შინაარსზე გადასვლა

ფარმაკოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარმაკოლოგია (ძვ. ბერძნ. φάρμακον [pharmakon] — „წამალი“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — სამედიცინო ბიოლოგიური მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საწამლე საშუალებებსა და ორგანიზმზე მათ მოქმედებას; ფართო გაგებით მეცნიერება ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესახებ.

პირველი სისტემატიზებული ცნობები საწამლე ნივთიერებებზე გვხვდება ებერსის ეგვიპტურ პაპირუსებში (ძვ. წ. XVII საუკუნე), აგრეთვე ჰიპოკრატეს, თეოფრასტეს (ძვ. წ. 372-287 წლები), დიოსკორიდეს (ახ. წ. I საუკუნე) შრომებში. სამკურნალო მცენარეები აღწერილი აქვთ გალენოსს, იბნ სინას, პარაცელსუსს. 1778 წელს რუსეთში გამოვიდა პირველი რუსული ფარმაკოპეა. XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნისს დასაწყისში დაიწყო ექსპერიმენტული, ფარმაკოლოგიის განვითარება (ვ. დიბკოვსკი, ა. სოკოლოვსკი, ი. პავლოვი, ნ. კრავკოვი და სხვები). თანამედროვე ფარმაკოლოგიაში განარჩევენ ფარმაკოდინამიკას (შეისწავლის ორგანიზმზე საწამლე ნივთიერებათა მოქმედებას), ფარმაკოკინეტიკას (შეისწავლის საწამლე ნივთიერებათა, შეწოვას, განაწილებას და ორგანიზმში მათ ბიოტრანსფორმაციას), მოლეკულურ ფარმაკოლოგიას (შეისწავლის ორგანიზმზე საწამლე ნივთიერებათა ბიოქიმიურ მოქმედების მექანიზმებს), კლინიკურ ფარმაკოლოგიას (კლინიკურ პრაქტიკაში იყენებს სამკურნალო პრეპარატებს და ახდენს მათ საბოლოო აპრობაციას).

ფარმაკოლოგიას ყოფენ ზოგად და კერძო ფარმაკოლოგიად. ზოგადი ფარმაკოლოგია შეისწავლის საწამლე ნივთიერებათა მოქმედების მექანიზმებს, ორგანიზმზე მათი მოქმედების საერთო კანონზომიერებებს (ჟანგვა, აღდგენა, ჰიდროლიზი და სხვა), ორგანიზმში მათი შეყვანისა (შიგნით, კანქვეშ, კუნთებში შიგავენურად, ინჰალაციით) და ორგანიზმიდან გამოყოფის (თირკმლებით, ნაწლავებით) გზებს, მოქმედების პრინციპების დახასიათებას (ადგილობრივი, რეფლექსური), ორგანიზმში მოქმედების განსაზღვრულ პირობებს (ქიმიური შენება, ფიზიკურ-ქიმიური თვისებები, დოზები და კონცენტრაციები, მოქმედების ხანგრძლივობა, სქესი, გენეტიკური თვისებები, ორგანიზმის ფუნქციური მდგომარეობა და სხვა). ზოგადი ფარმაკოლოგია შეისწავლის აგრეთვე კომბინირებული საწამლე თერაპიის პრინციპებს, სტანდარტიზაციის კლასიფიკაციის საწამლე ნივთიერებათა ძიების და სხვა საკითხებს. კერძო ფარმაკოლოგია შეისწავლის საწამლე ნივთიერებებს, რომლებიც მათი ძირითადი ეფექტის მიხედვით გაერთიანებულია რამდენიმე ჯგუფში: საანესთეზიო, საძილე, ნეიროლეპტიკური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, გამაღიზიანებელი, გულ-სისხლძარღვთა, ანტიბაქტერიული, ანტიბლასტომური საშუალებები და სხვა. ფარმაკოლოგია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფარმაცევტულ ქიმიასთან, ფარმაკოგნოზიასთან, ფარმაციასთან, ტოქსიკოლოგიასთან, აგრეთვე ფიზიოლოგიასთან პათოლოგიასთან, ბიოქიმიასა და ბიოლოგიასთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: