შინაარსზე გადასვლა

ვანოცა დეი კატანეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვანოცა დეი კატანეი
დაბადების თარიღი 13 ივლისი, 1442
მანტუა, იტალია
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 1518, (76 წლის)
რომი, იტალია
ეროვნება იტალიელი
რელიგია კათოლიციზმი
პარტნიორ(ებ)ი ალექსანდრე VI, რომის პაპი
შვილ(ებ)ი ჩეზარე ბორჯია
ჯოვანი ბორჯია
ლუკრეცია ბორჯია
ჯოფრედო ბორჯია
ოტავიო დი კროჩე

ვანოცა დეი კატანეი (იტალ. Vannozza dei Cattanei), დაბადების სახელია ჯოვანა დეი კატანეი (იტალ. Giovanna dei Cattanei; დ. 13 ივლისი, 1442 — გ. 24 ნოემბერი, 1518) — რენესანსის პერიოდის გამოჩენილი იტალიელი კურტიზანი ქალი და რომის პაპ ალექსანდრე VI-ის საყვარელი. ჩეზარე, ჯოვანი, ლუკრეცია და ჯოფრედო ბორჯიების დედა.

ვანოცა დაიბადა 1442 წლის 13 ივლისს მანტუაში, ჩრდილოეთ იტალიაში. მისი მშობლებისა და ბავშვობის შესახებ ცნობები საერთოდ არ არსებობს, თუმცა სავარაუდოდ დაბალი სოციალური ფენიდან იყო წარმოშობით, რამაც აიძულა კურტიზანი გამხდარიყო. ამის შემდეგ ვანოცა რომში გადასახლდა, სადაც გარეუბანში, ღარიბთა კვარტალში ცხოვრობდა. თანდათანობით მან არაერთ არისტოკრატ მამაკაცთან დაიწყო ურთიერთობა, რაც ამაღლებაში დაეხმარა. მან მალევე გააბა რომანი კარდინალ ჯულიანო დელა როვერესთან, რომელიც შემდეგში რომის პაპი გახდა იულიუს II-ის სახელით და ვანოცასთან ურთიერთობა გაწყვიტა.

ურთიერთობა როდრიგო ბორჯიასთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1466 წლიდან იწყება ვანოცას ცნობილი ურთიერთობა კარდინალ როდრიგო ბორჯიასთან, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა. მათი ხანგრძლივი და ბედნიერი რომანი მხოლო 1472 წელს დასრულდა. ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ 1473 წელს ბორჯიებმა იგი თავიდან მოსაცილებლად დააქორწინეს დომენიკო დ'არინიანოზე, თუმცა ამ ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.

როდრიგო ბორჯიასთან ვანოცას ოთხი შვილი შეეძინა:

  1. ჩეზარე (1475-1507), ფორლის, იმოლას, რამინისა და ფაენცას სენიორი, ურბინოს, რომანიისა და ვალენტინოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო ფრანგი წარჩინებული შარლოტ დ'ალბრე, რომელთანაც ერთი გოგონა შეეძინა;
  2. ჯოვანი (1476-1497), განდიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ესპანელი დიდებული მარია ენრიკეს დე ლუნა, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა;
  3. ლუკრეცია (1480-1519), პირველად ცოლად გაჰყვა პესაროს სენიორ გოვანი სფორცას, რომელსაც მალევე გაეყარა და ცოლად გაჰყვა ნეაპოლის მეფის ვაჟს, სალერნოს, სპოლეტოს, კატინიოლას, გრადარასა და ბისკელიის ჰერცოგ ალფონსო არაგონელს რომელთანაც ერთი ვაჟი შეეძინა. დაქვრივების შემდეგ იგი მალევე ცოლად გაჰყვა ფერარას, მოდენასა და რეჯოს ასევე ქვრივ ჰერცოგ ალფონსო I-ს, რომელთანაც ცხრა შვილი შეეძინა და გადაჰყვა მშობიარობას;
  4. ჯოფრედო (1481-1518), სკვილეჩის ჰერცოგი, პირველად იქორწინა ნეაპოლის მეფის ასულ სანჩა არაგონელზე, რომელიც მალევე დაიღუპა და მან ცოლად მარია დე მილა შეირთო, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა;

თქმულების თანახმად, დომენიკო საიდუმლო ქორწინებიდან მალევე დაიღუპა, რის შემდეგაც ვანოცამ და როდრიგომ რომანი განაახლეს. სწორედ მათი მეორედ განახლებული რომანიდან შეეძინათ ყველა შვილი. 1480 წელს, მეოთხე ბავშვზე ორსული ვანოცა ცოლად ჯორჯო დი კროჩეს შერთეს ცოლად. ქორწინებიდან მალევე, ვანოცამ ჯოფრე ბორჯია გააჩინა, თუმცა თავისი ქმრისგან 1486 წელს ვაჟი, ოტავიო დი კროჩე გააჩინა. ამავე წელს ჯორჯო გარდაიცვალა და ვანოცა ცოლად კარლო კანალეს გაჰყვა.

დარჩენილი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ პაპად არჩევამდე, როდრიგოს სიყვარული ვანოცასადმი შემცირდა და სხვა საყვარლები გაიჩინა. თუმცა, მისი სიყვარული ვანოცასთან შეძენილი შვილებისადმი ყოველთვის ძლიერი იყო, რამაც გარკვეულწილად გავლენა იქონია იტალიის ისტორიაზე. 1492 წელს როდრიგო რომის პაპად აირჩიეს ალექსანდრე VI-ის სახელით, რითაც ბორჯიებმა განუსაზღვრელი ძალაუფლება მოიპოვეს. იგი ვანოცას საოცრად მდიდრულ სასახლეში აცხოვრებდა რომში, თუმცა მასთან ურთიერთობა საერთოდ აღარ ჰქონდა და რომანი ჯულია ფარნეზესთან გააბა. ცნობილია, რომ მისი დაბალი წარმომავლობის გამო ჯულიას ნება არ დართეს დასწრებოდა თავისი ქალიშვილის, ლუკრეციას ქორწინებას ჯოვანი სფორცაზე, რომელიც მილანის ჰერცოგის ბიძაშვილი იყო.

დარჩენილი წლები ვანოცამ ჩრდილში გაატარა და იგი 1518 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა რომში, 76 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს სანტა-მარია-დელ-პოპოლოს ბაზილიკაში, რომში.

  • 2006 წელს გამოვიდა კანადურ-გერმანული ფილმი „კონკლავი“, სადაც მისი როლი ნორა ტშირნერმა მოირგო;
  • 2011 წელს გამოვიდა უნგრული სერიალი „ბორჯიები“, სადაც იგი იოანა უოლეიმ განასახიერა;
  • 2011 წელს გამოვიდა ფრანგულ-გერმანულ-ჩეხური ფილმი, სახელად „ბორჯია“, სადაც ვანოცას როლი ასუმპტა სერნამ შეასრულა;
  • Gregorovius, Ferdinand (1904). Lucrezia Borgia. New York: Benjamin Blom. Retrieved August 1, 2014.
  • Cloulas, Ivan (1993). The Borgias. New York: Barnes & Noble. ISBN 978-0-88029-806-3.
  • Locklin, Nancy L. (2000). "Borgia, Lucrezia (1480–1519)". In Commire, Anne; Klezmer, Deborah (eds.). Women in World History: A Biographical Encyclopedia. 2. Gale. Archived from the original on 2015-03-29. Retrieved 2 September 2014 – via HighBeam Research.
  • Catholic University of America (2003). "Borgia (Borja)". New Catholic Encyclopedia. 2 (2 ed.). Detroit: Gale. Archived from the original on 2015-09-24. Retrieved 2 September 2014 – via HighBeam Research.
  • Mathew, Arnold H. The Life and Times of Rodrigo Borgia. Southampton Times Limited.
  • Los Borgia, Juan Antonio Cebrián, Temas de Hoy, 2006. ISBN 84-8460-596-5