ვაჩნაძიანის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩნაძიანის კოშკი.

ვაჩნაძიანის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 400-დე მეტრზე, კალაურისხევის მარცხენა ნაპირზე, კალაურისხევსა და უსახელო ღელეს შორის მოქცეული ტერიტორიაზე. განეკუთვნება XVII საუკუნეს.

კოშკი გეგმით კვადრატულია ზემოთკენ შევიწროვებული, ნაგებია რიყის ქვით. კედლები შიგნიდან და გარედან ბათქაშითაა გასწორებული. შემორჩენილია სამი სართული და მეოთხე სართულის კედლების ნაწილი. პირველი სართული საცხოვრებელი ყოფილა. დანარჩენები საბრძოლო. პირველი სართული შელესილია, რაც მას უფრო კეთილმოწყობილს ხდის. შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს კარი გარედან თაღოვანია. შიგნით კი თარაზულად ყოფილა გადახურული. კარის ორივე წირთხლში საურდულე ხვრელია. ბუხრის მარცხნივ ნიშების გადახურვის დონეზე, ერთი ცალმაგი სათოფურია მსგავსი თითო სათოფური შესასვლელის გვერდებზეცაა. სართულის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო შეწყვილებული სათოფურია, რომელთაგან ერთი ხვრელი შესაბამის კედლებში მოწყობილი სწორკუთხა ნიშაში მოქცეული ერთი უსათოფურო ნიშა ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. კოშკის პირველი სართული მეორესაგან იზოლირებულია, მათ შორის საიდუმლო სართული ყოფილა. მესამე სართულზე აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სათოფურია, ხოლო ჩრდილოეთისაში — ორი. მეოთხე სართულის თითოეულ კედელში, ერთმანეთის სიმეტრიულად, ორ-ორი სათოფურია. სართულს შუა გადახურვა ხის ყოფილა, გადახურვის დასაყრდნობად სართულებს შორის, ოთხივე კედელზე, მცირე საფეხურია მოწყობილი, რომელიც ყოველი მომდევნო სართულის კედლების სისქის შემცირებითაა გამოყვანილი. გარედან მესამე სართულის დონეზე ოთხივე კედელში ჩასმულია ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული ცხვრის ორ-ორი რქა. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთისაგან მცირე მანძილით დაშორებული რამდენიმე ნაგებობის კვალი შეიმჩნევა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]