |
ოფიციალური საიტი | senaki.ge/index.html |
ძველი სენაკი — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სენაკის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ზედა სორტა, ქვედა სორტა, კოტიანეთი, პირველი ნოსირი, საჩიქობავო). მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ტეხურის სანაპიროზე; ზღვის დონიდან 45 მ; სენაკიდან 6 კმ.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ძველი სენაკი ტენიანი სუბტროპიკული ჰავით ხასიათდება. ნიადაგი ძირითადად წითელმიწა-ალუვიურია. ჭალები მდინარე ტეხურის ქვიშითაა დაფარული. მთის ფერდობებზე კი ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გვხვდება.
სოფელი ჩრდილოეთი მხრიდან შემოფარგლულია გორაკ-ბორცვების ზოლით, რომელიც ცნობილია „უნაგირას სერის“ სახელწოდებით. მის ფერდობებზე იზრდება კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა: რცხილა, წიფელი, თელა, იფანი, მუხა, ცაცხვი, მურყანი, აკაცია, წაბლი, ბზა, შქერი, წყავი, ბაძგი, თხილი და ბროწეული. ტყის განაპირა ზოლში ასკილი, მაყვალი და იელი. ფერდობებზე ხელოვნურადაა გაშენებული ტუნგოს ხეები.
ფრინველებიდან გვხვდება: შაშვი, ჩხიკვი, წივწივა, კოდალა, ბულბული და მწყერი, იშვიათად ხოხობი და ოფოფი. მტაცებელი ფრინველებიდან გავრცელებულია ქორი, ძერა, მიმინო და ყვავი. ჭაობიან ადგილებში გვხვდება ყანჩა, ზამთრობით კი მოფრინავენ იხვები. ტყის ზონაში მტაცებელი ცხოველებიდან გვხვდება მგელი, ტურა, მელია, მაჩვი, კურდღელი, მემინდვრია, ზღარბი, ანკარა, თხუნელა და გომბეშო. ბუნებრივი სიმდიდრეებიდან აღსანიშნავია კირქვის საბადო.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1350 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[4] | 1701 | 788 | 913 |
2014[1] | 1350 | 657 | 693 |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელი ძველი სენაკი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი სენაკის რაიონული ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთით ესაზღვრება ნოქალაქევი, რომელიც ისტორიაში ცნობილია უძველესი ქალაქის არქეოპოლისის სახელწოდებით. ჩრდილოეთით ესაზღვრება ეკი, სამხრეთით სოფელები გეჯეთი და ნოსირი.
ისტორიული ძეგლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი სენაკი მდიდარია ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით. სოფლის შუაგულში აღმართულია რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის სახელობის ეკლესია, მთაზე წმინდა გიორგის ეკლესია და შხეფის ციხე.
ძველი სენაკი და მისი ისტორიული ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობას გვაწვდის სოფლის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი „სამეგრელოს აღწერა“. ამ წიგნს დართულია ქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.
საიტერესო ცნობას გვაწვდის აღნიშნული ეკლესიის შესახებ ნიკო დადიანი თავის წიგნში „ქართველთა ცხოვრება“. იგი წერს „ეს ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან“. ეს ის ლევან II დადიანია, რომელიც ოდიშის მთავარი გახდა 1611 წელს. ლამბერტი ლევან დადიანის შესახებ წერდა, რომ მან
„უთვალავი ოქრო-ვერცხლის ხატი გააკეთებინა თვალმარგალიტებით შემკობილი. ერთი წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ოქრომჭედელი ჰყავდა, რომლებიც განუწყვეტლივ ამკობდნენ საეკლესიო ნივთებს“
|
არქანჯელო ლამბერტის წიგნი „სამეგრელოს აღწერა“ საინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 380 წლის წინანდელ ძველ სენაკზე და მისი ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას სოფლის სახელწოდების წარმოშობის შესახებ. იგი წერს – ამ ადგილს ადრე ერქვა „სინგამე“ (მდინარე ტეხურის ძველი სახელწოდება). მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც მის წიგნში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“. მან მდინარე ტეხურს უწოდა „სინაგჰი“. ადვილი შესაძლებელია, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი. თუ დავეყრდნობით ლამბერტის ცნობებს, გამოდის რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერ კიდევ II საუკუნეში არსებულა. თავად „სენაკი“ ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ-მონაზვნებისათვის განცალკავებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. შესაძლებელია, რომ სოფლისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2012-10-05.
- ↑ საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
|