გალენოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გალენოსი
დაბადების თარიღი 129
პერგამონი
გარდაცვალების თარიღი 200/216
რომი
საქმიანობა ექიმი

კლავდიუს გალენოსი/გალენუსი (ბერძ. Γαληνός; დ. 129, პერგამონი — გ. 200/216, რომი) — რომაელი ექიმი, ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი, ანტიკური მედიცინის კლასიკოსი. გალენოს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ფილოსოფიაში, ლოგიკაში, გრამატიკასა და მათემატიკაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი სამედიცინო ხასიათის თხზულებები, სადაც გაშუქებულია ანატომიის, ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, ფარმაკოლოგიის, გინეკოლოგიისა და სხვა საკითხები.

ანატომიის და ფიზიოლოგიის შესწავლისას გალენოსი ფართოდ იყენებდა ცდებს ცხოველებზე, კვეთდა მაიმუნის, ღორისა და ძაღლის გვამებს, აკეთებდა ვივისექციას. მან ზუსტად აღწერა ხერხემლის სვეტის, ზურგისა და სხეულის სხვა ნაწილების კუნთები, ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმონაქმნი, გამოყო ძვლების ძირითადი ფორმები და არტერიის სამი შრე. ცდებით დაადგინა ზურგის ტვინის სეგმენტების ფუნქციური მნიშვნელობა. ამტკიცებდა, რომ ტვინი არის მოძრაობის, მგრძნობელობისა და სულიერი მოქმედების წყარო. დაასაბუთა, რომ სისხლის ძარღვებში გადის სისხლი და არა ჰაერი. აღწერა წამლის დამზადების იმ დროისათვის ცნობილი ხერხები. გალენოსმა დაამკვიდრა მცდარი შეხედულება, თითქოს ღვიძლი სისხლის მიმოქცევის მთავარი ორგანოა (ამ შეხედულებამ ანდრეას ვეზალიუსისა და უილიამ ჰარვეის აღმოჩენამდე იარსება).

ფსიქოლოგიური მოვლენების ახსნისას გალენოსი ემყარებოდა თავის ფიზიოლოგიურ შეხედულებებს, ცდილობდა გაერკვია ფსიქიკის სხეულებრივი საფუძვლები, რაც კარგად ჩანს მის მოძღვრებაში ტემპერამენტზე. გალენოსის მიხედვით, სულიერი ცხოვრების მატარებელია პნევმა-გამთბარი ჰაერის მსგავსი, ეთერისებრი სუბსტანცია. იგი განასხვავებდა სასიცოცხლო (ფიზიკურ) და ფსიქოლოგიურ პნევმას, რომელთაგან პირველი ღვიძლშია, მეორე კი — ტვინსა და ნერვებში.

გალენოსმა შექმნა სამედიცინო და ბიოლოგიური ცოდნის მთელი სისტემა და, მისმა ნაშრომებმა უდიდესი გავლენა იქონია მედიცინის შემდგომ განვითარებაზე. როგორც ექიმი, ის უცილობელ ავტორიტეტად ითვლებოდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Opera omnia, Venetiis, 1541—45;
  • Oeuvres anatomiques, physiologiques et medicales, Р., 1854—56.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 636.
  • История медицины, под ред. Б. Д. Петрова, М., 1954.