შინაარსზე გადასვლა

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის (ასლის) ზურგი, თბილისის ბიჭვინთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ტაძრიდან

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი — ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ოქროს ჭედური ხატი ბიჭვინთის ტაძრიდან. წარმოადგენდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათოლიკოსოს მთავარ მფარველ ხატს. მასზე გაკეთებული ასომთავრული წარწერის მიხედვით, აფხაზეთის კათოლიკოს ევდემონ I ჩხეტიძის ბრძანებით 1568 წელს „მოიჭედა და სრულ იქმნა“ და დაბრძანებულ იქნა „ტაძარსა წმიდისა ღთისმშობლისასა ბიჭოინტას“.

1568 წელს ხატი შეიმკო აფხაზეთის კათალიკოსის ევდემონ ჩხეტიძის დაკვეთით. ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთის საკათალიკოსოს მთავარ სიწმინდეს წარმოადგენდა. ცნობილია, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო მთლიანად დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. მის საკათედრო ტაძარს X საუკუნიდან მოყოლებული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენდა. ამიტომ ტაძრის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, აფხაზეთის საკათალიკოსო — ბიჭვინთის საკათალიკოსოდაც იწოდებოდა, მისი მთავარი ხატი — ბიჭვინტის ღვთსიმშობლად, ხოლო თავად აფხაზეთის კათალიკოსი — ბიჭვინტის ღვთისმშობლისა საჭეთმპყრობელ კათალიკოსად.

XVI საუკუნის შუახანებში დასავლეთ საქართველოში შექმნილი მძმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გამო აფხაზეთის საკათალიკოსო რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადავიდა. აფხაზეთის კათალიკოსი იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მიერ გელათის ახლადაღდგენილ წმინდა გიორგის ტაძარში დამკვიდრდა, გაენათელი ეპისკოპოსი კი იმავე მონასტრის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დარჩა. სწორედ ამ დროს უნდა გადმოებრძანებინათ ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატიც, რადგანაც აფხაზეთის კათალიკოსი და ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი განუყოფელნი იყვნენ. ხატი ყოველთვის დაბრძანებული იყო იმ ტაძარში სადაც ხანგრძლივი დროით იმყოფებოდა კათალიკოსი.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატმა XIX საუკუნეში მრავალი მკვლევარის ყურადღება მიიპყრო. მათ შორის იყვნენ გიორგი ჩუბინაშვილი, მარი ბროსე[1], გიორგი წერეთელი, თედო ჟორდანია და სხვები.

ხატით ასევე დაინტერესდა რუსი ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნიკოდიმ კონდაკოვი, რომელმაც ეს ხატი 1889 წელს იხილა გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში[2].

XIX საუკუნის 40-იან წლებში მოგზაურ ანდრეი მურავნიოვს ბიჭვინთის ხატი კანკელში ჩასმული უხილავს. სწორედ იმ დროს გელათს სტუმრობდა აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე. როგორც მურავიოვი აღნშნავს, აფხაზი მთავარი განსაკუთრებული მოწიწებით მიახლებია ხატს და უთქვამს: „თუკი ოდესმე აღდგება ბიჭვინთის დაცარიელებული ტაძარი და იქ დააბრუნებენ ამ წმინდა ხარტს, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ქვეშევრდომები გაქრისტიანდებიან, რადგანაც ისინი თვით მუსლიმებიც კი დღემდე თაყვანს სცემენ იმ ადგილს სადაც დასვენებული იყოეს წმინდა ხატი“.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი სამსაუკუნენახევარი ბრძანდებოდა გელათის მონასტერში. 1921 წელს კი საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს კუთვნილ სხვა სიწმინდეებთან ერთად საფრანგეთში გადაიტანეს, ხოლო 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის უანგარო ღვაწლით შენახული ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი გატანილ სხვა ქართულ საუნჯესთან ერთად დაუბრუნდა საქართველოს.

ხატი დღესდღეობით ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

ბიჭვინთის ღვთისმშობელი ოდიგიტრიის ტიპის სანაწილე ხატია (ზომით 39,5 X 32,3 სმ). მისი ზედაპირი მთლიანად ოქროთია დაფარული და შემკულია მარგალიტებით, პატიოსანი და ნახევრადპატიოსანი, სულ 274 თვლით. ცენტრალურ ნაწილზე განაწილებულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობელი, მას ყრმა მარცხენა ხელზე უზის და ვერტიკალზე განთავსებული ღვთისმშობლის ფიგურა მთელს სიმაღლეზე ავსებს ხატს. ყრმა ქრისტეს მარცხენა ხელში გრაგნილი უჭირავს, მარჯვენათი აკურთხევს. ღვთისმშობლის ზემოთ, თავთან, არის წარწერა: ყდ წა (ყოვლად წმინდა), იჳ ქე (იესუ ქრისტე). ღვთისმშობლის ორივე მხარეს ორ რეგისტრად ნაწილდებიან მთავარანგელოზები მიქაელ და გაბრიელი ზედარეგისტრში, ხოლო ქვედა რეგისტრში — იოანე ნათლისმცემელი და იოანე ოქროპირი. ოთხივე ფიგურის განმსაზღვრელი წარწერა გატანილია ჩარჩოს ზოლზე. ჩარჩოს ზოლი საკმაოდ ვიწროა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ხატი წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილს კარედი ხატისა, რის გამოც ხატის ჩარჩო ასე ვიწროა. ცენტრალური ფიგურა შესრულებულია მწყობრი რელიეფით, როგორც იყო დამახასიათებელი XVI საუკუნისათვის, მაშინ როცა საქართველოში მხატვრული ლითონდამუშავება მეორე აყვავებას განიცდის და იგი უბრუნდება განვითარებული შუასაუკუნების ტრადიციებს. თავისი შესრუების მანერით ახლოს დგას გელათის საოქრომჭედლო კერასთან და აშკარად გელათშია მოჭედილი. ბიჭვინთის ჭედური ხატი უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს XVI საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებს შორის.

ხატზე წმინდა იოანე ნათლიმცემლისა და იოანე ოქროპირის გამოსახვა შემთხვევითი არ არის. ორივე მათგანი აფხაზეთის ისტორიასთანაა დაკავშირებული. ცნობილია, რომ იოანე ნათლიმცემლის თავი, კონსტანტინოპოლში შექმნილი მღელვარების დროს აფხაზეთში, სოფელ კომანში გადაუმალავთ ბიზანტიელებს. რაც შეეხება მღვდელმთავარს იოანე ოქროპირს, ეკლესიის ისტორია მოგვითხრობს, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან აფხაზეთში გაატარა და იქვე აღესრულა. სოფელ კომანის ეკლესიაში დღემდე ინახება სარკოფაგი, რომელშიც წმინდა მღვდელთმთავრის უხრწნელი სხეული ესვენა.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი მორთულია მცენარეული ორნამენტებით. მისი გვერდი, ზურგი და სანაწილე არეები, რომლებშიც ინახება ცვილში ამოვლებული წმინდანთა ნაწილები — ვერცხლისაა.

ხატის ზურგზე გადაკრულია ვერცხლის ფურცელი, რომელზედაც გამოსახულია გოლგოთაზე, ანუ პოსტამენტზე მდგომი ჯვარი, რომლის ოთხივე მხარეს განაწილებულია თოთხმეტსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა. იგი გვამცნობს, რომ 1568 წელს „ყოვლისა ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კათალიკოზმან“ ევდემონ ჩხეტიძემ მოაჭედინა ღვთისშობლის კარედი ხატი, რომლის „თავი ხატი“ გააკეთებინა ოქროსი, ხოლო სახატე ვერცხლისა და დაასვენა ბიჭვინთის ღვთისმშობლის ტაძარში“.

ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ეს მეტად საინტერესო ისტორიული წარწერა მკვლევართა ყურადღებას იპყრობდა. XIX საუკუნეში იგი ოთხჯერ არის გამოქვეყნებული. პირველი მისი პუბლიკაცია ეკუთვნის მ. ბროსეს; 1891 წელს ბროსეს ნაშრომიდან გადმობეჭდა გ. წერეთელმა გელათის სიძველეების აღწერილობაში. 1894 წელს წარწერა გამოაქვეყნა ა. ცაგარელმა გელათის მონასტრის სიძველთა აღწერილობაში, ხოლო 1897 წელს თ. ჟორდანიამ „ქრონიკების“ მეორე ტომში დაბეჭდა ძალზედ შემოკლებულად. ტექსტების ძეგლთან შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი წარწერას ვერ გადმოსცემდნენ სრულად და უნაკლოდ. შეინიშნებოდა გარკვეული სიტყვების გამოტოვება, არასწორი წაკითხვა, ზოგჯერ კი გამოტოვილი იყო საყურადღებო ტექსტის შემცველი მთელი სტრიქონი.

ვიკიციტატა
  1. ქ: პ~ლვე: მოგასწავეს. ყ~დ ოხრწნლ ო:. მწყობრმნ: წ~ნ: წ~წყლთამ~ნ. დთ: გიწო
  2. და: კიდობნად: სიწ~ისა: სოლომ~ნ: ცხედრად და ესაია: ღრ~ობლად: და: კ~დ: მშბლად
  3. ევმანოელისა: ~ხ: ა~წ მეცა: მრწმნბელმნ: ამათმ~ნ: ჴ~ლვყვ: შემკოობად ხტ~სა შ~ნსა: წ~ა:
  4. ჩრდილოსა. და: ყი~სა: აფხაზეთისა: კზმ~ნ: ევდემონ: რ~ა: ღირს მყო მრ~ჯნით. ძისა. შ~ისა.: მდგომარეთა:
  5. ქ. წყლბითა: ზეშთა: ვემეს~ხრისა. ღ~ისათა: მე: ყი~სა. ჩდილოეთისა და. აფხაზეთისა. კ~ზმ~ნ.
  6. ევდემონ ჩხეტისძემ~ნ:. მოვაჭედინე. და შევამკვე: ხ~ტი: ესე: ყდ წ~ისა. დედოფლისა: ჩნ~ისა: ღ~თის.
  7. მშობლისა. და მარადის: ქწ~ლისა. მარიამისა: ძითორთ: თავი: ხატი: ოქროთა. და
  8. თალთა: მ~რ: და: მარგალიტთა. ბრწყინვალედ: გ~ნვ~შენე: ~ხ:. გარეშემო პ~ტივი: და კარნი:
  9. ვეცხლითა: დავასვნე ტძარსა. წისა. ღ~თ მშობლისასა. ბიჭოინტას. სალოცველად: და სა
  10. ოკონოდ: მოსაჴსენებლად: და შესანდობლად: და სალხინებლად: ც~დვლისა. სლისა: ჩ~ისა.
  11. და ც~დვათა:. ჩმთა:. მოსატვ~ბლ~ად: ა~ნ: ქ~ე. შ~ე: ს~ლითა: დადიანი მამიაი. და მ~ხ:. ეყავ სკ~ნოდ
  12. და ძე. მისი დადიანი: ლეონ. ადიდე: ღთო: ორთავე: შ~ა: ც~ხრებათა: ა~ნ. ~ხ. მოიჭედა: და ს~რლ
  13. იქმნა. ხ~ტი: ესე ქკ~სა. სნვ, დასაბამითგან. წელთა. ჴ~ოვ. ქ~ს: მოსლვითგ~ნ. წლთა: ჩ.ფ.ჲ.ჱ. ინ
  14. დიკტიონსა: ი~ა:. ~ხ:. ჩ~ნ:. ზ~ა. მეოფებასა: ქ~ს:. ღ~ისა:. ჩ~ნისასა:.
(ქ. პირველვე მოგასწავეს, ყოვლად უხრწნელო, მწყობრმან წმიდამან წინასწარმეტყველთამან: დავით გიწოდა კიდობნად სიწმიდისა, სოლომონ ცხედრად და ესაია ღრუბლად და კვალად მშობლად ევმანუელისა. ხოლო აწ მეცა, მრწმუნებელმან ამათმან, ხელვყავ შემკობად ხატისა შენისა წმიდისა ჩრდილოსა და ყოვლისა აფხაზეთისა კათალიკოზმან ევდემონ, რათა ღირს მყო მარჯვენით ძისა შენისა მდგომარეთა.

ქ. წყალობითა ზეშთა ვიდრემე სახიერისა ღვთისათა, მე, ყოვლისა ჩრდილოეთისა და აფხაზეთისა კათალიკოზმან ევდემონ ჩხეტისძემან მოვაჭედინე და შევამკვე ხატი ესე ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღვთის მშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისა ძითურთ, თავი ხატი ოქროთა და თუალთა მიერ და მარგალიტთა ბრწყინვალედ განვაშვენე, ხოლო გარეშემო პატივნი და კარნი ვეცხლითა. დავასვენე ტაძრისა წმიდისა ღვთისმშობლისასა ბიჭუინტას, სალოცველად და საუკუნოდ მოსახსენებლად და შესანდობლად და სალხინებლად ცოდვილისა სულისა ჩემისა და ცოდვათა ჩემთა მოსატევებლად. ამინ.

ქრისტე, შეიწყალე სულითა დადიანი მამიაი და მეოხ ეყავ საუკუნოს და ძე მისი დადიანი ლეონ ადიდე ღმერთო ორთავე შინა ცხორებათა. ამინ.

ხოლო მოიჭედა და სრულ იქმნა ხატი ესე ქორონიკონსა სნვ (1568), დასაბამითგან წელთა ჴოვ (1568), ქრისტეს მოსლვითგან წელთა ჩფჲჱ (1568), ინდიკტიონსა ია (11), ხოლო ჩუენ ზედა მეუფებასა ქრისტეს ღვთისა ჩუენისასა.
)
  • ბიჭვინთის ღვთისმშობელი, ჟურ. მრევლი, № 148, 2011, გვ. 35
  • Церетели Г.Е. - Полное собрание надписей на стенах и камнях и приписок в рукописях Гелатского монастыря - N 7 - 1891 - გვ.244-245
  • ა. ცაგარელი - Сведения о памятниках грузинской письменности - Том 1 - вып. 3 - 1894 - გვ.42
  • თედო ჟორდანია, ქრონიკები, წ. II, 1897, გვ. 411
  • ლომინაძე ბ., ბიჭვინტის ხატის 1568 წლის წარწერა, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1960, ნაკვ. 33
  • ქორიძე თ., აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) საკათალიკოსოს მფარველი ხატი, „საქართველოს საპატრიარქო“, 1999, №1;
  • ქორიძე თ., ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატი, თბილისის სახელმწ. უნ-ტის შრომები, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, 1996, №321.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]