შინაარსზე გადასვლა

ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ერგეტის არქეოლოგიური ძეგლები — სოფელ ერგეტაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), მდინარეებს ენგურსა და ჭურიას შორის, შავი ზღვიდან 8 კმ-ზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები. განეკუთვნება სხვადასხვა დროს — ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან ძვ. წ. II–I საუკუნეებამდე.

შესწავლა მიმდინარეობს 1978 წლიდან. სოფელსა და მის შემოგარენში გამოვლენილია ორ ათეულზე მეტი ნამოსახლარი ბორცვი, ე. წ. დიხაგუძუბა, ორმოცდაათზე მეტი ანტიკური ხანის ნამოსახლარი და გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანის 4 სამაროვანი.

ერგეტას ერთ-ერთ ნამოსახლარ ბორცვზე — მამულიების დიხაგუძუბაზე — აღმოჩენილია ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევრის ხის ჯარგვალური ტიპის ნაგებობათა ნარჩენები. ზოგიერთ სათავსში დიდი რაოდენობით იყო ხორბლის, ფეტვის, ღომის, ყურძნისა და თხილის კულტურათა ნაშთები. აგრეთვე ღორის, ძროხის, ირმის, შველისა და ფრინველთა ძვლები. იქვე ნაპოვნია მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი, ბრინჯაოს ყუამილიანი ცული და ლითონის სხვადასხვა ნივთის ჩამოსასხმელი ყალიბები.

ამავე ბორცვზე გაითხარა ადრინდელი ანტიკური ხანის კულტურული ფენა. მასში გამოვლინდა კერამიკული და ლითონის ნაწარმი, აგრეთვე ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისის ეგვიპტური ფაიანსისაგან დამზადებული იეროგლიფურწარწერიანი ხოჭოს პლასტიკური გამოსახულებანი. არქეოლოგიურად შესწავლილია ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრის 4 სამაროვანი, გამოვლენილია საკულტო მოედნები და ორმოსამარხები. მათში აღმოჩნდა ასეულობით თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოსა და რკინის სატევრები, ცულები, შუბისპირები, ისრისპირები, თოხები, სახნისები, სამკაული, საკულტო დანიშნულების ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი, ოქროსა და ვერცხლის ნივთები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივადაა დამზადებული, არის იმპორტული ნაწარმიც (სკვითური აკინაკები და ისრისპირები; ირანული, მცირეაზიური და ეგვიპტური წარმომავლობის მინის, პასტისა და ფაიანსისაგან დამზადებული მძივები და საბეჭდავები).

გათხრილია ძვ. წ. IV–III საუკუნეების ნამოსახლარი. აღმოჩენილია ადგილობრივი წარმოების კერამიკა, აგრეთვე ბერძნული ცენტრებიდან შემოტანილი ნაწარმი (სინოპური კრამიტი და ლუთერია, თასოსური ამფორები და სხვ.). ძვ. წ. II–I სს-იდან XIX ს-მდე ერგეტაში ადამიანის ცხოვრების კვალი არ ჩანს. აღმოჩენილი მასალა დაცულია დადიანების სასახლეთა მუზეუმში, ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

  • პაპუაშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 35.
  • Микеладзе Т. К., Археология Колхиды, Тб., 1990.
  • Микеладзе Т. К., Мигдисова Н. П., Папуашвили Р. И., Основные итоги полевых исследований Колхидской экспедиции, კრ.: Полевые археологические изыскания. 1982, Тб., 1985.