ბიჭი და ყანჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბიჭი და ყანჩა“
რეჟისორი ჰაიაო მიაძაკი
პროდიუსერი ტოსიო სუძუკი
სცენარის ავტორი ჰაიაო მიაძაკი
როლებში
მუსიკა ჯო ჰისაისი
ოპერატორი ატსუსი ოკუი
მონტაჟი ტაკესი სეიამა
სტუდია Studio Ghibli
დისტრიბუტორი Toho
პრემიერა
  • 14 ივლისი, 2023 (2023-07-14)
ხანგრძლივობა 124 წუთი
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
შემოსავალი 167.9 მილიონი აშშ დოლარი[1]

„ბიჭი და ყანჩა“ (იაპონ. 君たちはどう生きるか კიმიტაცი ვა დო იკირუ კა?, როგორ ბრძანდებით?) — 2023 წლის იაპონური ანიმაციური ფენტეზი ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჰაიაო მიაძაკი. Studio Ghibli-ს მიერ წარმოებული ამ ფილმის სახელწოდება კავშირშია კენძაბურო იოსინოს ამავე სახელწოდების 1937 წლის რომანთან. უკანასკნელი პერსონაჟის სახით თავად ჩნდება ფილმში, მაგრამ სიუჟეტი ორიგინალურია და რომანს არ უკავშირდება. ფილმს ახმოვანებენ იაპონელი მსახიობები სომა სანტოკი, მასაკი სუდა, აიმიონი, იოსინო კიურა, სეჰეი ჰინო, კო სიბასაკი და ტაკუია კიმურა. დახასიათებული როგორც „დიდი ფანტასტიკური ფილმი“, „ბიჭი და ყანჩა“ აღწერს ბიჭუნა მაჰიტო მაკის (სანტოკი) ცხოვრებას წყნარი ოკეანის ომის პერიოდში და იმას, თუ როგორ იპოვა მან დედის დაღუპვის შემდეგ მიტოვებულ ქალაქში კოშკი, საიდანაც რუხ ყანჩასთან ერთად მოხვდა ფანტასტიკურ სამყაროში.

2013 წლის სექტემბერში მიაძაკიმ გამოაცხადა, რომ ინდუსტრიას ტოვებდა, მაგრამ ფილმ „მუხლუხა ბოროზე“ (2018) მუშაობის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. 2016 წლის ივლისში მან დაიწყო ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმის კადრირების ხატვა, ხოლო წარმოება დაიწყო 2017 წლის მაისში. ფილმის სახელწოდება ცნობილი გახდა 2017 წლის ოქტომბერში, ხოლო გამოშვება იგეგმებოდა 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პერიოდში. 2020 წლის მაისისთვის ფილმის 36 წუთიანი ნაწილი დაიხტა 60 ანიმატორის მიერ, ყოველგვარი ბოლო ვადის დანიშვნის გარეშე. წარმოება დაახლოებით შვიდ წელიწადს გაგრძელდა. შეყოვნებაზე გავლენა იქონიეს იაპონიაში COVID-19-ის პანდემიამ და მიაძაკის მუშაობის შენელებულმა ტემპმა. ფილმი 2022 წლის ოქტომბერში თითქმის დასრულებული იყო. მისი წარმოება დაფინანსდა Ghibli-ს წინა ფილმების ნაკადოვან სერვისზე განთავსებით. პროდიუსერ ტოსიო სუძუკის თანახმად, „ბიჭი და ყანჩა“ იაპონიაში ოდესმე წარმოებულ ფილმთა შორის ყველაზე ძვირია. სცენარი ეფუძნება მიაძაკის ბავშვობის სცენებს და შეისწავლის როგორც გარდამავალ ასაკს, ასევე კონფლიქტებითა და დანაკარგებით სავსე სამყაროსთან ურთიერთობას. მისი მუსიკის ავტორია ჯო ჰისაისი, ხოლო კენსი იონეძუ ასრულებს თემატურ სიმღერას „Spinning Globe“.

იაპონიაში ფილმი კინოთეატრებში Toho-მ გამოუშვა 2023 წლის 14 ივლისს. იგი გადიოდა როგორც სტანდარტულ, ასევე IMAX-ის სისტემის კინოთეატრებში. მას წინ რამე სახის პრომოკამპანია არ უსწრებდა. Ghibli-ს რამე სახის ტრეილერები, სურათები, სიუჟეტის ან მსახიობთა შემადგენლობის დეტალები (ერთი პოსტერის გამოკლებით) არ გაუვრცელებია. ფილმმა დაიმსახურა კრიტიკოსთა მოწონება და მსოფლიო მასშტაბით — 167.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის შემოსავალი[1]. აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ იგი დაასახელა 2023 წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის.[2] სხვადასხვა ჯილდოს შორის, რომელიც მან მიიღო, არის BAFTA საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის, ოქროს გლობუსი საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის და ოსკარი საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 The Boy and the Heron. ციტირების თარიღი: 2023-12-07
  2. Lewis, Hilary. (2023-12-06) National Board of Review Names ‘Killers of the Flower Moon’ Best Film of 2023 en-US. ციტირების თარიღი: 2023-12-06