შინაარსზე გადასვლა

გოგი ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გოგი ჭიჭინაძე (დ. 8 თებერვალი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი) მოადგილე, დირიჟორი.

გოგი ჭიჭინაძემ 1993 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი (პროფესორ ედიშერ რუსიშვილის კლასი), პარალელურად გაიარა საოპერო სიმფონიური დირიჟორობის სრული კურსი (პროფესორ ოდისეი დიმიტრიადის კლასი). 1994-1995 წლებში ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურაში საოპერო და სიმფონიური დირიჟორის სპეციალობაზე. იმავე წლებში გაიარა სტაჟირება სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრში პროფესორ ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით.

1992-2002 წლებში თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციის სიმფონიურ ორკესტრთან. 1992 წლიდან დღემდე თანამშრომლობს ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან. 1994-1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი-ასისტენტი იყო, 1995-2005 წლებში კი ამ ორკესტრის დირიჟორი. 1994-1995 წლებში თანამშრომლობდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორკესტრთან. 1994 წელს გამართა რამდენიმე კონცერტი ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. 1996-1997 წლებში თბილისის საფესტივალო კამერული ორკესტრის მთავარი დირიჟორია. მისი ხელმძღვანელობით 1997 წელს გაიმართა ავსტრია-საქართველოს ერთობლივი მუსიკალური ფესტივალი "მუსიკალური ნობათი".

1998 წელს მონაწილეობდა პაატა ბურჭულაძის თაოსნობით თბილისში გამართულ საოპერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში „ბრავო“ და გიტარის საერთაშორისო ფესტივალში. ამავე წელს მადრიდის საკონცერტო დარბაზში Auditorio nasional de Musica უდირიჟორა „ევროპის კამერული ორკესტრის“ კონცერტს, რომელიც გაიმართა ესპანეთის დედოფლის პატრონაჟით. შემდგომ წლებში დირიჟორი არაერთხელ გაემგზავრა საგასტროლოდ ესპანეთში, სადაც უდირიჟორა „ევროპის კამერულ ორკესტრს“ და ელჩეს ფილარმონიულ ორკესტრს (ვალენსია). 1998 წლიდან თანამშრომლობს სომხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან.

2000 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო მომზადების კათედრის პედაგოგია. საოპერო სტუდიის სცენაზე უდირიჟორა რახმანინოვის „ალეკოს“, ვერდის „რიგოლეტოს“ და მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტას“, ამავე სტუდიის სცენაზე განახორციელა დონიცეტის „დონ პასკუალეს“ დადგმა. 2000 წელს გოგი ჭიჭინაძე გახდა დირიჟორთა ტოკიოს საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის ფინალისტი და დიპლომანტი. ამავე წელს გამართა კონცერტი ტოკიოს ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად, 2001 წელს კი - ტოკიოს უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, 2001-2002 წლებში მონაწილეობდა საგაში (იაპონია) გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში (როგორც დირიჟორი და ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი).

2001 წლიდან ყოველწლიურად მართავს კონცერტებს კისლოვოდსკში, სადაც 2002 წელს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზეც წარდგა. 2001 წლიდან ყოველწლიურად მართავს კონცერტებს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ერმიტაჟის ორკესტრთან. 2002 წელს დირიჟორობდა წმინდა ქრისტოფერის სახელობის კამერულ ორკესტრს ვილნიუსში გამართულ მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე „ალტერნატივა“. 2003 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურ ორკესტრს, რომელიც ამ წელს გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით წარდგა ბონში გამართულ ბეთჰოვენის სახელობის მუსიკალურ ფესტივალზე. 2004 წლიდან თანამშრომლობს აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან. ამავე წელს დირიჟორს სანქტ-პეტერბურგის ერმიტაჟის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჰქონდა ხანგრძლივი საგასტროლო ტურნე იაპონიაში, სადაც 45 კონცერტი გამართა.

2004 წლიდან გოგი ჭიჭინაძე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე და დირიჟორია. 2005 წელს დამასკოში უდირიჟორა სირიის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს. ამავე წელს ჰქონდა გასტროლი ბაქოშიც, სადაც უდირიჟორა აზებაიჯანის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში.

გოგი ჭიჭინაძეს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ და უცხოელ შემსრულებლებთან, რომელთა შორის არიან: ელენე ობრაზცოვა, ანდრეა როსტი, ზურაბ სოტკილავა, დორა შვარცბერგი, ანდრეი დიევი, რონ რეგევი, მარტინას შვეგჟდა-ფონ ბეკერი, ლუდმილ ანგელოვი, მურად ადიგეზალ-ზადე, ულუგბეკ პალვანოვი, დანკან მაკ ტირი, იოსებ ეოტვოსი, ელენა მირტოვა.

ბოლო ათი წლის შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე გოგი ჭიჭინაძეს გამართული აქვს 200-მდე კონცერტი სხვადასხვა სიმფონიურ ორკესტრებთან ერთად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]