შინაარსზე გადასვლა

ვაშინგტონის I კონფერენცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაშინგტონის I კონფერენცია. „გაერთიანებული ერების“ დეკლარაციის მიღება. აშშ-ს ოფიციალურად ჩართვამ მეორე მსოფლიო ომში ახალი იმპულსი მისცა ვაშინგტონისა და ლონდონის კოორდინირებულ დიპლომატიურ საქმიანობას. 1941 წლის 22 დეკემბერს ვაშინგტონში დაიწყო კონფერენცია უმაღლეს დონეზე (კოდური სახელწოდება „არკადია“), რომელშიც, ფრანკლინ რუზველტსა და უინსტონ ჩერჩილთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწეები. კონფერენციას უნდა განესაზღვრა მოკავშირეთა სტრატეგია მეორე მსოფლიო ომში. პირველსავე სხდომაზე ამერიკელთა წარმომადგენლებმა ჯორჯ მარშალმა და ადმირალმა სტარკმა განაცხადეს, რომ აშშ-ზე იაპონიის თავდასხმის მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგე იყო გერმანია, რომლის დამარცხებაც გადაწყვეტდა ომის ბედს. ამერიკელთა ეს დასკვნა ეყრდნობოდა წმინდა სამხედრო მოსაზრებებს, რომლებიც ცხადყოფდნენ, რომ გერმანიის პოტენციალი ბევრად სჭარბობდა იაპონიისას და იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირები წლების განმავლობაში უმოქმედოდ იქნებოდნენ ევროპაში, მაშინ გერმანიის დამარცხება ბევრად უფრო ძნელი, ან საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა. რასაკვირველია, ინგლისელები დაამშვიდა ამერიკელთა ამგვარმა პოზიციამ.

 მთავარი სტრატეგიული მიზნის განსაზღვრის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა დაიწყეს ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განხილვა. უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებულ დებატებს ამ საკითხის გარშემო ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ამერიკელებს რაიმე ჩამოყალიბებული გეგმა არ გააჩნდათ. პრაქტიკულად მათ ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე დაამტკიცეს ინგლისელთა მიერ წამოდგენილი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა 1942 წლის გერმანიისა და მისი ევროპელი სატელიტების სრულ ბლოკირებას. უშუალოდ ევროპაში შეჭრა 1943 წლამდე არარეალურად იქნა მიჩნეული. სამაგიეროდ ბრიტანელები 1943 წელს კონტინენტზე დაბრუნების რამდენიმე ვარიანტს თვლიდნენ შესაძლებლად: 1) ხმელთაშუა ზღვით; 2) თურქეთის გავლით ბალკანეთში შეჭრა; 3) ჩრდილო-დასავლეთი ევროპის რამდენიმე ოკუპირებულ ქვეყანაში ერთდროული გადასხმა. გარდა ამისა, ვაშინგტონში განხილულ იქნა მოკავშირეთა ერთიანი შტაბის შექმნის საკითხი და გადაწყდა ჩამოეყალიბებინათ ინგლის-ამერიკის გაერთიანებული შტაბი, რომელსაც სათავეში ჩაუდგებოდა ჯორჯ მარშალი. ამ ორგანოს ადგილსამყოფელად დამტკიცებულ იქნა ვაშინგტონი.
 სამხედრო საკითხების გარდა ვაშინგტონის კონფერენციაზე რუზველტმა და ჩერჩილმა განიხილეს პოლიტიკური პრობლემებიც. უპირველეს ამოცანად, ამ თვალსაზრისით, მიჩნეულ იქნა მოკავშირეთა კოალიციის საბოლოო გაფორმება. აშშ-ს პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერმა დაიწყეს მუშაობა ერთობლივი დეკლარაციის პროექტზე. მოგვიანებით ამ დოკუმენტის მომზადებაშ ჩაერთო სსრკ-ს ელჩი აშშ-ში მაქსიმ ლიტვინოვი. ერთკვირიანი დამუშავებისა და დახვეწის შედეგად 1942 წლის 1 იანვარს გამოქვეყნებულ იქნა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდა 26 სახელმწიფო და რომელიც ისტორიაში ცნობილია „გაერთიანებული ერების დეკლარაციის“ სახელით. დეკლარაციის ხელისმომწერ სახელმწიფოთა სიას სათავეში ედგნენ აშშ და ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი, რის შედეგადაც ანბანის მიხედვით მოდიოდნენ ოკუპირებული ქვეყნები, ბრიტანეთის დომინიონები და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ეს უკანასკნელნი ნომინალურ მონაწილეობას იღებდნენ მეორე მსოფლიო ომში და მათი შეყვანა ხელისმომწერთა სიაში განაპირობა ამერიკელთა სურვილმა გაეზარდათ მოკავშირეთა მხარდამჭერი მცირე ქვეყნების რიცხვი, რაც მათი აზრით სასარგებლო იქნებოდა. სამაგიეროდ, ამ სიიდან, ასევე ამერიკელთა მოთხოვნით ამოღებულ იქნა საფრანგეთი, კერძოდ, საფრანგეთის ეროვნული კომიტეტი, რომელსაც სათავეში ედგა შარლ დე გოლი.
 ეს განპირობებული იყო იმით, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა ვიშის მარიონეტულ მთავრობასთან. გარდა ამისა, სწორედ ვაშინგტონის კონფერენციის წინ გოლისტებმა თავისი კონტროლი დაამყარეს კანადის მახლობლად მდებარე პატარა ფრანგულ კუნძულებზე: სენ-პიერსა და მიკელონზე. ამან პირდაპირ გააცოფა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კლარკ ჰალი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა ამ კუნძულების ვიშისტ გუბერნატორ ჟორჟ რობერთან. სწორედ ჰალმა მოახდინა ზემოქმედება პრეზიდენტ რუზველტზე და ათქმევინა მას უარი ხელისმომწერთა სიაში საფრანგეთის შეყვანაზე. გარდა ამისა, როგორც ჩანს, საკუთრივ რუზველტის უარყოფით დამოკიდებულებას შარლ დე გოლის პიროვნებისადმი სწორედ აქედან დაედო სათავე.
 გაერთიანებელი ერების დეკლარაციაში ჩამოყალიბებული იყო მოკავშირე სახელმწიფოთა მიზნები ომში და ვალდებულებები, რომელსაც ისინი იღებდნენ თავის თავზე ამ მიზნების მისაღწევად. დეკლარაციის ტექსტი შედგებოდა შესავალი ნაწილისა და ორი პუნქტისგან. პრეამბულაში ხელისმომწერი ქვეყნები უერთდებოდნენ „ატლანტიკურ ქარტიას“. აქვე ისინი გამოთქვამდნენ რწმენას, რომ სიცოცხლის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა თუ რელიგიური შემწყნარებლობის დასაცავად და ყველა სახელმწიფოში პიროვნების უფლებების და სამართლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო მტერზე სრული გამარჯვების მოპოვება.
 დეკლარაციის პირველი პუნქტით ყოველი ქვეყნის მთავრობა იძლეოდა გარანტიას, რომ გამოიყენებდა მთელ თავის რესურსებს სამმხრივი პაქტის იმ წევრების წინააღმდეგ, რომელთანაც ის აწარმოებდა საომარ მოქმედებებს. მეორე მუხლით ხელისმომწერი სახელმწიფოები იღებდნენ ვალდებულებას ერთმანეთს შორის თანამშრომლობის შესახებ და აცხადებდნენ უარს მტერთან სეპარატული მოლაპარაკებების წამოებაზე. და ბოლოს, დეკლარაციის დასვნით ნაწილში ნათქვამი იყო, რომ მასთან შეერთება შეეძლო ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეიტანდა თავის წვლილს ჰიტლერიზმზე   გამარჯვებაში. მთლიანობაში აღნიშნული დეკლარაცია უაღრესად მნიშვნელოვანი გამოდგა. მან ხელი შეუწყო მოკავშირეთ შორის ურთიერთობების განმტკიცებას და მისი მიღებით პრაქტიკულად დასრულდა ანტიჰიტლერული კოალიციის ფორმირება. აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე (1945 წლის აპრილი) სან-ფრაცისკოში მოიწვიეს ის სახელმწიფოები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ დეკლარაციას, ან შემდგომში (1945 წლის 1 მარტამდე) შეუერთდნენ მას. ვაშინგტონის I-მა კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1942 წლის 14 იანვარს.
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Marimari2010.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 18, 2024.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}