ლუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნა
ლუკა
Comune di Lucca

ლუკას პანორამა (2022)
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
დაქვემდებარება იტალიის კომუნა
რეგიონი ტოსკანა
პროვინცია ლუკა
კოორდინატები 43°51′00″ ჩ. გ. 10°31′00″ ა. გ. / 43.85000° ჩ. გ. 10.51667° ა. გ. / 43.85000; 10.51667
კომუნის მერი მარიო პარდინი
ფართობი 185.5 კმ² კმ²
ცენტრის სიმაღლე 19 მეტრი
მოსახლეობა 89,346 კაცი (30 სექტემბერი 2017)
სიმჭიდროვე 480/კმ² კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0583
საფოსტო ინდექსი 55100
ოფიციალური საიტი http://www.comune.lucca.it
ლუკა — იტალია
ლუკა


ლუკას ტაძარი

ლუკა (იტალ. Lucca) — ქალაქი და პროვინცია ტოსკანაში, ცენტრალურ იტალიაში, მდინარე სერჩიოს მდინარის ნაყოფიერ ვაკეზე, ლიგურიის ზღვის მახლობლად. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 89 000 ადამიანს,[1] ხოლო პროვინციაში ჯამში 383 957 ადამიანი სახლობს.[2]

ქალაქ ლუკაში დაიბადა მრავალი მსოფლიო დონის კომპოზიტორი, მათ შორის ჯაკომო პუჩინი, ალფრედო კატალანი და ლუიჯი ბოკერინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ლუკას ტერიტორია დასახლებული იყო ეტრუსკების მიერ, თუმცა სავარაუდოდ ადრინდელ პერიოდში სახლობდა ლიგურიელი მოსახლეობა (საიდანაც სავარაუდოდ წარმოიშვა ქალაქის სახელწოდება). ტერიტორიის რომაელებით დასახლებამ რაიონის ქალაქად ჩამოყალიბება განაპირობა. ძვ.წ. 180 წელს მიიღო რომის კოლონიის სტატუსი .[3][4]

ქალაქის ისტორიული ცენტრის დაგეგმარება რომაული ქუჩის სტილს წარმოადგენს. ძვ. წ. 56 წელს ქალაქ ლუკაში გამართულ კონფერენციაზე იულიუს კეისარმა, პომპეუსმა და კრასუსმა დაადასტურეს თავიანთი პოლიტიკური ალიანსი, რომელიც ისტორიაში პირველი ტრიუმვირატის სახელით შევიდა.[5]

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Piazza dell'Anfiteatro და სან-ფრედიანოს ბაზილიკა

მეექვსე საუკუნის დასაწყისში ლუკას ეპისკოპოსი იყო ირლანდიელი ბერი ფრედიანო. VI საუკუნეში ქალაქს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. 553 წელს ნარსესმა ქალაქ ლუკას რამდენიმე თვით ალყა შემოარტყა. 576-797 წლებში ლომბარდებს დაქვემდებარებული ლუკას საჰერცოგოს დედაქალაქს წარმოადგენდა. ამ პერიოდისათვის ქალაქში იჭრებოდა მონეტა.[6]

შუა საუკუნეებში ლუკას ტერიტორიაზე სახლობდნენ ებრაელები. ქალაქში მათი ყოფნის შესახებ პირველი ცნობები გვხვდება 859 წლით დათარიღებულ დოკუმენტებში. ებრაულ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა კალონიმოსების ოჯახი.[7]

1057 წელს ქალაქის ეპისკოპოსად დაინიშნა ანსელმ ბაჯიო (შემდეგში პაპი ალექსანდრე II), რომელმაც მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.[8]

გვიანი შუა საუკუნეების განმავლობაში, ლუკას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დინასტია იყო ალუჩინგოლების ოჯახი, რომელმაც მოახერხა ეკლესიასთან ძლიერი კავშირების დამყარება. ოჯახის წევრთა შორის პაპი ლუციუს III და კარდინალები გერარდო ალუჩინგოლი და უბერტო ალუჩინგოლი.[9] [10]

რესპუბლიკური პერიოდი (XII-XIX საუკუნეები)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატილდა ტოსკანელის გარდაცვალების შემდეგ, ქალაქმა 1160 წლის წესდებით დამოუკიდებელი კომუნის შექმნა დაიწყო და თითქმის 500 წლის განმავლობაში ლუკა დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახით არსებობდა.

1273 წელს და 1277 წლის შემდეგ ლუკას მართავდა გველფი Capitano del popolo (ხალხის კაპიტანი) სახელად ლუჩეტო გატილუსიო. 1314 წელს შინაგანმა უთანხმოებამ საშუალება მისცა უგუჩიონ დელა ფაჯიუოლა პიზელს, თავი ლუკას ბატონად გამოეცხადებინა. ორი წლის შემდეგ ის გააძევეს და ქალაქი კასტუჩიო კასტრაკანს გადასცეს, რომელმაც ლუკა ცენტრალური იტალიის წამყვან სახელმწიფოდ აქცია და კასტრაკანის გარდაცვალებამდე კონკურენციას უწევდა ფლორენციას.

1325 წლის 22 და 23 სექტემბერს ალტოპასიოს ბრძოლაში კასტრაკანმა დაამარცხა ფლორენციის გველფები. ამისთვის იგი ლუი IV ბავარიელმა ლუკას ჰერცოგად დანიშნა. კასტრაკანის საფლავი მდებარეობს სან-ფრანჩესკოს ეკლესიაში.

1408 წელს, ლუკამ უმასპინძლა პაპ გრიგოლ XII-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა განხეთქილების დასრულებას.[11]

ლუკამ თავიდან, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ, ხოლო 1628 წლის შემდეგ, როგორც ოლიგარქიამ, მოახერხა დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვენეციის და გენუას გვერდით.[12]

ადრეული თანამედროვე პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Palazzo Pfanner, ბაღის ხედი

ლუკა იყო იტალიის სიდიდით მეორე ქალაქი-სახელმწიფო ვენეციის შემდეგ) რესპუბლიკური კონსტიტუციით, რომელიც დამოუკიდებელი რჩებოდა საუკუნეთა განმავლობაში.

1799 და 1800 წლებში მას ებრძოდნენ საფრანგეთისა და ავსტრიის არმიები. საბოლოოდ ფრანგებმა გაიმარჯვეს. 1805 წელს ნაპოლეონ ბონაპარტმა ლუკას რესპუბლიკა მონარქიად გარდაქმნა და ლუკას პრინცესად თავისი და ელიზა ბონაპარტი დანიშნა.

1815 წლიდან 1847 წლამდე ლუკა იყო ბურბონ-პარმის საჰერცოგო,რომლის ერთადერთი მმართველი ჰერცოგი იყო მარია ლუისა ესპანელი, რომელიც 1824 წელს პარმის ჰერცოგმა, მისმა ვაჟმა კარლოს II-მ შეცვალა. ვენის ხელშეკრულების (1815) შედეგად, 1847 წელს პარმის ჰერცოგინია მარი ლუიზის გარდაცვალების შემდეგ, პარმა დაუბრუნდა კარლო II-ს, ხოლო ლუკამ დაკარგა დამოუკიდებლობა და შეუერთდა ტოსკანის დიდ საჰერცოგოს, როგორც ტოსკანის ნაწილი, 1860 წელს გახდა სარდინიის სამეფოს ნაწილი და 1861 წლიდან იტალიის სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი.

მეორე მსოფლიო ომის ბანაკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ტყვეთა ბანაკი დაარსდა სოფელ კოლე-დი-კომპიტოში, კაპანორის მუნიციპალიტეტში, ლუკადან დაახლოებით 11 კილომეტრის დაშორებით. მისი ოფიციალური ნომერი იყო PG 60, [13] და მას ჩვეულებრივ მოიხსენიებდნენ, როგორც PG 60 Lucca.[14] მიუხედავად იმისა, რომ მას არასოდეს ჰქონია მუდმივი ნაგებობები და საცხოვრებლები და შედგებოდა მხოლოდ კარვებისაგან. ბანაკში ჯამში 300-ზე მეტი ბრიტანელი და მოკავშირეების სამხედრო ტყვე იყო. იტალიის სოციალური რესპუბლიკის დროს, როგორც გერმანელების მარიონეტული სახელმწიფო, იქ პოლიტპატიმრები, უცხოელები, ჩვეულებრივი პატიმრები და ებრაელები იყვნენ და ფუნქციონირებდა როგორც საკონცენტრაციო ბანაკი. 1944 წლის ივნისში პატიმრები გადაიყვანეს ბანი-დი-ლუკაში.[13]

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუინიგის კოშკი

ლუკა არის მრავალი ცნობილი კომპოზიტორის სამშობლო, როგორებიც არიან: ჯაკომო პუჩინი, ნიკოლაო დორატი, ფრანჩესკო ჯემინიანი, ჯოსეფო გუამი, ლუიჯი ბოკერინი და ალფრედო კატალანი. ლუკაში დაიბადა მხატვარი ბენედეტო ბრანდიმარტე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ცნობილია მარმარილოს საბადოებით. 1900-იანი წლების დასაწყისში ხანძრის შემდეგ, ონტარიოს საკანონმდებლო ასამბლეის დასავლეთი ფრთა აღადგინეს ლუკაში მოპოვებული მარმარილოთი. დასავლეთის ფრთაზე იატაკის მოზაიკა იყო ხელით დაშენებული და მასალად გამოყენებულია ლუკას მარმარილო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Popolazione Lucca (2001-2020) Grafici su dati ISTAT it. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  2. Provincia di Lucca (LU) it. ციტირების თარიღი: 2022-01-07
  3. Roman Lucca | Turismo Lucca. ციტირების თარიღი: 2022-01-12
  4. Art & Architecture: Tuscany. 
  5. Boatwright, Mary et al.
  6. Mancini, Augusto (1999). Storia di Lucca (it). Pacini Fazzi, გვ. 23. ISBN 8872463432. 
  7. Lucca, https://www7.tau.ac.il/omeka/italjuda/items/show/776. წაკითხვის თარიღი: 2022-01-28
  8. ALESSANDRO II, papa in "Dizionario Biografico". ციტირების თარიღი: 2022-01-09
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. it-IT.
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. it-IT.
  11. CATHOLIC ENCYCLOPEDIA: Pope Gregory XII. ციტირების თარიღი: 2022-01-09
  12. Encyclopædia Britannica (1911)
  13. 13.0 13.1 The United States Holocaust Memorial Museum Encyclopedia of Camps and Ghettos, 1933–1945, Volume III: Camps and Ghettos under European Regimes Aligned with Nazi Germany. 
  14. Ill-treatment of prisoners of war at Camp PG 60, Lucca, Italy, July to November 1942 (2008-12-18). ციტირების თარიღი: 26 May 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუკა&oldid=4559804“-დან