გიორგი სალუქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სალუქვაძე.

გიორგი ისაკის ძე სალუქვაძე (დ. 25 ივნისი, 1913, უჩხუბი, რუსეთის იმპერია, — გ. 15 ივნისი, 1990, ოზურგეთი, სსრკ) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1957), საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არასრული განათლება სოფელში მიიღო, 1932 წელს დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1933-1939 წლებში სწავლობდა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა „თბოელექტროცენტრალში”. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო აღმასრულებელ თანამდებობაზე. ხალხური ცეკვისა და სიმღერის ტრფიალი გიორგი სალუქვაძე ბავშვობიდანვე იყო. 1935 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, დაიწყო ქორეოგრაფიული საქმიანობა, ჩამოაყალიბა მომღერალ-მეჩონგურეთა სამკაციანი და მოცეკვავეთა ხუთკაციანი ჯგუფი, დგამდა ხალხურ ცეკვებს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით 1937 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა ცეკვა „ხორუმით” ხალხური თვითმოქმედების IV რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი და ჯილდო მოიპოვა.

1937 წელს კირილე პაჭკორიამ მიიწვია დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფად და მოცეკვავედ მიიწვია. იმავე დროს იგი ხელმძღვანელობდა პუშკინის სახელობის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიულ წრეს. მეორე მსოფლიო ომის წლებში საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა და იყო დანაყოფის მეთაური, ამავე დროს, წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. დემობილიზაციის შემდეგ თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან არსებულ ანსამბლებში მუშაობდა ქორეოგრაფად (საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი გრიგოლ კოკელაძე), სამტრესტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მაუდის ფაბრიკის ქორეოგრაფიული წრე, №5 საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი). 1947 წლიდან გიორგი სალუქვაძე საცხოვრებლად მახარაძეში გადავიდა. მუშაობდა კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, პარალელურად ხელმძღვანელობდა ნატანების, საკოლმეურნეო და მახარაძის №3 საშუალო სკოლის გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს, 1949-1951 წლებში სოფლების: შრომის, ძამითისა და ბახვის საკოლმეურნეო გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. 1959 წლიდან კი სოფელ ქაქუთისს საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფიულ წრეს.

1955 წლიდან გიორგი სალუქვაძე დაინიშნა ბჟუჟჰესის მშენებლობის დირექტორად და ტექნიკურ ზედამხედველად, პარალელურად განაგრძობდა ხალხური შემოქმედების სამსახურს. 1963 წელს ანა ანტონოვსკაიას შვილმა მწერალამა ბორის ჩერნიმ დაწერა კინოსცენარი გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიამ შექმნა ფერადი ხმოვანი კინონარკვევი. 1966-1968 წწ. წლების განმავლობაში გიორგი სალუქვაძემ ქორეოგრაფიულად დადგა და მუსიკალურად გააფორმა მახარაძის თეატრის ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი. 1968 წელს გიორგი სალუქვაძის ინიციატივით მახარაძეში შეიქმნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა. 1973 წელს სკოლის კურსდამთავრებულთაგან მან შექმნა ანსამბლი „იადონი”, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

გიორგი სალუქვაძემ 40-წლიანი შრომა მიუძღვნა მივიწყებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნიმუშების ძიებასა და თავმოყრას. მის მიერ აღდგენილი მრავალი ცეკვა დამკვიდრდა ქართულ საცეკვაო რეპერტუარში: „ფარცაკუკუ”, „კალმახობა”-1954 წელი VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა, ინგილო-ფერეიდანული ცეკვა „შიპრობა”, „ფუნდრუკი”, მესხურ-ჯავახური ცეკვები „მძიმური”, „იდუმალა”, ფერხული „დიდება”, „ვარძიობა-ძიობასა”; აჭარული, შრომითი პროცესის ამსახველი ცეკვა „ხელტარის ნადი” („ხელტრის ნადი”) ასევე მისი კონსულტაციითა და ქორეოგრაფიული კომპოზიციებით არის გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი: „შრომა და შემოქმედება”, „შეხვედრა მთაში”, „გიწვევთ ქართულ სუფრასთან”. შექმნა ხალხური სანახაობა „სეირი“ და საბავშვო ცეკვები „ცხენობანა“ და „წყაროსთან“.

გიორგი სალუქვაძე გარდაიცვალა 1990 წლის 15 ივნისს, დაკრძალულია ოზურგეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 696-697, თბ., 1984 წელი.
  • ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, გურია III წიგნი, გიორგი სალუქვაძე, ავტ: კვიჟინაძე მარინა, პატარიძე უჩა, 2004.
  • ჭანიშვილი, რეზო, ალავიძე,ოლეგ., „გიორგი სალუქვაძე 100”, ფონდი ქართული გალობა, საქ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქ. ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირი,თბილისი 2014.
  • შილაკაძე, ვანო., ხალხური შემოქმედების მოამაგე,გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა”,ბათუმი 1979.
  • ანტონოვსკაია, ანა, ჩორნი, ბორის., ფილმი-ნარკვევი „შრომა და შემოქმედება”.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]