შინაარსზე გადასვლა

ეგნატე ანტიოქიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეგნატე ანტიოქიელის წამება. მინიატურა ბასილი კეისრის მენოლოგიონიდან (დაახლ. 1000 წ.).

ეგნატე ანტიოქიელი, ეგნატე ღმერთშემოსილი (ბერძ. Ἰγνάτιος Ἀντιοχείας [Ignátios Antiokheías]) (გ. დაახლ. 110, რომი) — ანტიოქიის პატრიარქი, მღვდელმოწამე.

ეგნატეს ცხოვრებისა და მარტვილობის შესახებ ცნობები ეკუთვნით ევსები კესარიელს, იერონიმე სტრიდონელს და სხვ. ეგნატე სირიაში დაიბადა. საეკლესიო ტრადიციის მიხედვით ის იოანე ღვთისმეტყველის მოსწავლე გახდა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით, ანტიოქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამგვარად, ეგნატე ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი გახდა სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდეგ. იმპერატორ ტრაიანეს ზეობისას (98-117 წლები) ეგნატე ქრისტიანული აღმსარებლობის გამო სხვა მორწმუნეებთან ერთად ანტიოქიაში შეიპყრეს, რომში გადაიყვანეს და მხეცებს დააგლეჯინეს. რომის კათოლიკური ეკლესია ეგნატეს ხსენების დღეს აღნიშნავს 17 ოქტომბერს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი — 20 დეკემბერს.

ეკლესიის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესია ეგნატე ანტიოქელის ეპისტოლარული მემკვიდრეობა — წერილები, რომლებიც ტყვედქმნილმა ეგნატემ რომისკენ მიმავალ გზაზე დაწერა. მათში გადმოცემულია ეგნატეს გაფრთხილებანი ცრუ მოძღვრებების წინააღმდეგ, მისი მზაობა მოწამეობრივი სიკვდილისათვის და ა. შ. უკვე IV საუკუნეში ევსები კესარიელისთვის ცნობილი იყო 7 წერილი, რომლებიც, მკვლევართა აზრით, უშუალოდ ეგნატე ანტიოქელს ეკუთვნის. ძველი დროიდან ასევე ცნობილია ეგნატეს უფრო ვრცელი კრებული, რომელშიც 13 წერილია შესული. წერილები ძველთაგანვე ითარგმნა სხვადასხვა ენაზე. არსებობს წერილების სირიული, კოპტური, სომხური თარგმანები. ქართულ ენაზე არსებობს ეგნატეს ერთადერთი, გიორგი მთაწმიდელისეული თარგმანი, რომელმაც დღემდე 6 ხელნაწერის სახით მოაღწია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეგნატე ღმერთშემოსილის ეპისტოლენი (1. მარიამ კასოვოლელის მიმართ, 2. ტრალელთა მიმართ, 3. მაღნისიელთა მიმართ, 4. ტარსელთა მიმართ, 5. ფილიპელთა მიმართ, 6. ფილადელფელთა მიმართ, 7. ზმირნელთა მიმართ, 8. პოლიკარპოს მიმართ, ზმირნელი ეპისკოპოსისა, 9. ანტიოქელთა მიმართ, 10. ირონის მიმართ, 11. ეფესელთა მიმართ, 12. ჰრომაელთა მიმართ), გამოცემულია ანდრია (ილია) ბოროდას მიერ, «საქართველოს ეკლესიის კალენდარი», თბილისი: „საქართველოს საპატრიარქო“, 1988 წ., გვ. 518-624.
  • [ეპისტოლე რომაელთა მიმართ] / წმ. ეგნატი ანტიოქიელი ; ძვ. ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ედიშერ ჭელიძემ // : რელიგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალი. - თბილისი, 2011. - № 1, საშობაო გამოცემა. - გვ.39-45.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]