დროება (XIX საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დროება.
„დროება“

„დროება“ — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. პირველი ევროპული ტიპის გაზეთი, რომელიც გამოვიდა 1866 წლის 4 მარტს გიორგი წერეთლის რედაქტორობით, რომელიც 1869 წლის აპრილამდე გამოსცემდა გაზეთს. 1866-1874 წლებში გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.

„დროებამ“ განაგრძო „საქართველოს მოამბის“ საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობისა და სხვა პრობლემებს.

„დროებამ“ დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.

„დროებამ“ ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, პეტრე მელიქიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მაჩაბელი, დავით მიქელაძე, კირილე ლორთქიფანიძე, ალექსანდრე ყაზბეგი, ანტონ ფურცელაძე და სხვები. რედაქტორები:გიორგი წერეთელი (1866–1869), გიორგი წერეთლის შემდეგ გაზეთის რედაქტორი გახდა ს. მესხი, რომელიც 1883 წლის აპრილამდე იყო მისი ხელმძღვანელი, ხოლო 1883-85 წლებში «დროებას» ივანე მაჩაბელი რედაქტორობდა. გაზეთის გამოცემის ისტორიაში საყურადღებოა 1870 წელი, ამ დროს «დროებას» ს. მესხი და ნ. ნიკოლაძე რედაქტორობდენ. ს. მესხის საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლის გამო 1873-1874 წლის ოქტომბერიდან «დროებას» კ. ლორთქიფანიძე რედაქტორობს, ხოლო 1880 წელს – «დროებისა» და «ივერიის» რედაქციები გაერთიანდა და გაზეთს ხელს აწერენ ს. მესხი და ი. ჭავჭავაძე. «დროება» დაარსდა, როგორც კვირაში ერთხელ გამომავალი გაზეთი. 1875-76 წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში სამჯერ, ხოლო 1877 წლის აგვისტოდან – «დროება» ყოველდღიურია.გაზეთის გამომცემლები იყვნენ: 1866-1883 წლის აპრილამდე – სტეფანე მელიქიშვილი, 1883 წლის აპრილიდან 1885 წლის 14 სექტემბრამდე – გიორგი ქართველიშვილი.

აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება“ დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბოცვაძე ი., სერგეი მესხი და 70-80-იანი წლების ქართული პრესა, თ., 1968;
  • გაზეთ "დროების" 50 წლისთავი, «სახალხო ფურცელი», 1916, № 518;
  • გამეზარდაშვილი დ., ქართული ლიტერატურისა და კრიტიკის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1974;
  • ვართაგავა ი., XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოჩენილი რედაქტორები, თბ., 1957;
  • კალანდაძე ა., ნარკვევები ქართული ჟურნალისტიკის ისტორიიდან, თბ., 1965;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა. (1819-1905 წწ.), «ქართული მწერლობა», , 1929, № 6-7;
  • მგალობლიშვილი ს., პირველი ქართული გაზეთი "სახალხო გაზეთი", 1916 , № 520, 525;
  • ქინქლაძე ო., "დროება" და აღზრდის საკითხები, თბ., 1963;
  • ხუნდაძე ს., სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 2 ტფ., 1927

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]