გერტრეიდა დე ჰაას-ლორენცი
გერტრეიდა დე ჰაას-ლორენცი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ნოემბერი, 1885[1] |
დაბ. ადგილი | ლეიდენი[1] |
გარდ. თარიღი | 1973[1] [2] |
გარდ. ადგილი | ლეიდენი |
მოქალაქეობა | ნიდერლანდების სამეფო |
საქმიანობა | ფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Wander Johannes de Haas |
მამა | ჰენდრიკ ლორენცი |
დედა | ალეტა ლორენც-კაიზერი |
გერტრეიდა ლუბერტა დე ჰაას-ლორენცი (დ. 20 ნოემბერი, 1885, ლეიდენი — გ. 1973, იქვე) — ნიდერლანდელი ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერტრეიდა დე ჰაას-ლორენცი დაიბადა 1885 წლის 20 ნოემბერს, ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში. მამამისი ამ დროისათვის იყო ლეიდენის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე. გერტრეიდას დამთავრებული აქვს ლეიდენის ქალთა რეალური სასწავლებელი და იქვე მდებარე ქალთა გიმნაზია. შემდგომ მან სწავლა განაგრძო ლეიდენის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ეს ფაკულტეტი მან 1906 წელს დახურა. 1906-1910 წლებში გერტრეიდა მუშაობდა ლეიდენის კრიოგენულ ლაბორატორიაში ასისტენტად. ამ პერიოდში ლაბორატორიას მისი დამაარსებელი ჰენდრიკ კამერლინგ-ონესი ხელმძღვანელობდა. 1912 წელს ლეიდენის უნივერსიტეტში გერტრეიდა ლუბერტ ლორენცმა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. საკუთარი დისერტაცია მან მიუძღვნა ფლუქტუაციური მოვლენების თეორიულ საკითხებს. ფლუქტუაცია არის დამზერილი ფიზიკური სიდიდეების საშუალო მნიშვნელობიდან შემთხვევითი, მცირე გადახრა, რომელიც სითბური მოძრაობითაა გამოწვეული. ამ მოვლენის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს ბროუნის მოძრაობა. ბროუნის მოძრაობის ახსნას მეცნიერები დიდი დროის განმავლობაში ვერ ხსნიდნენ. საბოლოოდ 1905-1906 წლებში ჩამოყალიბდა ალბერტ აინშტაინისა და მარიან სმოლოხოვსკის მიერ. სწორედ აინშტაინის იდეები დაამუშავა ჰერტუდამ საკუთარ სადოქტორო ნაშრომში „ბროუნის მოძრაობა“, რომელიც გამოვიდა 1913 წელს სპეციალური მონოგრაფიის სახით გერმანულ ენაზე. ძალიან საინტერესოა ამ წიგნის პირველი თავი, რომელიც მოიცავს ფიზიკოსების მიერ ამ მოძრაობის შესწავლის ხანგრძლივ ისტორიას. ასევე სხვადასხვა მეცნიერის ნამუშევრები ფლუქტუაციის თეორიაზე. მეგობართა წრეში გერტრეიდა ლუბერტას ფლუქტუაციური მოლენებით გატაცებისა და მოუსვენარი ხასიათის გამო ზედმეტ სახელად „ბროუნის მოძრაობა“ შეარქვეს.
1910 წელს ლუბერტ ლორენცი გათხოვდა დამწყებ ფიზიკოსზე, სახელად ვ. დე ჰააზზე. სწორედ ამის შემდეგ გვხვდება იგი დე ჰააზ ლორენცის სახელით. 1914-1915 წლებში ოჯახი ცხოვრობდა ბერლინში, აინშტაინთან. ლეიდენში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ დე ჰააზ-ლორენცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას ქალაქ დელფტის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტში იგი ექსტრაორდინალური პროფესორის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს იგი თარგმნიდა მამის ნაშრომებს გერმანულ ენაზე. დაწერა რამდენიმე სოლიდური სასწავლო კურსი თეორიულ ფიზიკაში.
აღსანიშნავია, რომ გერტრეიდა აღმოჩნდა პირველი ფიზიკოსი, რომელმაც შეძლებისდაგვარად დასახა გზა, რომლითაც — როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა — შესაძლებელი გახდა ზეგამტარობის თანდათანობითი და სწორი გაგება. ქმრის თხოვნით მან ახალი პრობლემის შესწავლა დაიწყო. იგი დაინტერესდა შემდეგი საკითხით: როგორ მოქმედებს გარე მაგნიტური ველი ზეგამტარობაზე, თუ ეს მაგნიტური ველი მთლიანად ეკრანიზაციას განიცდის ზეგამტრის ზედაპირზე თავმოყრილი დენებით. მან დაასკვნა, რომ ვინაიდან და რადგანაც ელექტრონებს მასა გააჩნდათ, ამიტომ ეკრანიზებად დენებთან დაკავშრებული უნდა იყოს მცირე კინეტიკური ენერგია. ეს შენიშვნა დე ჰააზ ლორენცმა გამოაქვეყნა ნიდერლანდურ ენაზე ნაკლებად პოპულარულ ჟურნალში, 1925 წელს. ამის გამო ამ დასკვნას ყურადღება არ მიექცა. აღსანიშნავია, რომ არც მის ქმარს გაუმახვილებია ყურადღება ამ ფაქტზე. ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად: იმ პერიოდში ვარაუდიც კი იმის შესახებ, რომ მაგნიტური ველი მაინც აღწევდა ელექტროგამტარებში, სრულიად დაუჯერებლად ეჩვენებოდათ.
უკანასკნელად ლუბერტ ლორენცის სახელი გამოჩნდა 1935 წელს, ფიზიკური ჟურნალების ფურცელზე. მან მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც თერმოდინამიკის საფუძვლებს ეხებოდა.
გერტრეიდა დე ჰაას-ლორენცი გარდაიცვალა 1973 წელს, ლეიდენში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 71-75, თბ., 1988.
- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #1044011734 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ data.bibliotheken.nl