გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი
გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი (ლათ. Gaius Vibius Pansa Caetronianus; გ. 23 აპრილი, ძვ. წ. 43) — რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 43 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო ომის დროს კეისარს უჭერდა მხარს, მისი მოკვლისთანავე რესპუბლიკის აღდგენისათვის დაიწყო ბრძოლა. გარდაიცვალა ფორუმ გალორუმის ბრძოლაში მიღებული ჭრილობებისაგან.
ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიბიუსის გვარიდან ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პოლიტიკაში წარმატების მოპოვება შეძლო, პანსა ახალი კაცი იყო, რომელიც კურსუს ჰონორუმის საშუალებით, იულიუს კეისართან მეგობრობის წყალობით დაწინაურდა, რომელთანაც გალიაში მსახურობდა.[1] თავდაპირველად ეტრუსკული წარმომავლობისა და პერუზიაში (თანამედროვე პერუჯა) აღზრდილი პანსა,[2] რომელიც, შესაძლოა, ლუციუს კორნელიუს სულას მიერ პროსკრიფცირებული ოჯახიდან იყო,[3] ძვ. წ. 51 წელს სახალხო ტრიბუნად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე ყოფნისას მან ვეტო დაადო სენატის მიერ მიღებულ კეისრის წინააღმდეგ მიმართულ მრავალ გადაწყვეტილებას.[4] კეისარსა და პომპეუსს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომში იგი აქტიურად უჭერდა მხარს კეისრელებს. ფიქრობენ, რომ ძვ. წ. 48 წელს იგი ედილის ან პრეტორის თანამდებობაზე დაინიშნა.[5]
ძვ. წ. 47 წელს იგი ბითინიისა და პონტოს მმართველად დაინიშნა და რომში მომდევნო წელს დაბრუნდა.[6] ამავე წელს კეისარმა პანსა ციზალპური გალიის მმართველად დანიშნა მარკუს იუნიუს ბრუტუსის ნაცვლად. ეს თანამდებობა მან ძვ. წ. 45 წლის 15 მარტს დაიკავა.[7] დაახლოებით ამავე დროისათვის იგი ავგურად, რომის ქურუმთა ერთ-ერთი კოლეგიის წევრად აირჩიეს.[8] ძვ. წ. 44 წლის დასაწყისში კეისარმა იგი მომავალი წლის (ძვ. წ. 43 წ.) კონსულად დაასახელა.[9] იმავე წლის 21 აპრილამდე პანსა ციზალპური გალიიდან კამპანიაში დაბრუნდა, სადაც 15 მარტს კეისრის მკვლელობის შემდეგ რომში ვითარების ჩაწყნარებას ელოდებოდა.[10]
ზომიერ კაცად და მშვიდობიანი შეთანხმების მომხრედ აღიარებული პანსა[11] რომში დაბრუნებისთანავე გახდა ზომიერი კეისრელების ლიდერი და რესპუბლიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, რამაც იგი მარკუს ანტონიუსთან დაპირისპირებამდე მიიყვანა, რაც ძვ. წ. 44 წლის ბოლოდან დაიწყო.[12] მან, აგრეთვე, მოლაპარაკება დაიწყო ოქტავიანესთან, კეისრის შვილობილთანაც, რომელიც სწორედ იმ დროს იმყოფებოდა კამპანიაში, რა დროსაც პანსა.[13] მიუხედავად ამისა, პანსა მარკუს ანტონიუსისადმი სრულიად მტრულად არ იყო განწყობილი და თუმცა სურდა მისი ძალაუფლება შემოესაზღვრა, ანტონიუსის მთლიანად განადგურება არ სურდა. არც ის უნდოდა, რომ სენატის ანტი-კეისრულ ფრაქციას შეერთებოდა და სამოქალაქო ომის ახალი რაუნდი წამოეწყო.[14] აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანსა დაქორწინებული იყო ფუფიაზე, კვინტუს ფუფიუს კალენუსის ქალიშვილზე და ეს უკანასკნელი ანტონიუსის მთავარი მხარდამჭერი იყო.[15]
კონსულობა და გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ. წ. 43 წლის 1 იანვარს პანსა ავლუს ჰირციუსთან ერთად კონსული გახდა. მათ სენატში განხილვები წამოიწყეს იმ საკითხზე, თუ ქმედებათა რა კურსი უნდა გატარებულიყო და თუ ასეთი იქნებოდა, მარკუს ანტონიუსის წინააღმდეგ. განხილვამ ოთხ დღეს გასტანა. პანსა იმ იდეას უჭერდა მხარს, რომ კეისრელთა ყველა ფრაქცია გაერთიანებულიყო და რესპუბლიკაში ჰარმონია აღედგინათ, თუმცა უშედეგოდ.[16] ოქტავიანემ უარი განაცხადა ანტონიუსთან თანამშრომლობაზე, თუმცა მარკუს ემილიუს ლეპიდუსი და ლუციუს მუნაციუს პლანკუსი განაგრძობდნენ მის მხარდაჭერას. საბოლოო შედეგი ის იყო, რომ სენატმა სამართლებრივად ცნო ოქტავიანეს არმია და მას პანსასა და ჰირციუსთან ერთად ანტონიუსთან მომავალი ბრძოლისათვის მუშაობა დაავალა.[17] სენატმა უარყო ანტონიუსის კომპრომისი და კონსულებს პირდაპირი მითითება მისცა, რომ გაეკეთებინათ რაც აუცილებელი იყო რესპუბლიკის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და მუტინაში ალყაშემორტყმული დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსის გასათავისუფლებლად. მიუხედავად იმისა, რომ პანსამ ლუციუს იულიუს კეისართან ერთად წარმატებით მოახერხა ანტონიუსასათვის სახელმწიფოს მტრის სტატუსი აერიდებინა, სამოქალაქო ომი მაინც გამოცხადდა.[18]
გაიუს კასიუს ლონგინუსისა და მარკუს იუნიუს ბრუტუსის მმართველობის ქვეშ მყოფი აღმოსავლეთის მდგომარეობის შესახებ მსჯელობისას პანსა მხარს უჭერდა იმ მოსაზრებას, რომ კეისრელი პუბლიუს კორნელიუს დოლაბელა ხალხის მტრად გამოცხადებულიყო, თუმცა მოახერხა უარი ეთქვა ციცერონის წინადადებაზე კასიუსისათვის აღმოსავლეთში არჩვეულებრივი ძალაუფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელიც ამ უკანასკნელს დოლაბელასთან გასასწორებლად უნდა გამოეყენებინა.[19] მან, აგრეთვე, კანონიერი სახე მისცა მარკუს იუნიუს ბრუტუსის მმართველობას მაკედონიაში და ოფიციალურად აღიარა სექსტუს პომპეუსი სიცილიაზე.[20] სენატის მიერ Lex Antonia-ის, განსაკუთრებით კი სადავო Lex Antonia Agraria-ის გაუქმების პირობებში, პანსა იძულებული გახდა დაედასტურებინა კეისრის ვეტერანების კოლონიების შექმნისაკენ მიმართული ღონისძიებები, ისევე, როგორც კეისრის, როგორც დიქტატორის აქტი და გაუქმება.[21]
მთელი ამ დროის განმავლობაში პანსა აგრეთვე, პასუხისმგებელი იყო ახალ გადასახადებზე, რომლებსაც ანტონიუსთან დასაპირისპირებლად კრეფდა. ძვ. წ. 43 წლის 19 მარტისათვის იგი ახალწვეულთა ოთხი ლეგიონით ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდა ოქტავიანესა და ჰირციუსთან შესაერთებლად, რომლებიც ცდილობდნენ ანტონიუსი მუტინასთან შეეზღუდათ.[22] ანტონიუსმა, რომელმაც პანსას მოახლოების შესახებ შეიტყო, მას ძვ. წ. 43 წლის 14 აპრილს, ფორუმ გალორუმთან, მუტინის სამხრეთ-აღმოსავლეთით შეუტია. ანტონიუსმა გაანადგურა მისი არმია, პანსა კი ბრძოლაში დაიჭრა. მან მხოლოდ გაქცევაღა მოახერხა, როდესაც ჰირციუსის არმია მოულოდნელად გამოჩნდა ბრძოლის ველზე და ანტონიუსს გაქცევა აიძულა.[23] მისი ქმედებებისათვის პანსა (ოქტავიანესა და ჰირციუსთან ერთად) სენატმა იმპერატორად გამოაცხადა.[24]
მალე აშკარა გახდა, რომ პანსა კვდებოდა. მან საკმაო ხანს იცოცხლა საიმისოდ, რომ გაეგო 21 აპრილს მუტინასთან ანტონიუსის მეორე მარცხისა და ბრძოლაში თავისი თანაკონსულის, ჰირციუსის გარდაცვალების შესახებ. თავის უკანასკნელ საათებში პანსამ ოქტავიანეს ურჩია არ ნდობოდა ციცერონსა და დანარჩენ სენატს და რომ ისინი მას პირველივე შესაძლებლობისთანავე მიუბრუნდებოდნენ.[25] მან თავისი ჯარის სარდლობა თავის კვესტორს, მანლიუს ტორკვატუსს გადასცა, რომელმაც პანსას ექიმი, გლიკო დააპატიმრა, როგორც კონსულის მოწამვლაში ეჭვმიტანილი.[26] პანსა ძვ. წ. 43 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა და შესანიშნავი საჯარო დაკრძალვა მიიღო.[27]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- T. Robert S. Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol II (1952).
- Syme, Ronald, The Roman Revolution, Clarendon Press, Oxford, 1939.
- Anthon, Charles & Smith, William, A New Classical Dictionary of Greek and Roman Biography, Mythology and Geography (1860).
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Syme, pg. 71; Anthon & Smith, pg. 601
- ↑ see Syme, pg. 90 – his second cognomen Caetronianus is Etruscan in origin
- ↑ Syme, pg. 71, referencing Dio, 45:17:1
- ↑ Broughton, pg. 240; Syme, pg. 71; Anthon & Smith, pg. 601
- ↑ Based upon the coins he issued during that year – see Broughton, pgs. 257 & 273, & Broughton, The Magistrates of the Roman Republic, Vol III, pg. 219
- ↑ Broughton, pg. 298
- ↑ Broughton, pg. 309; Anthon & Smith, pg. 601; Broughton, Vol III, pg. 219
- ↑ Broughton, pg. 313
- ↑ Anthon & Smith, pg. 601
- ↑ Broughton, pg. 330
- ↑ Syme, pg. 100
- ↑ Broughton, pgs. 315–316
- ↑ Syme, pg. 114
- ↑ Syme, pgs. 133 -134
- ↑ Syme, pg. 134
- ↑ Syme, pg. 133
- ↑ Syme, pgs. 167 & 173
- ↑ Broughton, pg. 334; Syme, pgs. 170–171
- ↑ Syme, pg. 172
- ↑ Broughton, pgs. 334–335
- ↑ Broughton, pg. 334
- ↑ Syme, pg. 173; Broughton, pg. 335
- ↑ Syme, pgs. 173–174; Broughton, pg. 335
- ↑ Broughton, pg. 335; Syme, pg. 174
- ↑ Syme, pg. 177; Broughton, pg. 335
- ↑ Broughton, pg. 340
- ↑ Broughton, pg. 335; Broughton, Vol III, pg. 219
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: მარკუს ანტონიუსი, გაიუს იულიუს კეისარი და პუბლიუს კორნელიუს დოლაბელა (სუფექტი) |
რომის რესპუბლიკის კონსული ავლუს ჰირციუსთან ერთად ძვ. წ. 43 |
შემდეგი: გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანე და კვინტუს პედიუსი |