ანიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ანიმე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ანიმე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
Kumo no Mukō, Yakusoku no Basho — ცნობილი რეჟისორი მაკოტო შინკაის ფილმი

ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიკული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.

ისტორია

ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე.[1] პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, „მოძრავი სურათები“, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე.[2] თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.[3]

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.[4]

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

ამჟამად, ანიმე წარმოადგენს უნიკალურ კულტურულ ფენომენს, რომელშიც გაერთიანებულია, როგორც ანიმე ბავშვებისათვის (ჟანრი კოდომო) — ანიმე მის პირველად ფორმაში, ასევე უფრო რთული და სერიოზული ნაწარმოები, რომლებიც გათვლილია ბევრად უფროს აუდიტორიაზე (ჟანრები: შიონენი — ანიმე ბიჭებისათვის და შოუჯო — ანიმე გოგოებისათვის). ცალკე ჟანრადაა გამოყოფილი ჰენტაიპორნოგრაფიული ხასიათის ანიმაციური ფილმები, და მისი განხრები — იური და იაოი, რომლებიც მოგვითხრობენ (ხშირად ეროტიკული ელემენტების გარეშეც) მამაკაცებსა და ქალების შორის ურთიერთობებზე.

ტერმინოლოგია

ვიკიპე-ტან — ანიმე-სტილში დახატული პერსონაჟის მაგალითი

ეტიმოლოგია

アニメーション (ɑnime:ɕoɴ) — კატაკანათი დაწერილი იაპონური ტერმინია ანიმაციის აღსანიშნავად. ეს ინგლისური ენიდან აღებული სიტყვა „Animation“-ის პირდაპირი ტრანსლიტერაციაა. ხშირად იგი შემოკლებულად ჩაიწერება როგორც アニメ (ɑnime), და რა თქმა უნდა, როგორც ყველა სხვა შემოკლება, ეს ვარიანტი იაპონიაში უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვის სრული ფორმა.

განსაზღვრება

ტერმინ „ანიმეს“ განსაზღვრება საკმაოდ ბუნდოვანია. იაპონიაში, მისი გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე სტილით თუ ადგილწარმოშობით და იგი ნებისმიერი ანიმირებული ფილმის აღსანიშნავად გამოიყენება. დანარჩენ მსოფლიოში, ის უმთავრესად მხოლოდ იაპონური წარმოების ანიმაციური ფილმებზე ლაპარაკისას გამოიყენება, ის ფილმები კი, რომლებიც თავისი სტილისტიკით ჰგვანან იაპონელი რეჟისორების ნაწარმოებს, ხშირად მოიხსენიებიან როგორც „ანიმე-სტილის“ ფილმებს.

საინფორმაციო მონაცემთა ბაზა AniDB სიტყვა „ანიმე“-ს ხსნის როგორც „იაპონური კომპანიის მიერ, იაპონური ბაზრისათვის შექმნილი პროფესიონალურად პროდიუსირებული ანიმირებული ფილმი“, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ანიმეზე მუშაობისას იაპონელი რეჟისორები დასავლურ კომპანიებთან თანამშრომლობენ, და ასევე იმის, რომ უკანასკნელ დროს ბევრი ანიმე დასავლური ბაზარზეც გადის, ეს განსაზღვრებაც არც თუ ისე მართებულია.

სინონიმები

იმის გამო, რომ საქართველოში ანიმე-ფენდომმა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება, ქართულ ენაში იაპონური ანიმაციის აღსანიშნავად გამოიყენება მხოლოდ ერთი სიტყვა — „ანიმე“. მაგრამ მსოფლიოში, განსაკუთრებით 1970—1990 წლებში ხშირად გამოიყენებოდა ტერმინი „Japanimation“, რომელსაც აქამდე იყენებენ იაპონიაში ადგილობრივი წარმოების ანიმაციის აღსანიშნავად.

უკანასკნელ წლებში, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, ანიმე ხშირად მოიხსენიება როგორც „მანგა“. ამის შესაძლო მიზეზი არის ის, რომ იაპონიაში ტერმინი „მანგა“ გამოიყენება, როგორც ანიმირებული პრდუქციასთან, ასევე კომიქსთან მიმართებაში, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში „მანგა“ ტრადიციულად „იაპონური კომიქსის“ მნიშვნელობით გამოიყენება. მეორე შესაძლო მიზეზია — ბრიტანულ და ამერიკულ ბაზარზე ანიმეს უმსხვილესი გამავრცელებლის, „Manga Entertainment“-ის დასახელება.

განმასხვავებელი ნიშნები

ანიმეს ძველი (1980-იანი) და ახალი (2000-იანი) ხატვის სტილის ილუსტრაცია

იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან უპირველეს ყოვლისა სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება [5]. ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.

ხატვის სტილი

ანიმე „Kanon“ — კლასიკური ანიმე-სტილის მაგალითი.

ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.

ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტური ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როდესაც ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადად მუქი თმები აქვთ.

მიიკი — ანიმე „Di Gi Charat“-ის ერთ-ერთი „ჩიბი“ პერსონაჟი.

ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველაზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.

ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც „ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როდესაც საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ.

მუსიკა და გახმოვანება

როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.

ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.

ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახასიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).

მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით „სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“.

ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმია მიძღვნილი — ამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმღერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუების პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები დ. ა. შ. ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვის — მოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული.

სიუჟეტი და ჟანრები

ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.

უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადად შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება „ნარუტო“ (Naruto), ან „ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.

ანიმე და მანგა ტრადიციულად კლასიფიცირდება შემდეგი კრიტერიუმებით, რომლებიც სხვა შემთხვევებში არ გამოიყენება:

აუდიტორიის მიხედვით

თემატიკის მიხედვით

  • ბიშიონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
  • ბიშოუჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
  • მაქო–შოუჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
  • მაქო–შოუნენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
  • მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
  • სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
  • სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
  • ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როდესაც მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.

რომანტიკული ჟანრები

ფორმატები

როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლივობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე. მაგალითად ერთნაირი ბიუდჟეტით გადაღებული 26 სერიან სერიალს სავარაუდოდ ბევრად უარესი ხარისხის ანიმაცია ექნება, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმს, თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.

საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული.

ტელესერიალი

ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლივობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.

ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლივობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლივობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).

OVA

სრულმეტრაჟიანი ფილმი Ah, My Goddess! — პოპულარული მანგის კიდევ ერთი ეკრანიზაცია (ნახატზეა DVDს ყდა).

OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლივობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).

OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგ — დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA-ს ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლივობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA-ს ფორმატში.

დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA-ს გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.

ფილმი

ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომელიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.

ONA

ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ამ დროისთვის, ასეთი ანიმეები საკმაოდ ცოტაა რაც განპირობებული არის იმით, რომ უკანასკნელ დრომდე მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

სქოლიო

  1. Schodt, Frederik L. (ხელახალი გამოცემა (18 აგვისტო, 1997)). Manga! Manga!: The World of Japanese Comics. ტოკიო, იაპონია: Kodansha International. ISBN ISBN 0-87011-752-1 Invalid ISBN. 
  2. ანიმეს მოკლე ისტორია (A Brief History of Anime). ალენ ბატლერი (Allen Butler) (2007-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-24. ციტირების თარიღი: 2007-08-14.
  3. მანგას პერსონაჟები თეთრებს ჰგვანან? (Do Manga Characters Look "White"?). ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2005.
  4. ანიმეს მოკლე ისტორია (A Brief History of Anime). მაიკლ ო'კონელი (Michael O'Connell), Otakon 1999 Program Book (1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-24. ციტირების თარიღი: 2007-09-11.
  5. განსხვავება ანიმესა და მულტფილებს შორის (The Differences between Anime and Cartoon). ჰენრი ჰეიში (Henry Hsieh) (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-19. ციტირების თარიღი: 2009-01-21.

რესურსები ინტერნეტში