დასავლეთი ინდოეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
დასავლეთი ინდოეთი
ჰინ. पश्चिम भारत
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 19°00′00″ ჩ. გ. 74°09′00″ ა. გ. / 19.00000° ჩ. გ. 74.15000° ა. გ. / 19.00000; 74.15000
ფართობი 508032 კმ²
დასავლეთი ინდოეთი — ინდოეთი
დასავლეთი ინდოეთი

დასავლეთი ინდოეთი (ინგლ. Western India) — ნაკლებად დაზუსტებული რეგიონი ინდოეთში. მოიცავს ინდოეთის რესპუბლიკის დასავლეთ შტატებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დასავლეთ ზონირულ საბჭოს ადმინისტრაციულ დანაყოფში აერთიანებს შტატებს: გოას, გუჯარათსა და მაჰარაშტრას; და მოკავშირე ტერიტორიას: დადრა და ნაგარ-ჰაველი და დამანი და დიუ.[1] მეორე მხრივ, კულტურის სამინისტრო და ზოგიერთი ისტორიკოსი დასავლეთ ინდოეთს მიაკუთვნებს რაჯასტანის შტატსაც.[2][3] ინდოეთის გეოლოგიური კვლევის მიხედვით, დასავლეთ ინდოეთს მიეკუთვნება მაჰარაშტრა, მაგრამ არ მიეკუთვნება რაჯასტანი,[4] ხოლო უმცირესობების უფლებათა სამინისტროს განსაზღვრებით, დასავლეთ ინდოეთი მოიცავს კარნატაკას, მაგრამ არ მოიცავს რაჯასტანს.[5]

ხშირად დასავლეთ ინდოეთს მიაკუთვნებენ მადჰია-პრადეშის შტატს,[6][7][8] ხოლო ზოგჯერ ამ კატეგორიაში გაჰყავთ ჰარიანა, დასავლეთი უტარ-პრადეში, და სამხრეთი პენჯაბის შტატი.[9] დასავლეთი ინდოეთი შეიძლება აღნიშნავდეს ინდოეთის დასავლეთ ნახევარს, შესაბამისად, ყველა შტატს, რომელიც დელისა და ჩენაის დასავლეთით მდებარეობს, მათ შორის: პენჯაბს, კერალასა და მიმდებარე შტატებს. რეგიონი მაღალინდუსტრიალიზეულია და დიდი რაოდენობით ურბანული მოსახლეობა ჰყავს.[10] დასავლეთ ინდოეთს ჩრდილოეთიდან თარის უდაბნო ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ― ვინდჰიის ქედი, ხოლო დასავლეთიდან არაბეთის ზღვა. დასავლეთ ინდოეთი თარის უდაბნოს დიდ ნაწილს ჩრდილოეთ ინდოეთთან და პაკისტანთან იყოფს, ხოლო დეკანის ზეგანს სამხრეთ და ცენტრალურ ინდოეთთან.

სიუანცზანის თანახმად, ანტიკურ ხანაში დასავლეთი ინდოეთი სამ დიდ სახელმწიფოდ იყოფოდა: სინდჰად (მოიცავდა ინდის მთელ ხეობას პენჯაბიდან არაბეთის ზღვამდე, დელტისა და კაჩის კუნძულის ჩათვლით), გურჯარად (მოიცავდა დასავლეთ რასპუტანსა და თარის უდაბნოს) და ბალაბჰად (მოიცავდა გუჯარათის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე სანაპიროს მცირე ნაწილს).[11] ინდოეთის გაყოფამდე დღევანდელი პაკისტანის ტერიტორიები, სინდჰი და ბელუჯისტანი, ამ რეგიონის შემადგენლობაში შედიოდა. ხელოვნების ისტორიაში დასავლეთი ინდოეთი მხოლოდ გუჯარათსა და რაჯასტანს მიემართება.[12] დასავლეთ ინდოეთს მთლიანი შიდა პროდუქტის მეორე უმაღლესი მაჩვენებელი აქვს ინდოეთის რეგიონებს შორის.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონკანი მუსონების დროს

დასავლეთი ინდოეთი ჩრდილოეთით საურაშტრისა და კაჩის ნახევრად არიდულ რეგიონს მოიცავს. კამბაისა და სამხრეთ გუჯარათის სამხრეთით მდებარე რეგიონი ტენიანია. სამხრეთ გუჯარათის, მაჰარაშტრისა და გოას სანაპიროს გასწვრივ დასავლეთი გატები მდებარეობს. დანარჩენ რეგიონს ვიდარბჰისა და მარათჰვადის გეოგრაფიული რეგიონები იკავებს. ვეგეტაცია კონკანის სანაპიროზე ტროპიკული წვიმის ტყეებიდან ჩრდილოეთ გუჯარათში ეკლიანი ბუჩქებისკენ იცვლება. რეგიონის მთავარი მდინარეებია: მაჰი, ნარმადა, ტაპი, გოდავარი, ზუარი, მანდოვი, კრიშნა, გჰაგარი, ჩამბალი და მათი მრავალი შენაკადი.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ინდოეთის კლიმატი იცვლება ტროპიკული წვიმების, მშრალ და ნახევრად არიდულ კლიმატურ ზონებს შორის. სანაპირო რეგიონებში მცირე სეზონური ცვლილებებია და ტემპერატურა 20 °C-დან 38 °C-მდე მერყეობს. მუმბაისა და ჩრდილოეთ კონკანის რეგიონში უფრო ცივი ზამთარია და მინიმალური ტემპერატურა 12 °C-ის ფარგლებშია. მაჰარაშტრის შიდა ნაწილში ცხელი ზაფხულია. მაქსიმალური ტემპერატურა საშუალოდ 40 °C-ს უტოლდება. ზამთარი რბილია და მინიმალური ტემპერატურა საშუალოდ 10 °C-ის ტოლია. დასავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ პუნში ზაფხულის ტემპერატურა 35-40 °C-ია, ხოლო ზამთრის ტემპერატურა 7-12 °C-ის ფარგლებშია. გუჯარათშიც თბილი კლიმატია, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ინდოეთის მთავარი ენებია: მარათული, გუჯარათული და კონკანის ენა.[13]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგია დასავლეთ ინდოეთში
რელიგია %
ინდუიზმი
  
83.66%
ისლამი
  
10.12%
ბუდიზმი
  
4%
სხვები
  
2.22%

მოსახლეობის უმრავლესობა ინდუიზმის მიმდევარია. მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობას მუსლიმები შეადგენენ. მოსახლეობის მცირე ნაწილი ქრისტიანია. დასავლეთ ინდოეთში მცირე რაოდენობით ადგილობრივი ებაელებიც ცხოვრობენ, რომელთაც „ისრაელის ვაჟები“ ჰქვიათ და მარათულ ენაზე საუბრობენ. გუჯარათში დასახლებული პარსები ძირითადად მუმბაისა და სურათში არიან განსახლებული. დასავლეთ ინდოეთში ჯაინიზმისა და ბუდიზმის ბევრი მიმდევარი ცხოვრობს. ქრისტიანების უმრავლესობა გოაში ცხოვრობს.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთ ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 73 მილიონი ადამიანი, მარათულ ენაზე საუბრობს. დაახლოებით 46 მილიონი ადამიანი გუჯარათულ ენაზე საუბრობს, ხოლო 2.5 მილიონი ადამიანი ― კონკანზე. სამივე მათგანი ინდოარიულ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.[13] ინდოეთის სხვა ნაწილების მსგავსად, დასავლეთ ინდოეთიც მულტილინგვიზმის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ურბანულ ტერიტორიებზე დამატებით ინგლისურ ენასა და ჰინდიზე საუბრობენ.[14]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Inter-state Council Secretariat, Ministry of Home Affairs, Government of India. ციტირების თარიღი: 13 February 2018
  2. West Zone Cultural Centre. Ministry of Culture, Government of India. ციტირების თარიღი: 13 February 2018
  3. Vidyarthi & Rai 1977.
  4. Geological Survey of India. ციტირების თარიღი: 13 February 2018
  5. Report of the Commissioner for linguistic minorities: 52nd report (July 2014 to June 2015). Commissioner for Linguistic Minorities, Ministry of Minority Affairs, Government of India. ციტირების თარიღი: 31 August 2020
  6. Parthasarathy & Iyengar 2006, p. 85.
  7. West India - Madhya Pradesh. Asia-Planet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-22. ციტირების თარიღი: 2023-12-14.
  8. Nilsen 2010, p. 205.
  9. Pandeya & Lieth 2012, p. 219.
  10. Census GIS data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 12 March 2008
  11. Cunningham 1871, p. 248.
  12. Blurton, T. Richard, Hindu Art, p. 187, 1994, British Museum Press, ; Michell, George (1990), The Penguin Guide to the Monuments of India, p.262, Volume 1: Buddhist, Jain, Hindu, 1990, Penguin Books,
  13. 13.0 13.1 2001 Census language data. ციტირების თარიღი: 11 March 2008
  14. Indian and its languages. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2008. ციტირების თარიღი: 11 March 2008