კვინტუს პედიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კვინტუს პედიუსი (ლათ. Quintus Pedius; გ. ძვ. წ. 43) — გვიანდელი რომის რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. მარკუს ან კვინტუს პედიუსის ვაჟი და იულიუს კეისრის დისშვილი ან დისშვილიშვილი.

ძვ. წ. 57 წელს კეისრის მიერ გალიის დაპყრობისას იგი ლეგატის თანამდებობას იკავებდა. ძვ. წ. 55 წელს ედილის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამარცხდა.

ძვ. წ. 49 წელს კეისარსა და პომპეუსს შორის დაწყებული სამოქალაქო ომის დროს პედიუსმა კეისრის მხარე დაიკავა. ძვ. წ. 48 წელს იგი რომში პრეტორად დააწინაურეს. იმავე წელს იგი მეთაურობდა ლეგიონს და წარმატებით ჩაახშო კეისრის წინააღმდეგ მიმართული ამბოხება კომპსაში, რასაც შეეწირნენ მარკუს ცელიუს რუფუსი და ტიტუს ანიუს მილონი, ამ მარცხიანი ამბოხების მეთაურები. ძვ. წ. 45 წლის დასაწყისში პედიუსი ლეგატად მსახურობდა და ესპანეთში სექსტუს პომპეუსის წინააღმდეგ იბრძოდა. მან მოწინააღმდეგეზე გამარჯვების მოპოვება შეძლო და კეისართან ერთად რომში დაბრუნდა. ამ უკანასკნელმა იგი ტრიუმფითა და პროკონსულის ტიტულით დააჯილდოვა.

ძვ. წ. 44 წლის მარტში კეისარი რომში მოკლეს და მისი ანდერძის თანახმად პედიუსი მის ერთ-ერთ მემკვიდრედ დასახელდა. თავისი ბიძაშვილის, ლუციუს პინარიუსის მსგავსად, მასაც დიქტატორის მემკვიდრეობის ერთი მერვედი ნაწილი უნდა მიეღო, თუმცა მასზე კეისრის მთავარი მემკვიდრის, ოქტავიანეს (მომავალი იმპერატორი ავგუსტუსი) სასარგებლოდ თქვა უარი. ძვ. წ. 43 წლის აგვისტოში ოქტავიანე და პედიუსი კონსულებად აირჩიეს მას შემდეგ, რაც რომისაკენ არმიით გაემართნენ.

თავისი კონსულობისას პედიუსმა მიიღო კანონი, რომელიც ლექს პედიას სახელით გახდა ცნობილი, რომელიც სჯიდა კეისრის ყველა მკვლელსა და ამ საქმეში გარეულ ყველა პიროვნებას. როდესაც ოქტავიანე მეორე ტრიუმვირატის შესაქმნელად ჩრდილოეთ იტალიაში გაემგზავრა მარკუს ანტონიუსსა და მარკუს ემილიუს ლეპიდუსთან შესახვედრად, რომზე მეთვალყურეობა პედიუსს დაევალა.

სენატმა პედიუსის კანონი დაამტკიცა. ამის შემდეგ მალევე ბოლონიასთნ მეორე ტრიუმვირატი ჩამოყალიბდა. როდესაც რომში ოქტავიანეს, ანტონიუსსა და ლეპიდუსს შორის დამყარებული პოლიტიკური კავშირისა და პროსკრიფციების შესახებ ხმებმა ჩააღწია, პედიუსი ძალიან განაწყენებული დარჩა. მას მოვლენების შეჩერება არ შეეძლო და მხოლოდ ჩვიდმეტი ადამიანის სიკვდილით დასჯის წინადადებით გამოვიდა. იგი რომის მოქალაქეთა დასაცავად მათ თავდებადაც კი დაუდგა, თუმცა ამ მოვლენებიდან მცირე ხნის შემდეგ, ასე დამღლელი პოლიტიკური საქმიანობის გამო გარდაიცვალა.

პედიუსი დაქორწინებული იყო წარჩინებულ რომაელ ქალზე, ვალერიაზე, რომელიც სენატორ მარკუს ვალერიუს მესალა კორვინუსის და იყო და ამდენად, მარკუს ვალერიუს მესალა ნიგერისა და მისი ცოლის, პოლას ქალიშვილი.[1] პედიუსსა და ვალერიას სულ მცირე ერთი შვილი ჰყავდათ, ვაჟი, სახელად კვინტუს პედიუს პუბლიკოლა. იგი რომის სენატორი გახდა და სახელი გაითქვა თავისი ორატორული ნიჭით. პლინიუს უფროსი თავის ბუნების ისტორიაში აღნიშნავს, რომ კვინტუს პედიუსს ჰყავდა შვილიშვილი, რომელსაც აგრეთვე კვინტუს პედიუსი ერქვა, რომელიც ყრუ იყო და პირველია წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ყრუ პიროვნებებს შორის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Syme, R., Augustan Aristocracy, pages 20 and 206.
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ავლუს ჰირციუსი და გაიუს ვიბიუს პანსა ცეტრონიანუსი
რომის რესპუბლიკის კონსული (სუფექტი)
გაიუს იულიუს კეისარ ოქტავიანუსთან ერთად
ძვ. წ. 43
შემდეგი:
მარკუს ემილიუს ლეპიდუსი და ლუციუს მუნაციუს პლანკუსი