გონის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიალეჩხუმის ერთ-ერთი უძველესი ეკლესია. იგი ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფ. ორხვიდან მომავალ გზიდან მარცხნივ, მცირე შემაღლებაზე დგას. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. აღმოსავლეთით გეგმით ნახევარწრიული, კონქით დასრულებული აფსიდი აქვს. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით. გარედან სამხრეთის სარკმლის ზღუდარზე, ფონის ჩაღრმავებით გამოყვანილია სამი, წრეში ჩასმული ჯვრის რელიეფური გამოსახულება. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობისა და მოხატულობის ფრაგმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩუქურთმებითა და რელიეფებით შემკული ხუთთაღიანი კანკელი, რომელიც ამ ტიპის ძეგლებს შორის საყურადღებო ნიმუშია. დასავლეთიდან გვიანდელი, სწორკუთხა მინაშენია, რომლისგანაც ერთი მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი. 2006–07 წლებში ჩატარდა ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია შიგნიდან და გარედან ღია ფერის შირიმის თლილი კვადრებით არის შემოსილი, წყობა სწორხაზოვანია. სარკმელთა საპირეთათვის გამოყენებულია შედარებით მაგარი ჯიშის ქვა. დეკორი ძირითადად აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფასადებზეა თავმოყრილი. ყურადღებას იქცევს სამხრეთის სარკმლის გაფორმება. ერთიან დიდი ზომის ქვაზე მარტივი თავსართი და მის ზემოთ სამი რელიეფური ჯვარია ამოკვეთილი. ლამაზი მოყვანილობის ჯვრები წრეშია ჩახაზული. არანაკლებ საინტერესოა აღმოსავლეთის სარკმლის სანაპირე. მისი ქვები დღეს ეკლესის შიგნით დევს. ამ ღიობის თავსართი რომბებისა და სამკუთხედების ცერად ნაკვეთი ორნამენტით არის დაფარული. ასეთი ჩუქურთმა ზოლად შემოსდევდა მთელ სარკმელს. თავსართს ზემოთ წრეში ჩახაზული ნუსხური წარწერაა:

ვიკიციტატა
„წმიდაო გიორგი,შეუნდე ცოდვანი გიორგი ცოდვილსა.“

წარწერა XI საუკუნით თარიღდება[1]. ნაგებობას თარო–კარნიზი აგვირგვინებს. საინტერესო არქიტექტურულ დეტალს წარმოადგენს სამხრეთის ფასადზე, კარნიზის ქვემოთ მოთავსებული, კედლიდან ძლიერ ძლიერად გამოწეული კრონშტაინები.

ეკლესიის შიდა, ვიწრო და მაღალი სივრცე დასრულებულია კამარით. ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდა სრულდება კარგად ამოყვანილი კონქით. ოდნავ შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი ბურთულებით გაფორმებულ ლამაზ იმპოსტებს ებჯინება. შიდა სივრცე სუსტად არის განათებული სამი სარკმლით — აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის, რომელთა წირთხლები მცირედაა შიგნითკენ გაგანიერებული. შესასვლელი ეკლესიაში ორია, დასავლეთის — შიგნიდან თაღოვანი მოყვანილობისაა, ასეთივე უნდა ყოფილიყო სამხრეთის კარიც. კედლებზე ალაგ–ალაგ შემორჩენილია შელესილობის კვალი. აფსიდაში მოხატულობის მცირე ფრაგმენტებიც შეინიშნება. საკურთხეველის დარბაზისაგან გამმიჯნავ კანკელთან ქვის კვარცხლბეკია,რომელზედაც ჯვარი უნდა ყოფილიყო აღმართული. საკურთხევლის წინ ჯვრის მოთავსების ტრადიცია უძველესი ხანიდან — საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებიდან მოდის.

ეკლესიის საერთო იერი, კედლების და კონქის წყობა, სარკმელების მორთულობა, ბურთულებით გაფორმებული იმპოსტები, ოდნავ შეისრული თაღი და სხვა ნიშნები ძეგლს X საუკუნით, სავარაუდოდ, მისი ბოლო პერიოდით განსაზღვრავს. სარკმლის თავსართის ქვაზე არსებული წარწერა შესაძლოა მოგვიანებით იყოს შესრულებული.

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ეკლესიის ბრწყინვალედ შესრულებული კანკელი, რომელმაც ჩვენამდე შეცვლილი სახით მოაღწია. ერთ დროს დაზიანებული კანკელი ნაწილობრივ შემდეგაა აწყობილი.

კანკელის ხუთი თაღი ემყარებოდა დეკორირებულ ბარიერზე აღმართულ, რთულად პროფირირებულ სვეტებს; მთელ კონსტრუქციას ორნამენტიანი კარნიზი აგვირგვინებდა. თაღედის შუა მალი, ე.წ. „აღსავლის კარი“ საკურთხეველში ერთადერთ შესასვლელს წარმოადგენს. კანკელის მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი დანაწევრებულია ორნამენტირებული ზოლებითა და ლილვების კონებით ოთხ არედ, სადაც წმინდანთა სკულპტურული გამოსახულებებია. აქ მახარობლები — ლუკა და მარკოზი, მთავარანგელოზებიმიქაელი და გაბრიელი არიან წარმოდგენილი.მედალიონში ჩასმული ეს წელსზედა ფიგურები უაღრესად მნიშვნელოვანია. თითეულს ახლავს მისი ვინაობის მაჩვენებელი ასომთავრული, დაქარაგმებული წარწერა. მთავარანგელოზთა რელიეფები იდენტურია. ასევე ერთმანეთის მსგავსია მახარობელთა გამოსახულებები. ნახევარფიგურები მთლიანად ავსებენ წრიულ არეს, ოსტატი ცდილა მოურთავი არ დაეტოვებინა ფილის არც ერთი მონაკვეთი. იქ, სადაც მედალიონების არე, მთავარანგელოზთა გამოსახულებებში შევსებულია ფრთებით, მახარობლებთან დიდი გაშლილი ფოთლებია გამოკვეტილი. მთავარანგელოზთა თმა, ფრთები, მახარობელთა სამოსი, წვერი, გრაფიკული, დენადი ხაზებითაა გადმოცემული, ამასთანავე ისინი ხაზგასმულად მოცულობითია. სრულად განსხვავებულად, კონცენტრული წრეებით არის დამუშავებული მახარობელთა მხრებზე დაფენილი თმები.მთავარანგელოზთა ფიგურები დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ ნიკორწმინდის ტაძრის ჩრდილოეთ კარის ტამპანზე არსებულ ანგელოზთა რელიეფებთან.

გონის კანკელი იმ ეპოქას ეკუთვნის, როდესაც საქართველოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ძეგლთა უხვ დეკორატიულ გაფორმებას. მცირე ზომის, სრულიად სადა ეკლესიაში ასეთი მდიდრული, ჩუქურთმებითა და რელიეფებით ინტენსიურად მორთული, შეფერადებული კანკელის გამართვა X საუკუნის პირველ ნახევარზე მიუთითებს. ამასვე ადასტურებს კანკელის საერთო აგებულება, ჩუქურთმათა რეპერტუარი და მათი კვეთის თავისებურება, შესანიშნავი სკულპტურული გამოსახულებები და წარწერათა ასოების მონახაზები

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. კ. ბერძენიშვილი, ი. გ. ბანძელაძე, მ. გ. სურამელაშვილი, ლ. ო. ჭურღულია. „ლეჩხუმი“, გვ. 39-43, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, 1983 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლაპიდარული წარწერები, I, ვ. სილოგავას გამოც. თბ., 1980