დემოკრატიული მშვიდობის თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ დე გოლი და გერმანიის კანცლერი კონრად ადენაუერი ერთმანეთს ხელს ართმევენ საფრანგეთ-გერმანიის მტრობის დასრულების ნიშნად. ბონი, 1958

დემოკრატიული მშვიდობის თეორია (ინგლ. Democratic peace theory) — გულისხმობს მოცემულობას, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები არასოდეს (ან თითქმის არასოდეს) არ აწარმოებენ საომარ მოქმედებებს ერთმანეთის წინააღმდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსი, იმანუელ კანტი და მისი ნაშრომი გახლავთ პირველი წყარო იმ კონცეფციისა, რომლის თანახმადაც დემოკრატიული წყობის მქონე მხარეები არ იწყებენ ერთმანეთთან ომს. 1795 წელს კანტმა გამოაქვეყნა საკუთარი ნაშრომი „მარადიული მშვიდობა“, რომლის თანახმადაც: თუ სახელმწიფო იქნება „რესპუბლიკა“, ანუ დღევანდელი გაგებით დემოკრატია, მაშინ — ბევრად უფრო რთულად წამოიწყებს ის ომს. ამის მიზეზს კი წარმოადგენს ის გარემოება, რომ ომის გამოცხადებისათვის საჭიროა ადამიანების თანხმობა, ანუ იმ პირთა ნებართვა, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან ბრძოლაში. კანტის აზრით, მონარქებს მარტივად შეუძლიათ ომის გამოცხადება, რადგან მათ მიმართ ნაკლებად დგას პირადი უსაფრთხოების საფრთხე, იქიდან გამომდინარე რომ ისინი პირადად, ფიზიკურად არ იბრძვიან; ამ ყოველივეს საპირწონედ კი — ხალხის მიერ არჩეულ და მის წარმომადგენელ ხელისუფლებას უფრო მეტი სერიოზულობის გამოჩენა მოუწევს იგივე გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ ყოველივეს გათვალისწინებით და კანტის მოსაზრებით — სამყაროში, რომელიც სავსეა კონსტიტუციური რესპუბლიკებით არ არსებობს ომიანობა, რადგან სუფევს მარადიული მშვიდობა.

თეორიის ჩამოყალიბება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანტის ნაშრომი „მარადიული მშვიდობა“ მოიცავს მარადიული მშვიდობის რამდენიმე და თანაც უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მიუხედავად იმისა, რომ კანტი მოღვაწეობდა სხვა ეპოქასა და გარემოში, აღნიშნული წინაპირობები დღემდე ინარჩუნებენ აქტუალურობას. ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ამტკიცებს, რომ სახელმწიფოებმა არ უნდა ისესხონ ფული ომის დასაფინანსებლად. აღნიშნული წინაპირობა ასევე განმარტავს გადასახადების გადახდის მნიშვნელობას დემოკრატიაში, უყვართ იგი მოქალაქეებს თუ არა. მაგალითისათვის შეიძლება წარმოვიდგინოთ საუდის არაბეთი, რომლის მოქალაქეებიც არ იხდიან გადასახადებს, მაგრამ სწორედ ამის გამო — მოქალაქეებს არ აქვთ სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლება. ასევე, წინაპირობებში განხილულია ისიც, რომ მართალია ლიბერალური დემოკრატიები არ აწარმოებენ ერთმანეთის მიმართ ომს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ასეთ პოლიტიკას ისინი ინარჩუნებენ არადემოკრატიული სახელმწიფოების მიმართაც.

კანტის ნაშრომები ომსა და დემოკრატიაზე საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გარდაიქმა „დემოკრატიული მშვიდობის თეორიად“, რომელიც ადგენს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ნაკლებადაა ერთმანეთისთვის ომის გამოცხადების შანსი. მკვლევარების მიერ თეორიის გამყარება ხდება იმ მოცემულობის მიხედვით, რომ მეოცე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის არ მომხდარა არც ერთი ომი.

პირველი და მეორე მსოფლიო ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისში სწორედ ავტორიტარული რეჟიმებმა გამოიწვიეს პირველი მსოფლიო ომი. სწორედ ამ პერიოდის შემდეგ დაიწყო სახელმწიფოების დაყოფა დემოკრატიულ, ავტორიტარულ და ფაშისტურ სახელმწიფოებად. ასეთმა წყობამ საკუთარი როლი ითამაშა იმაში, რომ დაწყებულიყო მეორე მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ვუდრო ვილსონი გამოვიდა ერთა ლიგის შექმნის წინადადებით. ერთა ლიგა მოიაზრებდა მოცემულობას, რომელსაც შეუერთდებოდა დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობა და ამით წახალისდებოდა კიდევ უფრო მეტი დემოკრატიული სისტემის შექმნა, რაც საბოლოო ჯამში გახდებოდა ახალი მსოფლიო ომის დაწყების პრევენციის ეფექტიანი საშუალება. ანალოგიური არგუმენტი იდგა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის მიღმა, რადგან სწორედ გაერო უნდა ყოფილიყო საერთაშორისო სისტემა, რომელშიც არსებული დემოკრატიები არ იომებდნენ ერთმანეთთან. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკასა და სსრკ-ს შორის დაიწყო ცივი ომი და ამ დროს ამერიკის მოკავშირე გახდა ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო.

ცივი ომის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლების შემდეგ და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დაიწყო დემოკრატიზაციის მძლავრი ტალღა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, სადაც გამორჩეულად გამოიკვეთა დემოკრატიული მშვიდობის თეორია. ამ პერიოდისა და რეგიონის ჭრილში, თეორია გამოიხატებოდა იმაში, რომ ვინაიდან დემოკრატიები არ უცხადებენ ომს ერთმანეთს, რაც უფრო მეტი დემოკრატია იარსებებს მსოფლიოში, უფრო ნაკლები შანსი იქნება შეიარაღებული კონფლიქტის გასაჩაღებლად. პრეზიდენტ ბილ კლინტონს ეკუთვნის შემდეგი სიტყვებიც:

ვიკიციტატა
„ყველაზე კარგი სტრატეგია ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მშვიდობის შენებისათვის არის დემოკრატიების განვითარების მხარდაჭერა ყველგან.“

თეორიის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსაფრთხოების დილემის კონცეფცია გამოიყენება საერთაშორისო ურთიერთობების ნეორეალისტურ თეორიაშიც და ფოკუსირებას ახდენს იმ ანარქიულ გარემოზე, რომელშიც სახელმწიფო არსებობს. ეს გახლავთ გარემო, რომელშიც საკუთარი უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა ეკისრება თავად სახელმწიფოს, ხოლო სხვა და პოტენციურად აგრესიული სახელმწიფოსაგან თავდაცვა უნდა განხორციელდეს საკუთარი სამხედრო რესურების ზრდით. მაშინ როდესაც რეალიზმის თეორიებში ნაკლები აქცენტია სახელმწიფოს შიდა მახასიათებლებზე, დემოკრატიული მშვიდობის თეორია განეკუთვნება საერთაშორისო ურთიერთობების ლიბერალურ მხარეს, რომელიც მეტ ყურადღებას უთმობს სახელმწიფოთა ხასიათს და შიდა მოწყობის საკითხებს. რეალიზმის თეორიის ქომაგი, ქრისტოფერ ლეინი აღნიშნავს, რომ რეალიზმი და დემოკრატიული მშვიდობის თეორია იზიარებენ ერთ პოზიციას შემდეგ უმნიშვნელოვანეს საკითხზე:

ვიკიციტატა
„სახელმწიფოში მომხდარ შიდა ცვლილებებს შეუძლიათ საერთაშორისო პოლიტიკის ბუნების ცვლილება. რეალიზმი ამტკიცებს, რომ მაშინ როდესაც სახელმწიფოს შიგნით ხდება ცვლილება, ამ დროს საერთაშორისო პოლიტიკური სისტემა რჩება იგივე. იქიდან გამომდინარე, რომ სისტემური სტრუქტურა წარმოადგენს საერთაშორისო პოლიტიკური მისწრაფებების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, შესაბამისად, სტრუქტურული საკითხები განსაზღვრავენ იმას, რომ ერთნაირი არქიტექტურის მქონე სახელმწიფოები იმოქმედებენ ერთნაირად - მიუხედავად მათი შიდა პოლიტიკური ვითარებისა.“

დემოკრატიული მშვიდობის თეორიის მიმდევრების მოსაზრებით: დემოკრატიულად არჩეული მთავრობები ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის მიმართ, შესაბამისად, რადგან თავად ადამიანებს უწევთ ომის შედეგად მიღებული ზიანის საკუთარ თავზე გამოცდა, სწორედ ამის გამო, დემოკრატიები უფრო მეტად არიან მშვიდობის მოყვარულნი, ვიდრე არა-დემოკრატიები. ასევე, შიდა კონფლიქტებისა თუ პრობლემების გადაჭრისას, დემოკრატიები მიმართავენ მოლაპარაკებების და კომპრომისის საშუალებებს და არა ძალადობას, შესაბამისად, დემოკრატიული სახელმწიფოების ამგვარი მიდგომა ვრცელდება მათ საგარეო პოლიტიკურ ხასიათსა და კურსზეც.

დემოკრატიული მშვიდობის თეორიის დიადური მიმართების თანახმად დემოკრატიები არ ებრძვიან ერთმანეთს, ხოლო მონადური მიმართების თანახმად - დემოკრატიები უფრო მშვიდობის მოყვარულნი არიან. თეორიის დიადური მიმართება განმარტავს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები არიან გახსნილნი და ენდობიან ერთმანეთს, მათი საგარეო პრობლემური საკითხების გადაჭრა ხდება მათი შიდა უთანხმოებების მოგვარების მიდგომის ანალოგიურად, ანუ მოლაპარაკებების და კომპრომისების საშუალებით. ვინაიდან და რადგანაც არა-დემოკრატიული სახელმწიფოები გამოირჩებიან გაუმჭვირვალობით და მათი შიდა პროცესები გაჟღენთილია ძალადობითა და ზეწოლით, შესაბამისად, შეუძლებელია ენდო არა-დემოკრატიულ რეჟიმს. დიადური მიმართება მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ შიდა და საგარეო პოლიტიკის მართვის ბუნება ერთნაირია. მონადური მიმართება ამტკიცებს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები არ იწყებენ ომს ერთმანეთის წინააღმდეგ და უფრო მეტიც, დემოკრატიული სახელმწიფოები ძალიან იშვიათად ერთვებიან ომში არა-დემოკრატიულ სახელმწიფოებთან.

იარაღის როლი თეორიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცივი ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით გამოიკვეთა იარაღის როლი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში და დემოკრატიული მშვიდობის თეორიაში. ზოგადად, აღიარებულია მიდგომა, რომ დემოკრატიულ სისტემაში დაუშვებელია ბირთვული იარაღის წარმოება. თუმცა, კრიტიკოსები თვლიან, რომ ასეთი მოცემულობა შეიძლება მოგვევლინოს მსოფლიო უსაფრთხოების რღვევის ქვაკუთხედად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია უფრო ეფექტიანი ზომების გამოყენება ძალადობის შემცირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ პაციფისტურ საზოგადოებაში უსაფრთხოების შენარჩუნება და მშვიდობის მიზნებისათვის ბირთვული იარაღის არსებობა წარმოადგენს ურთიერთგამომრიცხავ მოცემულობას დემოკრატიული მშვიდობის თეორიაში.

მკვლევრების აზრით, დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბებამდე სახელმწიფოები გადიან ხანგრძლივ პერიოდს, რომლის პარალელურადაც ხშირია ნაციონალიზმის ზრდაც. ასევე, საუბარია იმაზეც, რომ მხოლოდ ის ქვეყნები ჩაითვლებიან სტაბილურ სახელმწიფოებად, რომლებსაც დემოკრატიის გაცილებით დიდი ხნის გამოცდილება აქვთ, ვიდრე ახალ დემოკრატიებს. საუბარია იმაზეც, რომ ძალის გამოყენება და დემოკრატია ყოველთვის არ არის ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი ცნებები; მაგალისათვის შესაძლებელია ავიღოთ 1953 წელს ვაშინგტონის მიერ ირანზე განხორციელებული შეტევა, როდესაც მოჰამედ მოსადის მმართველობის ქვეშ არსებულ ირანს ჰყავდა დემოკრატიულად არჩეული მმართველობა. აღნიშნული დაპირისპირება ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას, თუ რამდენად განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიული კურსი მის მიმართ განხორციელებულ საომარ ქმედებას და რამდენად არის ეს დაპირისპირება კავშირში ერთი ძლიერი სახელმწიფოს მიერ მეორის აღქმასთან.

თეორიის კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოთა შორის ომიანობა იშვიათობას წარმოადგენს, არსებობს საპირისპირო მოსაზრებება იმაზე, თუ სინამდვილეში რატომ სუფევს მშვიდობა დემოკრატიულ წყობებს შორის. ერთ-ერთი არგუმენტია, რომ სწორედ ინდუსტრიული რევოლუცია გახდა XIX და XX საუკუნეების განმავლობაში დაწყებული სამშვიდობო პროცესების საწინდარი. ეკონომიკური კეთილდღეობა და სტაბილურობა გახდა ქვეყნების დემოკრატიულობისა და არა-დემოკრატიულობის განმსაზღვრელი ფაქტორი. კრიტიკოსების აზრით, ეკონომიკურმა კეთილდღეობამ გამოიწვია ცხოვრების მაღალი სტანდარტი, სიღარიბის შემცირებული მაჩვენებელი, მეტი სამუშაო ადგილი, მეტი დრო დასვენებისათვის და კონსუმერიზმის ზრდა. ამ ყოველივეს შედეგად კი, სახელმწიფოებს აღარ უჩნდებათ იმის მოთხოვნილება, რომ გადარჩენისათვის სხვა სახელმწიფოებზე მოახდინონ დომინირება.

კრიტიკოსების მოსაზრების კიდევ ერთ არგუმენტს წარმოადგენს ის რომ არ არსებობს მკაფიო კავშირი ომებსა და ქვეყნებში არსებულ რეჟიმებს შორის. საუბარია იმაზეც, რომ დემოკრატიული ქვეყნების მიერ წარმოებული ომების რაოდენობა უტოლდება არა-დემოკრატიული ქვეყნების ნაომარს. კიდევ ერთი კრიტიკული მოსაზრება „დემოკრატიული მშვიდობის თეორიასთან“ მიმართებაში ფოკუსირდება მსოფლიოში ძალის აღქმის ევოლუციაზე და არა იმდენად თავად დემოკრატიაზე. კრიტიკოსების აზრით, აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიც არის სამხედრო და ეკონომიკური ალიანსების არსებობა დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავად დემოკრატიზაციის პროცესიც, რომელსაც გადის ესა თუ ის სახელმწიფო, რადგან სწორედ ეს პროცესი შეიძლება იქცეს უსაფრთხოებისათვის არანაკლებ საფრთხედ. ზოგიერთი საკითხის ხელოვნურმა „დემოკრატიზაციამ“ შეიძლება სხვა საფრთხეებს გაუხსნას გზა. დაუშვებელია ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება სამხედრო საშუალებებით. ქრისტოფერ ჰობსონი აღნიშნავს, რომ სწორედ „მარადიული მშვიდობა“ და მისი დამყარება გახდა ის ქვაკუთხედი, რომელიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის „თავისუფლების დღის წესრიგში“ მოექცა, როდესაც გადაწყდა ერაყის დემოკრატიზაცია. ამგვარად, ჰობსონი ასკვნის, რომ ხშირად, ომებს მივყავართ ისეთ შედეგებამდე, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ მარადიულ მშვიდობასთან. ბუშის ადმინისტრაციის ქმედებები შუა აღმოსავლეთში განხილულია ენდრიუ სალივანის მიერაც, რომელიც თავის დროზე (2003 წელს) მხარს უჭერდა ერაყის ომს; სალივანმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ შესაბამისი კულტურის, სოციუმის სათანადო შეფასების არარსებობა არის სერიოზული ხარვეზი, რომელიც წარმოაჩენს გამოწვევას ნეოკონსერვატიზმში სახელმწიფოს მიერ შიდა კულტურის ცვლილებაზე და თუ რამდენად მიამიტურია ეს მიდგომა მაშინ როცა შეხება გვაქვს უცხოურ და კლანურ სისტემასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • C. Hobson, "Roundtable: Between the Theory and Practice of Democratic Peace. Introduction", International Relations, 2011, Vol. 25, No 2, 147;
  • A. Sullivan, "What I Got Wrong about the War", Time, 5 March 2006.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]