დოესის ყორღანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოესის ყორღანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, გრაკლის რკინიგზის სადგურიდან 2 კილომეტრზე, სოფელ ხოვლესკენ მიმავალი საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, მისგან ორასიოდე მეტრზე, სოფლის სახნავ მიწებში. თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს გვიანდელი საფეხურით. სამარხი 1974 წელს გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, გორისა და კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). ყორღანი (სიმაღლე 2 მეტრი; დიამეტრი 30 მეტრი) წარმოადგენს მიწაყრილიან სამარხს, რომელსაც შემოვლებული აქვს უსისტემოდ ჩაყრილი რიყის ქვის „ჯავშანი“. ყორღანის ცენტრში ნატეხი ქვით ნაგები აკლდამაა, რომელშიც ესვენა ჩონჩხი, მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ დამხრობილი. მიცვალებულს თავთან ედო ორყურა შავზედაპირიანი ბადია. მოპოვებული მასალა დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]