ჯულია ფარნეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯულია ფარნეზე
Lady with unicorn by Rafael Santi.jpg
დაბ. თარიღი 1475
გარდ. თარიღი 23 მარტი, 1524, (50 წლის)
ეროვნება იტალიელი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ორსინო ორსინი
პარტნიორ(ებ)ი ალექსანდრე VI, რომის პაპი
შვილ(ებ)ი ლაურა ორსინი
მშობლები მამა: პიერ ლუიჯი ფარნეზე
დედა: ჯოვანა კაეტანი
ნათესავები პავლე III, რომის პაპი (ძმა)

ჯულია ფარნეზე (იტალ. Giulia Farnese), მეტსახელად ლამაზი ჯულია (იტალ. Giulia la Bella; დ. 1475 — გ. 23 მარტი, 1524) — რენესანსის პერიოდის გამოჩენილი იტალიელი არისტოკრატი. რომის პაპ ალექსანდრე VI-ის საყვარელი და რომის პაპ პავლე III-ის ღვიძლი და.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ჯულია ფარნეზე და უნიკორნი, ინახება ფარნეზეების სასახლეში, პარმაში

ჯულია ფარნეზე დაიბადა 1475 წელს კანინოში, ჩრდილოეთ იტალიაში. მისი მშობლები იყვნენ წარჩინებული, მონტალტოს სენიორი პიერო ლუიჯი ფარნეზე და მისი მეუღლე, სენიორა ჯოვანა კაეტანი. დედამისი რომის პაპ ბონიფაციუს VIII-ის შორეული შთამომავალი იყო. ჯულიას ოთხი და-ძმა ჰყავდა. მისი უფროსი ძმა, ალესანდრო სასულიერო ცხოვრებას გაჰყვა და საბოლოოდ რომის პაპიც კი გახდა პავლე III-ის სახელით, მისი უმცროსი ძმა, ბართოლომეო მონტალტოს სენიორი გახდა, მისი მესამე ძმა, ანჯელო ლელა ორსინიზე დაქორწინდა და სენიორის წოდება მიიღო, ხოლო მისი უმცროსი და ნაბოლარა და იყო ჯიროლამა ფარნეზე, რომელიც გაუთხოვარი გარდაიცვალა.

ქორწინება და ურთიერთობა ალექსანდრე VI-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1489 წლის 21 მაისს ჯულია დააქორწინეს რომაელ დიდგვაროვან ორსინო ორსინზე. მისი მზითვი შეადგენდა 3, 000 ოქროს ფლორინს, რაც დღევანდელი ვალუტით 500, 000 ამერიკულ დოლარს უდრის. მისი მეუღლე დიდი რომაული საგვარეულოს შთამომავალი იყო და ვატიკანის კარზე მაღალი პოზიციაც ეკავათ, მაგრამ თავად ორსინო მეტად უჭკუო კაცი იყო და არც თავდაჯერებულობა ჰქონდა. იგი კარდინალ როდრიგო ბორჯიას მესამე თაობის ბიძაშვილად ერგებოდა, რომელიც მაშინდელი კათოლიკური ეკლესიის ვიცე-კანცლერი იყო. ჯულიას სძულდა თავისი ქმარი. ისტორიკოსები ვერ ასახელებენ ზუსტ თარიღს თუ როდის შეუყვარდათ ერთმანეთი ჯულია ფარნეზესა და როდრიგო ბორჯიას, თუმცა ამ ფაქტმა მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. ამ პერიოდისათვის როდრიგოს უკვე მობეზრებული ჰყავდა თავისი საყვარელი ვანოცა დეი კატანეი, რომელთანაც თითქმის ოცი წლის მანძილზე ჰქონდა რომანი და ოთხი შვილიც ჰყავდა. მას ძალიან მოეწონა ახალგაზრდა ჯულია, რომელიც იმ პერიოდისათვის დამახასიათებელ ყველა სილამაზის სტანდარტს აკმაყოფილებდა. 1492 წელს როდრიგო რომის პაპად აირჩიეს ალექსანდრე VI-ის სახელით, რამაც მას განუზომელი ძალაუფლება მიანიჭა. 1493 წლის ნოემბერში, ჯულია, ალექსანდრე VI და მისი ქალიშვილი ლუკრეცია ბორჯია უკვე ერთად ცხოვრობდნენ ვატიკანის გვერდით ახლად აშენებულ სასახლეში, სადაც ისინი თავიანთ რომანს არ მალავდნენ. ჯულია და ლუკრეცია ძალიან ახლო მეგობრები გახდნენ, თუმცა მისი პაპთან რომანი ბევრის უკმაყოფილებას იწვევდა. ამ პერიოდში მას მეტსახელად „ქრისტეს პატარძალი“ და „პაპის მეძავი“ შეარქვეს.

ჯულია ფარნეზე

რომის პაპთან არსებული ახლო ინტიმური ურთიერთობის წყალობით, ჯულიამ მოახერხა და 1493 წელსვე თავის ძმას, ალესანდრო ფარნეზეს კარდინალის ხარისხი მიანიჭა, რომელიც შემდგომში პაპიც გახდა.

ჯულიამ 1492 წლის 30 ნოემბერს ჯულიამ თავისი პირველი და უკანასკნელი ქალიშვილი, ლაურა გააჩინა, თუმცა სადავოა მამამისი ალექსანდრე იყო თუ ორსინო, მაგრამ ორსინოსთან არსებული ქორწინების გამო ლაურას ორსინის გვარი მიეცა. როგორც ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებს, პაპთან რომანის პარალელურად ჯულიას თავის ქმართანაც ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. თავად ჯულია აცხადებდა, რომ ლაურა პაპის ქალიშვილი იყო, თუმცა შესაძლოა მან ეს მხოლოდ იმიტომ განაცხადა, რომ თავისი შვილისათვის სტატუსი აემაღლებინა და უფრო მეტი ქონება დარჩენოდა. 1494 წელს მასა და პაპს შორის უთანხმოება გახდა, რომლის მიზეზიც რომიდან დაუკითხავად წასვლა იყო. როგორც ცნობილია იგი თავის მომაკვდავ ძმასთან, ანჯელოსთან წავიდა. ორსინომ მოახერხა და პაპს ჯულია რომიდან გააძევებინა, მაგრამ ძმის სიკვდილიდან მალევე მან მოახერხა და ალექსანდრეზე ზეწოლით დაუბრუნდა თავის ძველ პოზიციას. აღსანიშნავია, რომ ამ ინცინდენტს დაემთხვა საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის ქვეყანაში შეჭრა და იტალიური ომების დაწყება. ომის პირობებში ფრანგმა გენერალმა ივეს დ'ალერგიმ ჯულია ტყვედ ჩაიგდო და პაპს მასში გამოსასყიდის სახით 3, 000 სკუდო გადაახდევინა, რის შემდეგაც ჯულიამ უსაფრთხოდ ჩააღწია რომამდე.

1500 წლამდე ჯულიას პაპთან მეტად ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იგი ამ დროს თავისი ახალგაზრდობის გამო გამოირჩეოდა ვატიკანის კარზე. 1499 წელს გარდაიცვალა მისი ქმარიც, რითაც ჯულიას ორსინოს უზარმაზარი ქონება დარჩა. ამის შემდეგ იგი საცხოვრებლად კარბონიანოში გადავიდა, რომელიც რომთან ახლოსაა. ამ ქალაქში მდებარე ორსინების ციხესიმაგრე მან რომის პაპ ალექსანდრე VI-ს აჩუქა.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1505 წელს თავისი ქალიშვილის, ლაურას ქორწინებაზე დასასწრებად ჯულია რომში დაბრუნდა. ლაურა ცოლად ნიკოლო ფრანკიოტი დელა როვერეს გაჰყვა, რომელიც გალესეს სენიორი იყო. ჯულიას ახალი სიძე იყო რომის პაპ იულიუს II-ის დის, ლაურა დელა როვერეს ვაჟი. მიუხედავად ქვრივობისა და პაპთან ურთიერთობის გაფუჭებისა, ჯულიასათვის „სიყვარულის დრო“ არ დასრულებულა. ქვრივობის პირველ წლებში მას საყვარლებისა და ხელის მთხოვნელთა მთელი სერია ჰყავდა. როგორც ცნობილია იგი ცოლად ნეაპოლელ გენერალსა და ბარონზე, ჯოვანი კაპეჩე ბოცუტო დი აფრაგოლაზე დაქორწინდა. 1506 წელს ჯულია კარბონიანოს გუბერნატორი გახდა. ამის გამო ჯულიამ ახალი რეზიდენცია მიიღო. როგორც ქალაქის ქრონიკებშია ნათქვამი, იგი მეტად ენერგიული და მტკიცე მმართველი აღმოჩნდა. ჯულია კარბონიანოში 1522 წლამდე დარჩა, შემდეგ კი თანამდებობა დატოვა და რომში დაბრუნდა.

რომში დაბრუნებული ჯულია 1524 წლის 23 მარტს გარდაიცვალა თავისი ძმის, ალესანდროს სასახლეში. ამ დროს იგი 50 წლის იყო. ჯულია ფარნეზეს გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია. ათი წლის შემდეგ მისი ძმა რომის პაპი გახდა პავლე III-ის სახელით. მის ქალიშვილ ლაურას ქმრისაგან სამი ვაჟი შეეძინა, რომელთაც მემკვიდრეობით მიიღეს ჯულიას მთელი ქონება.

კულტურული ასახვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 წელს გამოვიდა უნგრული ტელე-სერიალი „ბორჯიები“, სადაც მისი როლი ლოტე ვერბეკმა შეასრულა;
  • 2011 წელს გამოვიდა ფრანგულ-გერმანულ-ჩეხური ფილმი, სახელად „ბორჯია“, სადაც ჯულია მართა გასტინიმ განასახიერა;
  • ჯულია ასევე ხშირად ფიგურირებს ქეით ქუინის სერიულ წიგნ „ბორჯიას ქრონიკებში“;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bellonci, Maria (2003). The Life and Times of Lucrezia Borgia. Phoenix. ISBN 9781842126165.
  • Romei, Danilo; Rosini, Patrizia (2012). Regesto dei Documenti di Giulia Farnese. Lulu.com. ISBN 9781291001204.
  • del Vecchio, Edoardo (1972). I Farnese. Rome: Istituto di Studi Romani.
  • Spinosa, Antonio (1999). La Saga dei Borgia. Milan: Mondadori. ISBN 978-88-04-48662-6.