შინაარსზე გადასვლა

გიორგი წყაროსთაულის სათემო ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი წყაროსთაულის სათემო ხატი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანაფშავში, მდინარეების - ფშავის არაგვისა და კანალხევის შესართავთან, მთის ფერდობზე. ხატს ირგვლივ მრუდხაზოვანი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, რომლისგანაც მხოლოდ ნაშთებიღა შემორჩა. გალავნის გარეთ, მდინარის პირას შეიმჩნევა ქვების ხელოვნური წყობა. ხატის კომპლექსში შედის სალუდე, საკულუხე, საბერო, ბეღელი და ნანგრევებად ქცეული რამდენიმე ნაგებობა. სალუდე ფიქლის ქვის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხა ფორმის ნაგებობაა, რომელიც სამი მხრიდან სანახევროდ მიწაშია ჩასმული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ჩრდილო კედელთან საქვაბე-საცეცხლურია მოწყობილი. სათავსის შუაში ფიქლის ოთხკუთხა ბოძი დგას, მას ორფერდა გადახურვა ეყრდნობა. სალუდის ზემოთ, ფერდობზე, დგას ამჟამად სახურავჩაქცეული საკულუხე - ფიქლის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობა, რომელსაც ორფერდა გადახურვა ჰქონდა. საკულუხის ზემოთ საბეროა, გეგმით ოთხკუთხა, ფიქლის ქვით მშრალად ნაშენი ნაგებობა. კიდევ უფრო ზემოთ, იფნებს შორის, მდებარეობს რიყის ქვის გალავნით გარშემოვლებული ბეღელი - გეგმით კვადრატული, ფიქლის ქვით ნაშენი და კირით შელესილი ნაგებობა, რომელსაც სამხრეთ კედელში, მიწიდან 0,6 მეტრზე, მცირე ზომის სწორკუთხა კარი აქვს გაჭრილი. ბეღელი გადახურულია პირამიდული ფორმის საფეხუროვანი სახურავით. ბეღლის დასავლეთით, მაღლობზე, გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევებია.