ჯოფრედო ბორჯია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯოფრედო ბორჯია
JoffreBorgia.jpg
წოდებები
სკვილეჩის ჰერცოგი
დაიბადა 1481, ან 1482
გარდაიცვალა 1516, ან 1517
საგვარეულო ბორჯიები
მეუღლე(ები) სანჩია არაგონელი
მარია დე მილა
შვილ(ებ)ი ფრანჩესკო
ლუკრეცია
ანტონია
მარია
მამა ალექსანდრე VI, რომის პაპი
დედა ვანოცა დეი კატანეი
რელიგია კათოლიციზმი

ჯოფრედო ბორჯია (იტალ. Gioffredo Borgia; დ. 1481/1482 — გ. 1516/1517) — ბორჯიათა ოჯახის წევრი. რომის პაპ ალექსანდრე VI-ისა და მისი საყვარლის, ვანოცა დეი კატანეის ნაბოლარა ვაჟი. სკვილეჩის ჰერცოგი როგორც ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ის ასულ სანჩია არაგონელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოფრედო დაიბადა 1481, ან 1482 წელს რომში. იგი იყო რომის პაპ ალექსანდრე VI-ისა და მისი საყვარლის, ვანოცა დეი კატანეის უკანასკნელი საერთო შვილი. მისი უფროსი და-ძმები იყვნენ ვალენტინოს ჰერცოგი ჩეზარე ბორჯია, ფერარას ჰერცოგინია ლუკრეცია ბორჯია და განდიის ჰერცოგი ჯოვანი ბორჯია. 1494 წელს ჯოფრედო დაქორწინდა ნეაპოლის მეფე ალფონსო II-ის ქალიშვილ სანჩია არაგონელზე, რომლის მზითვითაც იგი სკვილეჩის ჰერცოგი გახდა.

ქორწინების დროს ჯოფრედო 12 წლის იყო, ხოლო სანჩია 16-ის. ეს ქორწინება წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი იყო და მოიაზრებდა იტალიურ ომებში რომის პაპისა და ნეაპოლის სამეფოს ფრანგების წინააღმდეგ გაერთიანების იდეას. გარდა იმისა, რომ ქორწინება შეუსაბამო და უიღბლო იყო, მისი იდეაც ჩავარდა, რადგან როდესაც საფრანგეთის მეფე შარლ VIII იტალიაში შეიჭრა, რომის აღებით დაშინებული პაპი ფრანგების მხარეს გადავიდა. სულ მალე ალფონსო II ტახტიდან გადადგა და ნეაპოლი ფრანგებს დარჩა. ამის გამო ბრძოლაში ესპანეთი და მისი მოკავშირე ინგლისი და გერმანიაც ჩაება, რამაც იტალიურ ომებს ფართო ევროპული მნიშვნელობა მისცა.

მთელი ამ დროის მანძილზე წყვილი რომში ცხოვრობდა, სადაც სანჩიას გარდა მრავალი დიდებულისა, კიდევ რომანი ჰქონდა თავის მაზლებთან — ჩეზარესა და ჯოვანისთან. აქედან ირკვევა, რომ მათ ქორწინებაში ჯოფრედოზე სანჩია დომინირებდა.

ჯოფრედოს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მამასთანაც. პაპმა ალექსანდრე VI-მ მისი ლეგიტიმაცია მოახინა, მაგრამ მამამისის ვინაობა მაინც საეჭვო იყო, რადგანაც ამ დროს დედამისი გათხოვილი ქალი იყო და პაპის გარდა ქმართანაც ჰქონდა კონტაქტი. 1497 წელს, განრისხებულმა ჯოფრედომ მოკლა თავისი ძმა, განდიის ჰერცოგი ჯოვანი ბორჯია, რომელიც წლების მანძილზე ესპანეთში ცხოვრობდა ცოლთან და იტალიაში ოჯახის სანახავად ჩავიდა. ჯოფრედომ მასზე შური იძია თავის ცოლთან რომანის გამო, რა დროსაც მან ჯოვანი რომის გარეუბანში მოკლა, შემდეგ კი მდინარე ტიბრში გადააგდო, მაგრამ მდინარემ გვამი გამორიყა და პაპის გამოძიებამ ამხილა მისი დანაშაული, თუმცა არ დასჯილა. ბევრის აზრით, ჯოფრედოს ჯოვანის მკვლელობაში მისი კიდევ ერთი ძმა, ჩეზარეც ეხმარებოდა.

1499-1504 წლებში, როდესაც საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ მეორედ დაიპყრო ნეაპოლის სამეფო, ჯოფრედო მის მხარეს გადავიდა. მალევე იგი პროსპერო კოლონამ დაატყვევა და აიძულა ესპანელების მხარეს გადასულიყო. 1504 წელს, მამის დაღუპვის შემდეგ მან ცოლთან ერთად დატოვა რომი და სკვილეჩში გადასახლდა.

1506 წელს სანჩია არაგონელი გარდაიცვალა, რის გამოც ჯოფრედომ მალევე მეორედ იქორწინა თავის არაგონელ ბიძაშვილ მარია დე მილაზე. ჯოფრედოს მასთან ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი შეეძინა. მისი შთამომავლობა სკვილეჩს 1735 წლამდე მართავდა. ჯოფრედო ბორჯია გარდაიცვალა 1516, ან 1517 წელს სკვილეჩში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gregorovius, Ferdinand (1904). Lucrezia Borgia. New York: Benjamin Blom. Retrieved August 1, 2014.
  • De Caro, Gaspare (1971). "BORGIA, Goffredo". Dizionario Biografico degli Italiani (in Italian). Treccani, L'Enciclopedia Italiana. Retrieved 3 September 2014.(in Italian)
  • Catholic University of America (2003). "Borgia (Borja)". New Catholic Encyclopedia. 2 (2 ed.). Detroit: Gale. Archived from the original on 2015-09-24. Retrieved 2 September 2014 – via HighBeam Research.
  • Cloulas, Ivan (1993). The Borgias. New York: Barnes & Noble. ISBN 0-88029-806-5.