შინაარსზე გადასვლა

ბლედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლედი
სლოვენ. Bled
გერბი

ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
კოორდინატები 46°22′00″ ჩ. გ. 14°07′00″ ა. გ. / 46.36667° ჩ. გ. 14.11667° ა. გ. / 46.36667; 14.11667
ფართობი 188.50 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 501 მეტრი
მოსახლეობა 4 929 (2019),
4 969 (1 იანვარი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 4
საფოსტო ინდექსი 4260
ოფიციალური საიტი https://www.bled.si/
ბლედი — სლოვენია
ბლედი

ბლედი (სლოვენ. Bled; გერმ. Veldes) — ქალაქი სლოვენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იტალიისა და ავსტრიის საზღვრებთან ახლოს. ქალაქი განლაგებულია იულიუსის ალპების რეგიონში, ბლედის ტბის სანაპიროზე, ტრიგლავის ეროვნული პარკის აღმოსავლეთით.

ბლედი სლოვენიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია, რომელსაც სტუმრობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორები. ქალაქი ცნობილია თავისი გამორჩეული ბუნებრივი სილამაზით, ალპური ტბის უნიკალური ხედებითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის, ბლედის ციხესიმაგრითა და ტბაზე მდებარე კუნძულით, სადაც განთავსებულია წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი.

ბლედში ყოველ ორ წელიწადში საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ტარდება, რომელიც შვეიცარიული სისტემით იმართება და მოჭადრაკეთა შორის პოპულარობით სარგებლობს.

VII საუკუნეში ბლედის ტერიტორიაზე სლავები დასახლდნენ. ქალაქი პირველად 1004 წელს იხსენიება, როდესაც გერმანელმა იმპერატორმა ჰაინრიხ II-მ ეს ადგილი ბრიქსენის ეპისკოპოს ალბუინს გადასცა. იმხანად ქალაქი გერმანული სახელით Feldes-ით იყო ცნობილი.

1278 წელს ბლედი რუდოლფ I-ის მმართველობის ქვეშ მოექცა და ჰაბსბურგების იმპერიის ნაწილი გახდა.

ავსტრია-უნგრეთის დაშლის შემდეგ, ბლედი იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. ქალაქი მალევე გახდა კარაგეორგიევიჩების სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია, ხოლო მოგვიანებით — იოსიპ ბროზ ტიტოს დასასვენებელი ადგილი. 1991 წლიდან ბლედი დამოუკიდებელი სლოვენიის ნაწილია.

ქალაქი სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანას ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 45 კილომეტრში, და იესენიცის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ჩრდილოეთიდან 8 კილომეტრში ესაზღვრება ავსტრიას, ხოლო დასავლეთით, 40 კილომეტრში — იტალიას. ბლედი ლუბლიანა-ვილიახის რკინიგზასა ახლოს და მთავარ გზატკეცილთან მდებარეობს, რაც მას მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძად აქცევს. აქედან კიდევ რამდენიმე გზა ტრიგლავის ეროვნული პარკისკენ და იულიუს ალპების მთებისკენ მიემართება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Prebivalstvo - izbrani kazalniki, naselja, Slovenija, letnoStatistical Office of the Republic of Slovenia.